“არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია ეჭვმიტანილი”

0
213

საზოგადოება გამოძიებას არ ენდობა და ხელისუფლებას დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებასა და შემდეგ  მისი დის მკვლელობაში აფხაზეთის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია ეჭვმიტანილი, რამაც აფხაზეთის საზოგადოება კრიმინალის დაუსჯელობის წინააღმდეგ  საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა.

გაუპატიურებაში ბრალდებული ასტამურ ჯოპუა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით, ის ჯაგმაზიების ოჯახში ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და იარაღის მუქარით წაიყვანა 14 წლის ლიანა, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი აქვს დასმული. მან გოგონა სოფელ ეშერაში, მიტოვებული სპორტბაზის შენობაში მიიყვანა, იქ პისტოლეტიდან გასროლით დააშინა და გააუპატიურა.

ამის შემდეგ, მალევე სოხუმის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ლიანას და – ოცდაორი წლის ანჯელა ჯაგმაზია, რომელიც ასტამურ ჯოპუას ნაცნობი იყო. ორი შვილის დედას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.ანჯელას მკვლელობაში ეჭვმიტანილია გოგონების მამა – რუსლან ჯაგმაზია. მასზე გამოცხადებულია ძებნა. აფხაზური პრესა არ წერს მიზეზს, რის გამოც მამას შეეძლო შვილი მოეკლა.

 

ამ საზარელ ისტორიას სხვა კონტექსტიც აქვს. ასტამურ ჯოპუას ოჯახი ე.წ. აფხაზური ელიტის წარმომადგენელია: მისი ძმა ალმასი – პარლამენტის დეპუტატია, პარტია „აინარის“ ლიდერი; მისი მამიდა ტალი ჯოპუა სახელმწიფო ტელერადიოკომპანიას ხელმძღვანელობს. ტალის მეუღლეა – შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია.

ასტამურ ჯოპუა ხელისუფლებას თავად ჩაბარდა, თუმცა ბრალს არ აღიარებს. ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზეც. საზოგადოება სულ უფრო ხმამაღლა მსჯელობს იმაზე, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები კრიმინალურ სიტუაციას ვერ უმკლავდებიან და ხშირ შემთხვევაში, დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

„სამართალდამცავი სისტემა აუცილებლად მთლიანად უნდა გარდაიქმნას. ამ სისტემამ სრული შეუმდგარობა გამოავლინა, – ამბობს აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი არდა ინალ-იპა. – ხშირად არაობიექტური გამოძიება ტარდება, მოწმეების ჩვენებების გაყალბებითა და განადგურებით. არის შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ნათესავებს პასუხისმგებლობას არიდებენ. მიმაჩნია, რომ კომისია უნდა შედგეს კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებსაც უფლება ექნებათ მასალებს გაეცნონ, და პარლამენტს კითხვები დაუსვან“.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გავლენიანი ნათესავები ასტამურისთვის მფარველობის გაწევას არ ცდილობენ. მისი მამიდა – ტალი ჯოპუა თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ტალის მეუღლემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი, ვითარების ორაზროვნების გამო, გადაწყვიტა არ შეეწყვიტა შვებულება, რომელშიც უკვე ათ დღეზე მეტი ხანია იმყოფება.

ბრალდებულის ძმამ, დეპუტატმა ალმას ჯოპუამ ერთ-ერთი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ბოლო რამდენიმე დღე ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა… ბავშვის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება, განურჩევლად მისი სოციალური სტატუსისა, ეროვნებისა და ნათესაური კავშირებისა, არსებულთაგან ყველაზე მკაცრი სასჯელით უნდა დაისაჯოს“.

სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წრმომადგენელმა ქალებმა საგანგებო განცხადებით მიმართეს პარლამენტს და ასევე ორშაბათს, 19 ივნისს პირადადაც შეხვდნენ დეპუტატებს.

„დაუსჯელობის სინდრომმა იმ ზღვარს მიაღწია, რომელიც უკვე დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. თუკი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მისი უფროსი დის მკვლელობა დაუსჯელი დარჩება, ჩვენი საზოგადოების გახრწნის პროცესი უკვე შეუქცევადი გახდება. მოვითხოვთ, რომ ეროვნულმა კრებამ შექმნას სპეციალური კომისია, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლებიც შევლენ და გამოძიების მსვლელობას გააკონტროლებენ.

19 ივნისს ამ ორ დანაშაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ:

„არავითარი დანდობა, არავითარი გამართლება არ უნდა იყოს! რათა არავის გაუჩნდეს აზრი, თითქოს აქ ვინმე ვიღაცის დაცვას ცდილობს,” – განაცხადა მან.

წყარო: jam-news.net

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი