ადვოკატი: მამა გიორგის ბრალად შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება

0
389

ადვოკატის, მამუკა ნოზაძის თქმით, დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძეს ბრალად არა პატრიარქის ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა ედება. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ნოზაძის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის მითითებული შორენა თეთრუაშვილის გვარი.

”ასი პროცენტით დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მიმართ ბრალში არ ფიგურირებს ის ვერსია, რაც გააჟღერა გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს მთავარი პროკურატურა, ხალხი შეიყვანოს შეცდომაში და რატომ ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გიორგი მამალაძეს, ოფიციალურად, ბრალად ედება, ვითომდა, მან შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული შორენა თეთრუაშვილის გვარი. ანუ, სიმართლე არის ის, რომ არათუ მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, არამედ, დაბალი იერარქიის მღვდელზეც კი არ არის საუბარი. მე ეს ინფორმაცია მაქვს სანდო წყაროდან, ეს გახლავთ ოფიციალური ვერსია და სხვათა შორის, დღეს, როდესაც სახალხო დამცველმა მოინახულა ბრალდებული მამალაძე, მან კომენტარისას გაამყარა ეს ვერსია, რომ საერთოდ არ არის საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე. ეს ინფორმაცია მქონდა ჯერ კიდევ გუშინ. მე არ ვსაუბრობ ჩემს ვარაუდსა და ჩემს პირად ვერსიაზე, ვსაუბრობ იმაზე, რაც არის ოფიციალურად და თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროონ განჩინება და ასევე, ბრალდების დადგენილება“,- განაცხადა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ მამუკა ნოზაძე ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატი არ არის, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, მან ინფორმაცია სანდო წყაროსგან მოიპოვა. მამუკა ნოზაძე ეჭვქვეშ აყენებს გიორგი მამალაძის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ფაქტორსაც.

”ცალკე გავამახვილებ ყურადღებას მამალაძის ადვოკატთან დაკავშირებით. საინტერესოა, რატომ არ არის გარკვეული ის საკითხი, რომ საქმეში როგორ აღმოჩნდა ადვოკატი. ფაქტია, რომ იგი სახაზინო წესით არ იქნა დანიშნული, ამავდროულად, ოჯახი ადასტურებს, რომ მათ აუყვანეს ადვოკატი და ა.შ. მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, მაგრამ საზოგადოებაში რომ არ გაჩნდეს ის ეჭვი, რომ ადვოკატი პროკურატურამ მიუყვანა ბრალდებულს ან სხვა მსგავსი რამ, ამიტომ თავად უნდა განაცხადოს, ან დაასახელოს კონკრეტული პირი, ვინც იგი აიყვანა მამალაძის ადვოკატად. გასარკვევია ბევრი დეტალი, რომ შეიქმნას მკაფიო სურათი, რა მოხდა რეალურად“,- აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს სახალხო დამცველიც შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ისაუბრა.

წყარო: ტაბულა

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი