თბილისში ბავშვებმა თვითდაზიანებები მიიყენეს – უმრავლესობა გოგონაა – ფაქტი შესაძლოა, “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდებოდეს

0
222

თბილისის 99 -ე საჯარო სკოლის 7-მა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. მათ შორის ოთხი გოგონაა. სკოლა ისანი-სამგორის რაიონში მდებარეობს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი დღეს სამართალდამცავებმა, შვიდივე მოსწავლე მშობლებთან ერთად გამოკითხა.
მოსწავლეების დაკითხვას სკოლის ერთ-ერთი პედაგოგოც ესწრებოდა.
სავარაუდოდ, მოსწავლეების თვითდაზიანება ინტერნეტში გავრცელებულ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება.
დღესვე შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
“უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში, აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

წყარო: kvira.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი