დედავ, სანამ ცოცხალი ხარ, შვილისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია

0
323
გულწრფელი დედობრივი ლოცვით უნდა გამოითხოვოთ თქვენი ვაჟისთვის რწმენის ნიჭი
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)
(წერილები)

უფლის მიერ ძვირფასო ნ!
თქვენი ვაჟი ოცდაათი წლის გახდა, მაგრამ რამდენჯერ მივიდა ღმერთთან წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობით? წადით ტაძარში! აღსარება თქვით, განიწმინდეთ, ეზიარეთ, ზეთი იცხეთ. რაც მის თავს ხდება, ეს ხომ ეშმაკის შეპყრობილებაა, ამ დროს ადამიანს მხოლოდ ლოცვა შეუძლია, შეწევნა კი მარტო ღვთისგანაა. ილოცეთ თქვენც დედობრივი ლოცვით, შვილისთვის. მის სახელზე სეფისკვერი შეგზავნეთ ლიტურგიაზე.
წადით ტაძარში!

უფლის მიერ ძვირფასო ე!
თქვენთვის და თქვენი ავადმყოფობით გატანჯული ვაჟებისთვის ვლოცულობ, მაგრამ მიჭირს დახმარება, რადგან არც ერთი ღმერთს არ აღიარებს, ჯანმრთელობის ერთადერთ წყაროს. გულითადად ილოცეთ მათთვის თქვენი დედობრივი ლოცვით. რა თქმა უნდა, ძალით ტაძარში ნუ წაიყვანთ – რწმენის გარეშე ადამიანისთვის ყველა საღმრთო საიდუმლოება უმოქმედოა. კვირაში ერთხელ მაინც წაიკითხეთ “ლოცვა ავადმყოფსა ზედა” და ამგვარი სიტყვებით ილოცეთ: ღმერთო, შენ ყოველივე უწყი, სიყვარული შენი სრულყოფილია. მიირქვი ხელთა შენთა სიცოცხლე ჩემი ავადმყოფობით გატანჯული შვილებისა და შეეწიე მათ ისე, როგორც მე მსურს, მაგრამ არ შემიძლია. ამინ”. ჩვენც ვილოცებთ, მაგრამ ეს მხოლოდ შეეწევა თქვენს დედობრივ ლოცვას.
განგაძლიეროთ ღმერთმა მოთმინებაში.

ძვირფასო ვ.ვ!
დიდსულოვნად მაპატიეთ, რომ პასუხი ძალიან დაგიგვიანეთ. თავს მხოლოდ იმით ვიმართლებ, რომ მოვხუცდი, წერილები კი უამრავია.

მხოლოდ იმით შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ წერილის მიღების წამიდან ვლოცულობ მისი ავტორისათვის, პასუხს კი მაშინ ვცემ, როცა ამის საშუალება მეძლევა. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის, ა-ს კი ნურაფრისკენ ნუ უბიძგებთ. დედის ლოცვით უფალი ყველაფერს საიმედოდ და სწორად მოიმოქმედებს. ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან, ათასნაირია ცხოვრებისეული გზა, ასევე სხვადასხვანაირია ღვთისკენ სავალი ბილიკი. კარგია, როცა კაცი სტერეოტიპის მიხედვით არ მოქმედებს და მაშინვე არ აირჩევს თავის გზას.
ღმერთმა გაკურთხოთ თქვენ და თქვენი ვაჟი.

უფლის მიერ ძვირფასო ე!
მივიღე თქვენი წერილი. ლოცვა მთხოვე და ვასრულებ კიდეც. გულწრფელი დედობრივი ლოცვით უნდა გამოითხოვოთ თქვენი ვაჟისთვის რწმენის ნიჭი. შეიძლება ყველაფერი იცოდე და ღმერთს არ სცნობდე, მაშინ ცხოვრება უსიხარულო იქნება და მტერიც დაეუფლება ადამიანს. უმთავრესზე არაფერს მწერთ: ეკლესიურები თუ არიან თქვენი შვილები, ეზიარებიან თუ არა? სამწუხაროდ, არა. უბედურების სათავეც ესაა. მხოლოდ ლოცვას შეუძლია დახმარება. უნდა იცხოვრო ღმერთთან ერთობაში.
განგაბრძნოთ უფალმა!

უფლის მიერ ძვირფასო ნ!
თქვენი ვაჟისთვის ყველაფერი სწორად გააკეთეთ: ლოცვაც და კვეთაში მოხსენიებაც გარდაცვალების დღიდანვე უნდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია გარდაცვლილისთვის, პირველ ორმოც დღეს ხომ მას ნამდვილი დახმარება უნდა, რადგან კაცი უხილავ ქვეყანაში მოხვდა. დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ლიტურგიაზე მოხსენიება, როცა პროსკომიდიაზე მიცვალებულის სახელზე სეფისკვერიდან ნაწილი იკვეთება.

აღგისრულებ თხოვნას, ვილოცებ თქვენთვის, შვილიშვილისთვის და, რა თქმა უნდა, ვაჟისთვის. ნუ მიეცემით იმაზე ფიქრს, თუ რა, საიდან და როგორ ხდება, რადგან უნუგეშო დასკვნამდე მივალთ. სოფელმა დაივიწყა ღმერთი და მასში სატანა მეჯლისს მართავს.

მაგრამ ახლოსაა უფალი, თქვენთან კი – განსაკუთრებით, რადგან მწუხარება და გატანჯული გულის ლოცვითი ღაღადისი ღვთის მოწყალებას მოდრეკს ჩვენზე. არ დაგავიწყდეთ, სანამ ცოცხალი ხართ, დედობრივი ლოცვით თქვენი კ. საჭირო შეწევნას მიიღებს. ახლა კი იზრუნეთ ე-ზეც (შვილიშვილზე, – კ.კ.), რომ მას მისცეთ ის, რაც ვაჟს ვერ მიეცით – ღვთის რწმენა და სასოება.
განგაბრძნოთ უფალმა!

უფლის მიერ ძვირფასო ტ!
ლოცვაზე უარს ვერავის ვეტყვი, რჩევებისგან კი თავს შევიკავებ. ილოცეთ თქვენც თქვენი ვაჟისთვის, რამეთუ ვერ ჩაიქრობთ დანაშაულის გრძნობას. ჩემი ლოცვა მხოლოდ შეეწევა თქვენს დედობრივ ლოცვას. ღვთის მოწყალებამ არაერთხელ დაგიფარათ თქვენ და თქვენი ვაჟი, სანამ ის ამის დაფასებას არ ისწავლის, მოუწევს, ამ გულგრილობის გამო მოწეული სასჯელის სიმძიმილის დათმენა.
განგაძლიეროთ უფალმა!

მხევალო ღვთისა გ!
აღგისრულებ თხოვნას და ვილოცებ დამწუხრებული ყველა თქვენი ახლობლისთვის. ახლა მხოლოდ ლოცვას და ისიც დროებით შეუძლია შეამსუბუქოს უდროო სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. კარგია, თუ ხშირად შეგზავნით წირვაზე მოსახსენებელს. აი, მივაღწიეთ მოციქულთა ნათქვამის აღსრულებამდეც – მძიმე დრო დაგვიდგებაო. ასეცაა, რადგან ძალზე ცოტა დარჩა წმინდა გულით და რწმენით მავედრებელი და უფალში მცხოვრები. თქვენც დაგიდგათ ჟამი, დედობრივი ლოცვით შეუმსუბუქოთ ტკივილი ახალგაზრდებს.
განგაძლიეროთ უფალმა!

უფლის მიერ ძვირფასო ა!
ილოცეთ თქვენი დაღუპული ვაჟისთვის და ნუ გამოიკვლევთ ღვთის გზებს. მეკითხებით, სად არის ჩემი გარდაცვლილი ვაჟიო. ამაზე თვითონ იფიქრეთ! თუ ის ღვთის სჯულით ცხოვრობდა, ლოცულობდა ღვთის მიმართ და ეზიარებოდა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს, მაშინ უკეთესი ხვედრის იმედი გქონდეთ. თუ არა, მაშინ, წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვისაებრ, “არა მგონია, ვინმე გადარჩეს ამგვარი სულიერი მდგომარეობით”. მაგრამ ერთი რამ იცოდეთ: დედავ, სანამ ცოცხალი ხარ, შვილისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. ილოცე, მის სახელზე მოწყალება გაეცი და მოსახსენებელი შეგზავნე ლიტურგიაზე. ღვთის წინაშე მკვდარი არავინაა, ყველა ცოცხალია.

უფლის მიერ ძვირფასო ვ. მ-ს ასულო!
გისრულებთ თხოვნას – ვლოცულობ თქვენთვის და თქვენი ვაჟისთვის. ორმოცდღიანი მოხსენიებისთვის. ჩაგწერეთ მონასტრის მოსახსენებელში, ასევე – ორმოც ლიტურგიაზე. ყოველ წირვაზე თქვენს სახელზე სეფისკვერიდან ნაწილი ამოიკვეთება. თქვენი შვილის მომავალზე კი ვიტყვი – მიანდეთ თქვენი მწუხარება უფალს, მასზე უკეთესად ვერავინ დაგეხმარებათ. ლოცვის სწავლის დაწყება შეიძლება. არა მხოლოდ ენით, გულით მიმართეთ უფალს. თქვენს ვაჟზე ლოცვას შიში გასწავლით.
ილოცეთ, უფალი გისმენთ.

ძვირფასო ტ!
ილოცეთ თქვენი შვილებისთვის და რითიც შეგიძლიათ, დაეხმარეთ. მათ ორივეს ჯერ ცხოვრება არ უსწავლიათ და არც ჭეშმარიტი ფასეულობებისა უწყიან რამე, ამიტომაც თქვენი რჩევები მათ ახლა ვერ დაეხმარება, ლოცვა კი, მათთვის საიდუმლოდ აღვლენილი, შეურბილებს გასასტიკებულ გულებს. მე ახლა სხვებს ლოცვითღა შევეწევი და ვნახე, რომ ეს ყველაზე ქმედითი დახმარებაა.
განგაბრძნოთ ღმერთმა.

უფლის მიერ ძვირფასო ლ!
მიცვალებულებში მოიხსენიეთ თქვენი ვაჟი, თუ ის მონათლული იყო, მისთვის მოსახსენებელი შეაგზავნეთ წირვაზე და პანაშვიდზე. მთები, ისევე როგორც ზღვა, თავიანთ მსხვერპლს ყლაპავენ და არ აბრუნებენ.

ძნელია დედისთვის ვაჟის სიკვდილის დაჯერება, მას ხომ აღარ შემორჩა ძვირფასი საფლავი. იმით ინუგეშეთ, რომ ღვთის წინაშე მკვდარი არავინაა და ყველა ცოცხალია.

აი როგორი იქნება ჩვენთვის მარადისობა, ამაზე კი უნდა ვიფიქროთ. ილოცეთ ვაჟზე. თუ ის ღვთისგან შორს იყო, მაშინ თქვენი მიწიერი ცხოვრება მასზე ლოცვაში უნდა განილიოს.

უფლის მიერ ძვირფასო ნ!
თქვენი ვაჟის ავადმყოფობა სულიერია. ის ბნელმა ძალებმა დაიმორჩილეს, მათ ძალადობას კი ღვინით არა თუ ვერ დააცხრობ, არამედ ცეცხლზე ნავთს დაასხამ. საჭიროა ვ-მ მთელი ცხოვრების ცოდვები აღიაროს, ზეთი იცხოს და ეზიაროს ორი კვირის მერე.

მხოლოდ ღვთის შეწევნას, ვ-ზე ლოცვის საპასუხოდ, შეუძლია შეუმსუბუქოს ავადმყოფობის სიმძიმე. ილოცეთ თქვენს ვაჟზე, დედის ლოცვა ხომ შვილებს მთელი ცხოვრება შეეწევა. განგაბრძნოთ ღმერთმა და განგაძლიეროთ.

უფლის მიერ ძვირფასო ლ!
ვლოცულობ თქვენი თხოვნისაებრ. მაგრამ როგორ შეეწევი, თუ ავადმყოფი თვითონ არ მიმართავს ღმერთს? იყო კი ი. ამგვარად აღზრდილი? სულიერი დახმარება მაშინ მოქმედებს, თუ ის აღსარების, ზეთის ცხების და ზიარების წმინდა საიდუმლოთა ძალით არის გამყარებული. თუ ასე არ არის, მაშინ ეშმაკი თავისუფლად მოქმედებს და ადამიანს მის წინააღმდეგ საკუთარი ძალით ბრძოლა არ შეუძლია.

ილოცეთ თქვენი ქალიშვილისთვის, დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს. გაყრა საქმეს ვერ შეცვლის, უბედურების თავიდათავი ი-ა და არა მისი ქმარი. ერთ ქმარს გაეყრება და უკეთესის ძებნაში ბევრს გამოიცვლის.

ევედრეთ წმინდა ბონიფანტეს და ღვთისმშობლის ხატს “შეუსმელ ბარძიმს”. სასოს ნუ წარიკვეთთ, რადგან სწორედ ეს ართმევს ძალას თქვენს ლოცვას. ფხიზლად უნდა იყოთ.
განგაძლიეროთ ღმერთმა.

უფლის მიერ ძვირფასო ნ!
ვლოცულობ თხოვნისაებრ თქვენთვის და თქვენი ქალიშვილისთვის. დაე, ნუ გაგისასტიკდებათ გული თავს მოწევნული განსაცდელის ჟამს. ილოცეთ შვილზე, დაფიქრდით, თქვენი შეცდომები ხომ არაა მიზეზი იმისა, რაც მის თავს ხდება? მაშინ ლოცვა უფრო მსუბუქი იქნება და ურთიერთობებიც მოწესრიგდება.

უფლის მიერ ძვირფასებო – ლ. და ნ!
თქვენი ვაჟისთვის ხშირად უნდა შეგზავნოთ მოსახსენებელი ლიტურგიაზე და ჯანმრთელობის პარაკლისზე. ის, რომ “წინასწარმეტყველ-ნათელმხილველს” მიმართეთ, მხოლოდ ართულებს მდგომარეობას, რადგან ეს დემონურ ძალებთან ურთიერთობაა, ამით კი თქვენ და თქვენი ვაჟი მათ საშინელ ხელმწიფებაში ცვივდებით. ეს აუცილებლად უნდა შეინანოთ.

ილოცეთ ვაჟისთვის: “ღმერთო, შენ ყოველივე უწყი და სიყვარული შენი სრულყოფილია, მიირქვი ხელთა შენთა სიცოცხლე ჩვენი ვაჟისა და შეეწია იმგვარად, როგორც ჩვენ გვსურს დახმარება, მაგრამ არ ძალგვიძს”.

უფლის მიერ ძვირფასო ნ!
არა, თქვენი ვაჟი ღვთის სამყაროში ყამირი მიწით შევიდა. განა მემკვიდრეობით მიღებულმა ეკალ-ბარდებმა უმნიშვნელოდ ავნო მას. ყრმა გაიზარდა, თქვენ, სკოლამ, საზოგადოებამ მასში თქვენი თესლი ჩათესეთ.

და აი შედეგიც, მარტოკაცს ცხოვრებისეული ღვარძლის და საკუთარი ვნებების აღმოფხვრა არ შეუძლია. ღმერთზე ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ სულ მცირე ხნის წინ შეიტყო, მაგრამ ყველას არ ძალუძს მოსმენილის აღქმა. ილოცეთ ვაჟისთვის. ღმერთი შეისმენს დედის ლოცვას, ჩემი ლოცვა მხოლოდ შეეწევა თქვენსას. დღეს ჩვენს საზოგადოებაში პარადოქსული ამბები ხდება: ერთ ოჯახში ბავშვების მეშვეობით შედის უფალი და სარწმუნოება, სხვაგან კი ბავშვების დახმარებით შეიჭრება მტერი და უთანხმოება.

მაგრამ იმედის დაკარგვა არ შეიძლება, ღმერთი ძლიერია და ძალუძს კეთროვანის განკურნება. საჭიროა შრომა და მოთმინება.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი