ვინ მონაწილეობდა ჟურნალისტის გატაცების საქმეში ? რა ხდება საქართველოში ?

0
182

თბილისის ცენტრიდან დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების სამარცხვინო საქმის გამო, პრემიერი საერთაშორისო ზეწოლისა და კრიტიკის მოლოდინშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია, რომელიც ფარულად და უკანონოდ ჩატარდა, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ ერთობლივად დაგეგმეს.

არსებული მონაცემებით, კერძოდ, ქართულმა სპეცსამსახურმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ალიევის უკანონო ქონებაზე მასალებს აგროვებდა და დევნილობის გამო თბილისში ცხოვრობდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს – მანქანაში ჩატენეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ცემეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

აზერბაიჯანის სპეცსამსახურმა კი, აფგან მუხთარლი არალეგალურად გადაიყვანა საზრღვარზე და ბაქოში ჩაიყვანა. ადვოკატის განცხადებით მას გატეხილი აქვს ნეკნები და დაზიანებები აღენიშნება მთელ სხეულზე.

ჟურნალისტს, აზერბაიჯანის პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი ოდენობით შეტანის ბრალდება წაუყენა. მას გუშინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

იყო თუ არა, შეთანხმებული უკანონო სპეცოპერაცია კვირიკაშვილთან?

გამოცდილი დიპლომატი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს რომ „ეს ოპერაცია აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული პრემიერთან“.

იგივე აზრით აქვთ ევროპულ საქართველოსა და ზოგადად, ოპოზიციაში.

ჯერჯერობით, იმის ოფიციალური დადასტურება რომ თბილისის ცენტრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს პრემიერის თანხმობით იტაცებენ, არ მოიპოვება.

თუმცა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ მუხთარლის გატაცების ორგანიზატორი ქართული სპეცსამსახური, უფრო კონკრეტულად კი, შს სამინისტროს სპეციალური დანაყოფი იყო.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა როლი აქვს კვირიკაშვილს დევნილი ჟურნალისტის „მოპარვაში“, მაგრამ როგორც სახელმწიფო კანცელარიაში ირწმუნებიან, მას საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა შს მინისტრ მღებრიშვილთან, პოლიციის დღისადმი გამართული აღლუმის შემდეგ.

„პრემიერმა შს მინისტრს გადადგომა და საჯარო განმარტება მოსთხოვა“, – ასეთია კვირიკაშვილის ადმინისტრაციიდან გავრცელებული „მესიჯი“, რომელიც რასაკვირველია გადამოწმებას ექვემდებარება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ხმები, მღებრიშვილის ანზორ ჩუბინიძით ჩანაცვლების შესახებ ჯერ კიდევ მუხთარლის გატაცებამდე ვრცელდებოდა.

მღებრიშვილიც მოსალოდნელი გადადგომის მიზეზები

შს ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრის ხშირად შეუფერებელ საქციელზე პრესა არაერთხელ წერდა.

მაგალითად: მან „ბალასტი“ უწოდა პოლიციელთა ნაწილს, ხოლო პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციონერ დეპუტატს ქუჩური ელემენტებით დაუწყო საქმის გარჩევა: „ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო?“ – ასე მიმართა მან კახიძეს.

მღებრიშვილსვე ადანაშაულებენ საპატრულო პოლიციის გაუზარებელი მოქმედებების გამო გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეშიც, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო.

თუმცა, ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის გატაცების სამარცხვინო საქმეში გამოჩნდა, სულ სხვა კატეგორიისაა და ის საერთაშორისო მეგობრობის ყურადღებას იქცევს.

დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „ქეისი“ იმდენად შეფაშფოთებელი და დამაზიანებელია ჩვენი პატარა ქვეყნისათვის, რომ ამის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა ნომერ პირველი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც, რომელიც ყოველთვის გვიჭერს მხარს დემოკრატიასა და მედია პლურალიზმის განვითარებაში.

“ეს სერიოზული ბრალდებებია და მე ის მაღელვებს, ისევე როგორც ყველა ქართველს.

ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისაგან.

ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საქმის გარემოებებს.

ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა იან კელიმ.

აქციები იწყება?

„24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიიდან დაიკარგა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და შემდგომ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში.

მიგვაჩნია, რომ ის, რაც მოხდა, სრულიად ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქარველოში ჩამოიშალა უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემა. ეს კი პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

საქართველო ბრუნდება იმ ბნელ წარსულში, როდესაც ქუჩიდან ხალხის გატაცება იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ.

ერთადერთი ადეკვატური პასუხი და მოთხოვნაა შს მინისტრისა და სუსის ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადაყენება თანამდებობიდან“, – აცხადებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

თბილისის ცენტრიდან დევნილი ჟურნალისტის გატაცების გამო საპროტესტო აქციებს გეგმავენ არასამთავრობოები და უფლებადამცველები. ისინი, ისევე როგორც ოპოზიცია, უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

დიდი ნაბიჯი უკან – სიბნელისაკენ…

ადამიანების, მათ შორის უცხოელების თბილისის ცენტრიდან გატაცება მართლაც აქტუალური და ჩვეულებრივი მოვლენა იყო შევარდნაძის ბნელ და კრიმინალურ ეპოქაში.

მაგალითად: მაშინდელ საქართველოში, სახელმწიფო კანცელარიასთან მდებარე ბანკის შენობიდან კრიმინალებმა უცხოელი ბიზნესმენი, პიტერ შოუ გაიტაცეს, რომელიც რამდენიმე თვე პანკისის ხეობის ორმოში ჰყავდათ დამწყვდეული.

თბილისთან ახლოს, წყნეთიდან გაიტაცეს დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილიც. ისიც, ისევე როგორც პიტერ შოუ, პანკისში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით.

მაშინდელ საქართველოში თბილისის ერთერთი უბნიდან გაიტაცეს ამჟამინდელი ვიცე პრემიერის, კახი კალაძის ძმაც, რომელიც ვერაგულად მოკლეს.

ახლა კი, წლების შემდეგ, დედაქალაქის თითქოსდა დაცული ცენტრიდან მოიპარეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ისე გადაიყვანეს რომ ვერავინ შეამჩნია. მას პასპორტიც კი არ ჰქონდა თან.

წყარო: presa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი