ბავშვთა სამყაროს შენობიდან ამ დრომდე კვამლი ამოდის

0
223

ორდღიანი ბრძოლის მიუხედავად, რამდენიმე ადგილზე კვლავ რჩება ცეცხლის კერა. უკვე მეორე დღეა, ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

ამ დრომდე შენობაში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ მეხანძრეებს. მათ საცავებიდან შენახული ოქროსა და ვერცხლის ნივთები გამომძიებლის თანხლებით გამოიტანეს.

ოქროთი მოვაჭრეების მსგავსად მთავრობის მიმართ მოთხოვნები ჰქონდათ სხვა პროდუქციის გამყიდველებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ კუთვნილი ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ დაპირება ბავშვთა სამყაროს ტერიტორიის მიმდებარედ შეკრებილმა მოვაჭრეებმა თბილისის ვიცე მერისგან, მოგვიანებით კი ერთ-ერთი აქციონერის და ბავშვთა სამყაროს დირექტორის, გიორგი მაჭავარიანისგან, მიიღეს.

მოვაჭრეებს ამ დრომდე არ აქვთ პასუხი იმ კითხვაზე, რა გახდა ხანძრის მიზეზი. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ცეცხლი სავაჭრო ცენტრში განზრახ გააჩინეს. მომხდარს ბიზნესინტერესს უკავშირებს ბავშვთა სამყაროს ერთ-ერთი აქციონერიც.

ბავშვთა სამყაროს შენობასთან ამ დრომდე რჩება და განაგრძობს მუშაობას სახანძრო სამსახური.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი