ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS გაყიდა

0
276

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა ტელეკომპანია ჯი-დი-ესის წილის 100% იყიდა. შესაბამისი გარიგება რეესტრში 28 იანვარსაა ასახული.

GDS-ის 100% ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა იყიდა ბერა ივანიშვილისგან. ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელი ინა გუდავაძეა.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები გარიგების ფასზე მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოილაპარაკებენ.

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა ინა გუდავაძემ 2016 წლის 27 დეკემბერს განაცხადა , რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა. ინა გუდავაძის თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარკაებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

“მედიაჰოლდინგი “იმედი” მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგ იმედის შემადგენელი ნაწილი. ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მსფლობელის საკუთრებაში”, – ნათქვამია მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელის, ინა გუდავაძის განცხადებაში.

ტელკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ინა გუდავაძის ამ განცხადებამდე ნეტგაზეთს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ “ფაქტობრივად მიღწეულია” შეთანხმება მედიაჰოლდინგის შექმნაზე, რომელშიც ტელეკომპანიები: იმედი, მაესტრო და ჯი-დი-ესი გაერთიანდებიან. თუმცა, როგორც გაჩეჩილაძემ ნეტგაზეთს მაშინ განუცხადა, საუბარი არ იყო იმის შესახებ, რომ იმედი მაესტროსა და ჯი-დი-ესის წილებს ყიდულობდა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ტელეკომპანიების მესაკუთრეები არ იცვლებოდნენ.

ინა გუდავაძის განცხადების შემდეგ ნეტგაზეთი კვლავ დაუკავშირდა გაჩეჩილაძეს, რომელმაც ამჟამად უკვე განაცხადა, რომ ინა გუდავაძეს თავისი აქციები გადასცა და სწორედ ეს გვითხრა თავის დროზეც. კითხვას, უსასყიდლოდ გადასცა თუ არა არა მან აქციები მედიაჰოლდინგ იმედს, გაჩეჩილაძემ უპასუხა- “უსასყიდლოდ რამე ხდება?”.

 

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი