განაცხადის შეტანისთანავე დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა

0
350

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს იმ ახალი რეგულაციის შესახებ აფრთხილებს, რომელიც ისრაელში 17 აპრილიდან ამოქმედდება.

საუბარია ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებაზე თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ახალი რეგულაცია გულისხმობს, რომ თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა. როგორც ტაბატაძემ განმარტა, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითად შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ.

 „17 აპრილიდან ისრაელი აამოქმედებს ახალ რეგულაციას, რომელიც მიიღო შს მინისტრმა. ჩვენი მოქალაქე როგორც კი შეიტანს განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნაზე, განხილვის პროცესში დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურები. თუ ადრე მოქალაქეებს ეძლეოდათ საშუალება განაცხადზე მიღებული უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა და ამ საშუალებას არ იყენებდნენ, ახალი რეგულაციით, ასეთი განაცხადის შეტანისთანავე დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა. ეს პროცედურა დასრულდება მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან მათი განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში. ისრაელმა ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შესაბამისად, არამიზნობრივი განაცხადების განხილვა ხდება. აქედან გამომდინარე, ისრაელის მხარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტაბატაძემ.

წყარო: tzona.org

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი