ბრძოლა რუსთავი2-ის დასაცავად – კვირას, სამის ნახევარზე, ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე – ნიკა გვარამია

0
519

“კვირას, სამის ნახევარზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე და ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას,” – ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, კვირას, 14:30 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანიის თანამშრომლები სიტყვის თავისუფლების, რუსთავი2-ის დამოუკიდებლობის დასაცავად შეიკრიბებიან.

გვარამიას განცხადებით, დღეს არა მხოლოდ რუსთავი2-ის არამედ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების ბედი წყდება.

რუსთავი2-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით, ამ დღეებში გადაწყდება რუსთავი2-ის თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის და მისის მომავლის ბედი. ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული, ეს მედიაკომპონენტია მათზე ზეწოლის, მაგრამ არა მხოლოდ მედიის მეშვეობით ხდება ზეწოლა.

“ამიტომ ჩვენ, რუსთავიორელებმა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – კვირას, სამის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე, ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. მოვითხოვთ იმას, რაც მოგვანიჭა სახელმწიფომ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი, ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსთავი2, ვინც უყურებს რუსთავი2-ს, ვისაც უყვარს რუსთავი2,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან რუსთავი2-ის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია.

„დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად მიიტანოს შეტევა რუსთავი2-ზე, მის ხელმძღვანელზე, ჟურნალისტებზე იმისთვის, რომ გეგმა, რომ ხელში ჩაიგდონ რუსთავი2, ბოლომდე მიიყვანონ,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ, თუ ნიკა გვარამიას ბრალს წაუყენებენ, ეს საკმაოდ ძვირი პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება უმრავლესობისთვის.

„მათი მთავარი მიზანია საკუთარი ინტერესების დაცვა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

ხელისუფლების მიზანმიმართული და ღია ბრძოლა მედიის წინააღმდეგ, – ასე აფასებენ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს არასაპარლამენტო ოპოზიციაში.

„ეს არის ძალიან ცუდი თამაში, ამის უკან ერთადერთი რამ შეიძლება იყოს და ეს არის მედიასაშუალების ხელში ჩაგდება. ძალიან ცუდია, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველო ამ გზას დაადგა,“ – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ახალი საქართველოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროკურატურა პოლიტიკურ მითითებებს ასრულებს.

ხალი მემარჯვენეების თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის, თქმით, რუსთავი2 ხელისუფლებისთვის არასასურველია და ამიტომ „გრძელდება ბრძოლა მის გასანეიტრალებლად“.

პარტია რეფორმატორების თავმჯდომარის, ირაკლი ღლონტის, თქმით, ნიკა გვარამიას შსს-ში დაბარება პირდაპირ უკავშირდება რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლას.

ახალი საქართველოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ხელისუფლების მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლაზე საუბრობს.

დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიას თქმით, ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, სამი პირი ფიგურირებს.

„დღეს იყო საუბარი ერთი ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელსაც შეეძლო, რამისთვის მიეღწია, მაგრამ ვგონებ, გვიანია, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც ის პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაპატიმრება მოითხოვა.

“ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული და ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის, ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მე-3 პირს. ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ვესაუბრები რუსთავი2-ის ვალებზე.

“ის მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას . მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს პროკურატურა ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა რუსთავი2-ში იმიტომ, რომ ჩვენ მას მერე ვალი არ აგვიღია და ერთ-ერთ ვერსია იქნებოდა ვალებით გაგუდვა, რაზეც მე ვპასუხობ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ, ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას და იქედან ვაპირებთ ამ ვალების გასტუმრებას,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა მისი ინიციატივით არ მომხდარა.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას იყენებს და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაბარების ფაქტს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. საქმე ეხება ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

მამუკა მდინარაძე ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტყუილში ადანაშაულებს.

„ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გვარამია იტყუებდა, როდესაც ამბობდა, თითქოს ჩანაწერი იყო ნაწილობრივ ავთენტური. ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მიზანი – კონკრეტული დეტალების აღიარება არ სურდა. დღეს ნათელი ხდება, რომ მთელი პიარკამპანია, რაც აქამდე აწარმოა და, რასაც დღესაც აწარმოებს, სწორედ ამის გადასაფარად იყო,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გიორგი ვოლსკი ყურადღებას ტექსტის ავთენტურობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებია მნიშვნელოვანი.

„მთავარი მაინც არის ის, რომელი ტექსტის რომელი ნაწილია ავთენტური, სადაც თანხებზეა საუბარი, თუ სადაც დანაშაულებრივ ქმედებებზეა საუბარი, თუ რომელ ნაწილზეა ძირითადი აქცენტი გაკეთებული. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სწორი იქნება, რომ საზოგადოებამაც გაიგოს  და არა მარტო ნიკა გვარამიამ იმის თაობაზე, თუ რას ამბობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაბარებას ოპოზიციის წევრები აკრიტიკებენ და ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის ინტერესი რუსთავი2-ის განეიტრალებაა.

„ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ბოლო დავალებების შესრულებაზე. ეს დავალება იმთავითვე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, იყო რუსთავი2-ის პირველ რიგში განეიტრალება და ამ მიზანს ემსახურებოდა სწორედ, როდესაც გვარამია პირველად იქნა დაკავებული. უბრალოდ, მაში ჯერ კონსტიტუციური უმრავლესობა მხარს არ უმაგრებდა,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, უმრავლესობას სამართალდამცავებისთვის ნიკა გვარამიაზე ზეწოლის მოხდენის მოწოდებისთვის აკრიტიკებს.

„მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამ პრინციპებით სარგებლობს, დღეს ეს დემონსტრაციულად გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა, მისცა პირდაპირი დავალება სამართალდამცავებს ნიკა გვარამიაზე ზეწოლის განხორციელების,“ – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი ქართულ ოცნებას უსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლესა და თბილისის მერიას შორის დადებული კორუფციული გარიგების გამართლების მცდელობაში ადანაშაულებს.

„თუ ხელისუფლებას უნდა, რომ კრიმინალის და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლოს, სწორედ ამ ქეისს უნდა გაყვეს, მაგრამ მე არ მომისმენია არცერთი ეჭვიც კი ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული, რომ ნაზღაიძის საქმეში რაიმე შეიძლება იყოს გამოსაძიებელი,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კურიერის ეთერში ირმა ნადირაშვილმა ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიის წინაღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ამგვარი ქმედებებით მედიასაც და მოსამართლეებსაც უჩვენებს, რა მოხდება თუ მათ ნებას არ დაემორჩილებიან.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ნიკა გვარამიას შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაბარებას ხელიუსუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების კიდევ ერთ მაგალითად ხედავს.

„პირდაპირ ხელისუფელება ნიკა გვარამიას მაგალითზე მოსამართლეებსაც აჩვენებს რა შეიძლება მოყვეს მათთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს, რა შეიძება მოყვეს ხელსიფულების დაუმორჩლებლობას,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საქართველო უერთდება ნიკა გვარამიას მოწოდებას და კვირას, 14:30 საათზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისთვის მზადაა.

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ნიკა გვარამიას შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაბარებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამას სამართლიანობასთან და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გიორგი გუგავა ამ ყველაფერში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

„ეს რომ პოლიტიკური პროცესია ამაზე მეტყველებს, არანაირი დასტური არ ჭირდება, მათი ქმედებები, ხელისუფლების ქმედება, როდესაც უმრავლესობის ლიდერი, ახალი ბორის ძნელაძე გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა და დავალება მისცა პროკურატურას იმის შესახებ, რომ დააპატიმრონ ბატონი გვარამია, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივია, იმ ქმედებების განხორციელებაში, რასაც ქვია რუსთავი 2-ის მიტაცება, რაც წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის ბურთს, თავისუფლების სარკმელს და სწორედ აქ გადის დემოკრატიის ხაზი,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

რუსთავი 2-ის ეთერში ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაშანტაჟებას ცდილობს. გიორგი გუგავამ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე გამახვილა ყურადღება.

„როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ყველაფერი სოლოლაკელ მბრძანებელს და გადაწყვიტა, რომ პირდაპირი კავალერისტული შეტევა გაანხორციელოს რუსთავი 2-ზე და ბოლომდე გადაწყვიტოს ამ ტელევიზიის საქმე,“ – აცხადებს გიორგი გუგავა.

გიორგი გუგავას თქმით, რუსთავი 2-ისდასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი