ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე

0
735

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

განათლების მინისტრი პედაგოგებს განვითარების სქემაში შეტანილ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი წლიდან დაინერგება.

„ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში შევა, იქნება პედაგოგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის მონოლოგის შემდეგ, პედაგოგების მხრიდან მხოლოდ ერთი შეკითხვა დაისვა.

მე-14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მინისტრს ჰკითხა: „თქვენ ამბობთ, რომ ყველა მასწავლებელი, ვინც მშობელს და მოსწავლეს არ მოსწონს, სკოლიდან უნდა წავიდეს. ჩემი მოსწავლეებიდან ნაწილს არ მოვწონვარ, იმიტომ, რომ მეტს ვითხოვ, ამის გამო ღიზიანდება მოსწავლე და არ ვუნდივარ, ამიტომ სკოლიდან უნდა წავიდე?“.

განათლების მინიტრმა მასწავლებელს უპასუხა: „თუ მოსწავლეებს არ უყვარხართ, მაშინ კი“, –  რასაც პედაგოგების აპლოდისმენტები მოჰყვა, – „ზედმეტი სიმკაცრე, მოთხოვნა აჯავრებს მოსწავლეს სწავლას. როგორც ჩანს, არ მიიღეთ ეს მოსაზრება, თუმცა, აუცილებლად წავალთ ამ მიმართულებით.  ბავშვს თუ მასწავლებელი არ უყვარს, შანსი არ არის. ძალიან მომთხოვნი მასწავლებლები ვიცი, ტყავს რომ აძრობენ მოსწავლეებს, მაგრამ 35-ივე ამბობს, რომ უყვარს და მოსწონს ეს მასწავლებელი. ამიტომ თქვენი ამოცანაა რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ“- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, სიმკაცრით ამ საუკუნეში არაფერი არ გამოვა: „ჩვენ გვჭირდება ისეთი პედაგოგები, რომლებიც სიმკაცრის და დაძალების გარეშე შეძლებენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ. მე თუ არ ვეყვარები ბავშვებს და მშობლებს, აღარ ვიქნები ამ თანამდებობაზე და თუ არც თქვენ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე“.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი