ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით აფხაზები არ ისარგებლებენ

0
342

ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროპარლამენტის დღევანდელ, 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას და ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აფხაზური მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას აფასებს, როგორც ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობას, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს.

“ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გეგმის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. თბილისის ეს ახალი მცდელობა უდავოდ განწირულია ჩასავარდნად. თუკი საქართველოს ხელმძღვანელობა გულწრფელად ღელავს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხზე, უარი უნდა თქვას საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკისგან, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან”.

აქვე აფხაზური მხარე ევროპულ სტუქტურებსაც მოუწოდებს, უარი თქვან ქართული მხარის პოლიტიკის მხარდაჭერისგან და დეიზოლაციის მიმართულებით რეალური ზომები მიიღონ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებაზე დღესვე განცახდებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი