ზეცაში გაფრენილი მხატვარი, რომელიც დაფასდა ყველგან, გარდა საკუთარი სამშობლოსი

0
286

მხატვარი, რომელიც დაფასდა ყველგან, გარდა საკუთარი სამშობლოსი.

ვიწრო წრეების გარდა თამუნა სირბილაძის შემოქმედების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ თითქმის არაფერი ან ძალიან მცირედი იცის.

თამუნა სირბილაძე 1971 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში მუსიკოსი დედის ნუნუ ღურჭუმელიას და ინჟინერი მამის ვახტანგ სირბილაძის ოჯახში.

მან ცხოვრება მის უფროს დასთან ქეთი სირბილაძესთან ერთად დაიწყო და გააგრძელა სიცოცხლის ბოლომდე.ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში, რომელიც ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობდა, თამუნა სირბილაძემ იმდენად მოაწონა თავი ბაღის მასწავლებელს საკუთარი ნამუშევრებით, რომ პედაგოგი ხშირად აწყობდა მის პერსონალურ გამოფენებებს.

ნამუშევრები შესრულებული იყო გუაშში და აკვარელის საღებავებით, ასევე მრავლად იყო წარმოდგენილი ფერადი ქაღალდებისგან გაკეთებული აპლიკაციები, რომელთაგან ერთ-ერთმა ჩვენამდეც მოაღწია.

1989 წელს თამუნამ დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა (ამჟამად პირველი კლასიკური გიმნაზია) და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1994 წელს, ფერწერის განხრით.აკადემიაში სწავლის და დამთავრების შემდგომ პერიოდში თამუნამ მიიღო მონაწილება სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში.ჰქონდა სოლოგამოფენა “ძველ გალერაში” და და იმ პერიოდისთვის სრულიად ინოვაციური პროექტი/პერფორმანსი “ავარია” თეატრალურ სარდაფში.სწავლის პერიდოში მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო მოქანდაკეთა ერთ-ერთ სიმპოზიუმში, რომელიც გაიმართა სამხატვრო აკადემიის ეზოში ღია ცის ქვეშ.მონაწილეთაგან მხოლოდ თამუნა იყო ქალი, რომელიც ქვისგან თლიდა ქვის ზარდაშხას. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი მისი როგორც მხატვრის, ფერმწერის ცხოვრებაში: ეცადა თავი გამოევლინა ქანდაკებაში. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა საკმაოდ დიდი ზომის ზარდახშა მაყურებელმა მოიწონა.

 

 

 

 

 

90იანი წლების საქართველოს მდგომარეობის გათვალისწინებით ადვილი მისახვედრია თუ რატომ გადაწყვიტა თამუნამ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. მხატვრის სრული რეალიზება იმ პერიოდის საქართველოში თითქმის სრულიად წარმოუდგენელი იყო და 1997 წელს თამუნამ ჩააბარა ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც გაიარა უმძიმესი გამოცდები, გაუძლო დიდ კონკურენციას და სწავლა დაიწყო ფრანც გრაფის სახელოსნოში.

ვენის აკადემიაში სტუდენტობის პირველივე წლებიდან თამუნა საკუთარი შემოქმედებით ძალიან ცნობილი და კრიტიკულად განწყობილი კურატორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.ფერწერასთან პარარელურად თამუნამ დაიწყო სხვადასხვა ინსტალაციების და ობიექტების შექმნა, თავი სცადა მედია და ვიდეო ხელოვნებაში.მისი გამორჩეული და არაორდინალური ხედვა არ გამოპარვია ცნობილ კურატორს კასპერ კონიგს და მან თამუნა ჯგუფურ გამოფენაში მიიწვია სხვა გამორჩეულ სტუდენტებთან ერთად (მინის ობიექტში ჩასმული ობობა).

ასევე მიიღო მონაწილეობა ავსტრიელი არქიტექტორის ჰაიდულფ გერნგროსის მიერ ჩატარებულ არქიტექტორთა სიმპოზიუმში ობიექტით “word is archhitecture”

 

 

 

 

2000 წელს თამუნამ ასისტენტადდაიწყო მუშაობა  შემდგომში ვენეციის ბიენალეს “ოქროს ლომის” მფლობელ ცნობილი ავსტრიელი მოქანდაკის ფრანც ვესტის სახელოსნოში.

მალე თამუნა ფრანც ვესტის მეუღლე და მისი შემოქმედების მუზაც გახდა. დაწყებული 2001 წლიდან დამთავრებული ფრანც ვესტის გარდაცვალებამდე 2012 წელს თამუნამ მონაწილეობა მიიღო მრავალ არტ-პროექტ/კოლაბორაციაში,: ეს იყო კედლის მხატვრობა, ფერწერა, მედია, ვიდეოარტი, ინსტალაციები.

2001-2007 წლებში ჩატარებული გამოფენებიდან მნიშვნელოვანი იყო Plakatentwürfe გიზელა კაპიტეინის გალერეაში კიოლნში, სადაც პირველად მოხატა უზარმაზარი კედელი მისთვის დამახასითებელი მწვანე ფერით და მასტეხინით შესრულებული ფართე ექსპრესიული მონახაზებით. ეს იყო დასაწყისი: ასეთივე კედელი მალევე მოხატა ფრანკფურტშიც და შემდეგ ცნობილი ფრანგი არტ კოლექციონერის ფრანსუა პინოს ვენეციის სასახლის “პალლაცო გრასის” ორი ოთახის ყველა კედელი. თამუნას მონაწილეობით ტარდებოდა გამოფენები ლონდონში,ავსტრიაში და სხვა.

2014 წელს მიუხედავად უმძიმესი ავადმყოფობისა და მკურნალობისა, თამუნა მუშაობს არანორმალურად ბევრს და პროდუქტიულად.

2015 წელს თებერვალში თამუნამ მიიღო მონაწილეობა კვლავ უგო რონდინონეს კურატორობით ჩატარებულ ჯგუფურ გამოფენაში სახელწოდებით Artists and Poets ვენის სესესიონის მუზეუმში, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ავსტრიელმა მხატვრებმა დაარსეს ვენაში. სესესიონში ერთ დიდ ოთახში წარმოდგენილმა თამუნას 12-მა უზარმაზარმა, ჩარჩოების გარეშე და ტილოზე ოილსტიკერებით შესრულებულმა აბსტრაქციებმა, შექმნა კედლის ჰაეროვანი და თითქოს გამჭვირვალე ვიტრაჟების ასოციაცია, სესესიონის  გამოფენის ნახვის შემდეგ თამუნამ ერთდროულად მიიღო ორი შეთავაზება ნიუ-იორკიდან და 2015 წლის უკვე ზაფხულში თამუნა მიემგზავრება ამერიკაში ცნობილი გალერისტის ბილ პაუერსის მიწვევით, რათა half-gallery-ში მოხატოს კედლები და გაიხსნას მისი პირველი სოლოგამოფენა სახელწოდებით “Take it easy”.  გამოფენას  მოყვა არანახული რეზონანსი: გამოფენის გახსნამდე  დაიბეჭდა რეცენზია არტობზერვერში, ასევე  თამუნასთან ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალში “ფორბსი”.

გამოფენის სანახავად სპეციალურად მივიდა არტ-კრიტიკოსი რობერტა სმიდტი გაზეთ ნიუ-ორკ თაიმსიდან და ისტორიაში პირველად ქართველ ხელოვანზე ნიუ-იორკ თაიმსში დაიბეჭდა პოზიტიური რეცენზია და გარდა იმისა რომ სმიდტმა არაჩვეულებრივი შეფასება მისცა ნახატებს, ამავე დროს დაანონსა  თამუნას შემდეგი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესით ელოდა თვით არტ-კრიტიკოსი. მართლაც, უკვე ორ თვეში, 2015 წლის ოქტომბერში, ისევ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ტარდება თამუნას მეორე სოლოგამოფენა ჯეიმს ფუენტეს გალერეაში სახელწოდებით „Good enough“ is never good enough”. და ისტორია ისევ მეორდება: სხვა ნამუშევრების შესაძენად მისული ცნობილი კოლექციონერები “რუბელების ოჯახი” ყიდულობენ თამუნას ოთხ დიდ ნახატს, რომელთაგან ორს იმავე 2015 წლის დეკემბერში წარმოადგენენ არტბაზელ-მაიმიზე რუბელების მუზეუმში გამოფენაზე სახელწოდებით No man’s land,  სადაც თამუნას ორი დიდი ნახატი ცნობილ მხატვარის იზა გენცკენის ობიექტთან ერთად იყო წარმოდგენილი მუზეუმის ერთ-ერთ ძირითად ოთახში.

2015 წლის არტბაზელმაიმიზე რუბელების ოჯახის გარდა თამუნას ნახატები წარმოდგენილი ჰქონდათ ასევე ჯეიმს ფუენტეს NADA Miami Beach-ზე  და ევა პრესნერჰუბერს არტ ბაზელ მაიამიზე. ნამუშევრებმა საყოველთაო აღტაცება გამოიწვია და ისინი სხვადასხვა ცნობილი კოლექციონერების (მაგ. ფრანსუა ოდერმანტის) კოლექციებში აღმოჩნდნენ.

უკვე უკიდურესად დასუსტებულმა თამუნამ ვერ მოახერხა მის სიცოცხლეში ბოლო გამოფენაზე გამგზავრება ბრუსელში, პაბლო პიკასოს შვილიშვილის ცოლის ალმინ რეხის გალერეაში, რომელიც გაიხსნა 2016 წლის იანვარში და გაგრძელდა მისი გარდაცვალების შემდეგ იმავე წლის აპრილამდე.

უამრავი ნახატის გარდა თამუნას დარჩა ორი არაჩვეულებრივი შვილი: ლაზარე და ემილი ვესტები. ბავშვები, რომლებიც 2008 და 2009 წელს გაჩნდენ ვენაში, ავსტრიელი მამის და ქართველი დედის ოჯახში,ისინი თავისუფლად საუბრობენ ქართულად, სწავლობენ კითხვას და წერას ქართულად.

თამუნა მუდამ ცდილობდა შვილებისთვის შეეყვარებინა ქართული ენა და ქართული ენა, როგორც მშობლიური ენა, ისე ჩაენერგა მისი შვილების მენტალიტეტში! მას ეს გამოუვიდა!

მათი აზროვნება, მსჯელობა, საქციელი ქართველი ბავშვების საქციელისა და მენტალიტეტისგან თითქმის არ განსხვავდება, მხოლოდ შეზავებულია ავსტრიულ ზნე-ჩვეულებებთან.ეს არის მაგალითი ბევრი სუფთა ქართული ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და მათ შვილებს ქართულად საუბარი უჭირთ.ეს არის მაგალითი იმისა თუ დედის ენა როგორ უნდა გახდეს დედაენა ბავშვებისთვის.

მართალია დღეს ეს დიდი ხელოვანი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ ქართული საზოგადოების სირცხვილია არ იცოდეს და არ ამაყობდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული და დაფასებული შვილით – თამუნა სირბილაძით!

იხ.ლინკი

https://www.google.ge/search?q=tamuna%20sirbiladze&client=safari&channel=mac_bm&biw=1126&bih=706&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjKwe2ylojSAhUH7RQKHfyBDtcQ_AUIBigB#imgrc=MKtJxg-mts_BBM:

 

წყარო: geomediatv.ge

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი