„თუ ეს მონათხრობი იქცევა სკანდალად, თანახმა ვარ, პასუხი ვაგო ჩემს სიტყვებზე“

17
4238

გერმანიაში მცხოვრები ფეისბუქმომხმარებელი ნათია კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

„სამარცხვინო ქართველი ექიმები – როცა მხოლოდ ლიცენზია არ კმარა “თუ არ შეგიძლია ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ” – ალი შარიათის ამ სიტყვებმა გადამაწყვეტინა მოგიყვეთ ჩემს თავს გადახდენილი ექიმების არაპროფესიონალიზმით მომხდარი განუკითხაობა. თუკი ეს მონათხრობი იქცევა სკანდალად, თანახმა ვარ, პასუხი ვაგო ჩემს ყველა სიტყვაზე.

დიაგნოზი
თავიდან დავიწყებ: შობის წინა ღამეს სამსახურში გავიგე, რომ მამაჩემს ინსულტი მოუვიდა. მივატოვე უკვე დაწინაურებული პოზიცია , ჩავალაგე ბარგი და ისე წავედი ბერლინის აეროპორტში ტაქსით, თითქოს ნახალოვკიდან დიდუბის სადგურში მივდიოდი ზესტაფონში გასამგზავრებლად. მახსოვს, ფრენის სამი საათი როგორ უსაშველოდ გაიწელა. ვფიქრობდი, შეიძლება მატყუებენ და მამა უკვე აღარ არისთქო. ასე აჭრილი მივვარდი სახლში და ჩემი ძმის ოდნავ აღელვებული სახით მივხვდი, რომ სწორ დროს მოვედი.
მაშინ ყველაზე კარგად გავიაზრე, რომ სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება და რაც ენერგია გამაჩნდა მოვიკრიბე -მამაჩემის ავადმყოფობას გადავუდექი წინ.
სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. დასუსტებულ ორგანიზმს ამის გამკლავება არ შეეძლო. ერთი – ორი თვე თუ იცოცხლებდა გაუკეთებდნენ ოპერაციას, რომელსაც ან გადაიტანდა, ან არა. აღარ შემშინებია. მოქმედების საშუალება მქონდა. პროფესიონალი ნეიროქირურგების რეკომენდაციებით, სწორი კვებით, წამლებით და ვარჯიშით ერთ კვირაში ფეხზე დავაყენე.
ოპერაციის წინ მამაჩემმა როგორც მხსნელს ისე შემომხედა და მკითხა, ხომ ვიცოცხლებო. პირველად ვნახე შეშინებული მამაჩემი. ცრემლები თავის აწევით და მზერის სხვა ობიექტზე გადატანით გადავყლაპე და ისე მოვუჭირე ხელი, ბავშვობაში კბილის ძაფით ამოღებისას რომ მიჭერდა თვითონ.
მიმღებში ავღრიალდი. გადარჩა. (ზემოთხსენებული ჩინებული ქირურგების სიყოჩაღით) .
ამ დღის მერე ინტენსიურად სჭირდებოდა დაკვირვება. კონსულტაციებზე უბნის “პოლიკლინიკაში ” დადიოდა და 8 დასახელების წამალს სვამდა. ( როგორც მერე გაირკვა მხოლოდ ერთი სჭირდებოდა).

უბნის პოლიკლინიკა
ამ გაზაფხულზე ისევ ჩავედი სახლში. დამავლო მამაჩემმა ხელი და წამიყვანა თავის ნაცნობ ექიმებთან. მივედით უბნის ექიმთან. აქ იწყება ისტორია : საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს მამა, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ 40 ლარის ნაცვლად კონსულტაციაში მხოლოდ 8 ლარს იხდი. ისე გამოვიდა, რომ კონსულტაციაზე 6 ექიმთან გაგვიშვეს .რეალურად ერთი ექიმის კონსულტაცია გვჭირდებოდა, რომელიც დაზღვევის გარეშე 40 ლარი ღირდა. დაზღვევა რახან გვქონდა 6 სხვადასხვა ექიმთან გადაგვამისამართეს და 48 ლარი გადავიხადეთ. ამ 6 ექიმიდან, მხოლოდ ერთმა ითხოვა ე. წ. ,, ფორმა 100 “.
მოთმინებით ვიღებდი ქვითრებს და ვიხდიდი თანხას . იმ მიზნით, რომ მამაჩემს სრულიად ჯანმრთელად და დაცულად ეგრძნო თავი, ყველა ექიმის კონსულტაციას დავთანხმდი.

რიგის ხელოვნება
პირველად თერაპევტთან ჩაგვწერეს. საათი და თხუტმეტი წუთი დააგვიანა. მოვითმინეთ. მოვიდა და მისაღებში 15 წუთი ილაპარაკა. ათამდე პაციენტი ველოდებით. მოვითმინეთ. რიგში მეორე ვიყავით. რიგში მეშვიდე ახალგაზრდა გოგომ მოგვაძახა, სულ ორი წუთის პირადი ხასიათის საქმე მაქვსო, ჩაუქროლა მის წინ მდგომ ორსულ ბავშვიან ქალს და 20 წუთი გაუგრძელდა კაბინეტში ყოფნა. მოვითმინეთ. ბავშვიანი გავატაროთ ჯერო, რიგში პირველმა მდგომმა თქვა და სამსაათიანი ლოდინის შემდეგ მოვხვდით კაბინეტში.

ექიმთან კონსულტაცია
რა გაწუხებსო -ჰკითხა. ამ დროს რეკავს ტელეფონი და ვისმენ როგორ უნდა შეიწვას გამზადებული კატლეტი, სად დევს ზეთი და რომელი პური ამოიტანოს დალის მაღაზიიდან მედიცინის მუშაკის ქალიშვილმა. მოვითმინეთ. მამაჩემმა ძლივს მოაბა პასუხს თავი და გამაცადინებულმა ყურის დაგდება რომ გადაწყვიტა, ისევ დარეკა ტელეფონმა. ამჯერად ქმრის თანამშრომელი რეკავდა წნევის თაობაზე. ექიმმა თვალით გვანიშნა აუცილებელი საქმეაო და 10 წუთი ამჯერად ყურზე მიდებული მობილურით საუბრობდა და თან ფანჯრიდან იხედებოდა. მოვითმინეთ.
ისევ გაუმეორე კითხვა, რა გაწუხებსო. მამამ ისევ ხელახლა მოუყარა სათქმელს თავი და კიდევ ხელები მიბუჟდებაო. ამ თხრობის პროცესში ექიმი სხვაგან იყო ფიქრებით, ეტყობოდა . მაგრამ კიდევ ერთხელ კითხვის დასმისაც მოერიდა და ბოლო წინადადებას ჩაეჭიდა. ააი, ხელები რო გიბუჟდება მაგაშია საქმეო (ისევ მოვითმინე) და ვიმეორებ, ყველანაირი არგუმენტის გარეშე, გასინჯვის გარეშე გამოუწერა სისხლის გამათხელებელი. როგორც მერე გაირკვა, დიდი დოზა. სისხლის გამათხელებელმა დააჩქარა სისხლის მიმოქცევა . მამას ინსულტმა ხელახლა დაარტყა.
დასკვნა : პოლიკლინიკაში ის ყველაფერი არ უნდა მომეთმინა.

ინსულტი
სახლის კარამდე კიბის მოაჯირს გამოყვა და მიშველეთო, ჩუმად ჩაილაპარაკა . სასწრაფოს გამოვუძახეთ. ინსულტის სავრაუდო დიაგნოზით წავიყვანეთ რკინიგზის საავადმყოფოში. არ ვმალავ საავადმყოფოს სახელს. აუცილებლად უნდა იცოდეთ რა ხდება შიდა სამზარეულოში. შეიყვანეს მიმღებში. ორი საათი ელოდა მამა სანამ ექიმი მივიდოდა გასასინჯად. ამ ორი საათის მანძილზე იყო გათიშული. დარღვეული ჰქონდა ტვინის ის ნახევარსფერო, რომელიც პირის აპარატს აკონტროლებს. ანუ არაადეკვატური სიტყვებით და თვალებით ითხოვდა შველას. გავგიჟდი. შევვარდი მიმღებში და ვითხოვე შველა. დავრეკეთ ნათესავ ექიმებში, იქნებ კოლეგიალობამ მაინც გაჭრასთქო და როგორც იქნა გასინჯეს. ამის შემდეგ კიდევ ოთხი საათი ველოდეთ პასუხს. ამ ოთხი საათის მანძილზე მამა იგივე მდგომარეობაში ეწვინათ გასასვლელში უამრავ ავადმყოფებს შორის, სრულიად უყურადღებოდ და ამ ოთხი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. ისეთი მძიმე სცენა იყო , მიჭირს ამ ყველაფრის ხელახლა გახსენება. ჯამში ექვსი საათის შემდეგ შევედი მიგდებულ მამაჩემთან. სრულიად განადგურებულთან. ესმოდა ყველაფერი რასაც ელაპარაკებოდი, თუმცა აქამდე არავინ დალაპარაკებია. ომის ჰოსპიტალს გავს რკინიგზის კატასტროფის განყოფილება. ვინც მოკვდება მოკვდეს!

მნახველების მიღება
მნახველები შედიან ერთი და იგივე ბახილებითა და ერთჯერადი ხალათებით. ანუ შესასვლელში კიდია მხოლოდ ერთი ერთჯერადი ხალათი და რამდენიმე ბახილი. ვინც მოუვა თვალში ადმინისტრატორს იმას ატარებს პალატაში. კიდევ ორი საათი ვიცადე. ჯამში 8 საათის მანძილზე ვაკვირდებოდი სიტუაციას და სრულიად შოკში ჩავვარდი.
შემოვიდა ქალბატონი ერთ-ერთი სოფლიდან, რომელმაც ითხოვა თავისი ავადმყოფი ქმრის დიაგნოზი. აგერ უკვე 10 საათია ველიო. ორი წინადადება მიიღო პასუხად დამცინავი ტონით: -სოფელში ექიმები არ გყავს, თბილისში რა მოგარბენიებდაო ? – ვკითხავ თუ სცალია მორიგე ექიმსო. ამ ქალმა მორჩილად დაუქნია თავი. მორიგე ექიმმა კიდევ ექვსი საათი ვერ მოიცალა მისთვის.

შეხვედრა მორიგე ექიმთან
ამ ქალბატონის ვიზიტმა მიმახვედრა, რომ მორჩილად არ უნდა დავლოდებოდი ექიმის მოცალეობას. კატეგორიულად მოვითხოვე ექიმთან შეხვედრა. გამოვიდა ექიმი და დაიძახა კაპანაძესთან ვინ არისო. მივცვივდით და ვუსმენთ რას გვეტყვის უკვე 10-12 საათის ნალოდინებ ნათესავებს.
გვეკითხება
-რა მოუვიდა?
– მეტყველება წაერთვა
– ადრეც მოსვლია?
– არა.
– რა უნდა სჭირდეს? ჩაილაპარაკა თავისთვის. ისტორია გაქვთ თან? ( ანუ ისტორიის ნახვის გარეშე, არც იცოდა პაციენტი ვინ იყო, ისე გამოვიდა სალაპარაკოდ)
აქ უკვე სრულიად უმართავი გავხდი. შევედი პირდაპირ განყოფილებაში და ვითხოვე უფროსთან საუბარი . ჯერ ვკითხე რაშია საქმე ველოდებით ინსულტიან პაციენტზე დიაგნოსთქო. მაგაზე ჩემი კოლეგა გაგესაუბრებათო და უკვე ნაცნობ ექიმზე მიმითითა. მივხვდი ესეც არ იყო გონზე და გავხედე მამაჩემს ისევ იმ გასასვლელში იწვა ტკივილებისგან და სტრესისგან ცოცხალ -მკვდარი.
სრულიად ავცახცახდი. მეგონა განყოფილების ამ უფროსს მოვკლავდი . წავედი კლინიკის მენეჯერის მოადგილესთან ( თვითონ მენეჯერი არ იყო). ამ დროს პერსონალი მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა.
-გაჭრა საერთო ნაცნობების არსებობამ, -გაჭრა ენდოკრინოლოგის ჩარევამ, -გაჭრა კლინიკის ხელმძღვანელობის ჩარევამ,
-გაჭრა ნეიროქირურგების ვიზიტმა
…და როგორც იქნა აიღეს ანლიზები, გასინჯეს და პირველადი დიაგნოზით -ინსულტი 16 საათიანი ლოდინის შემდეგ მამაჩემი პალატაში და მე სახლში გამიშვეს. გასვლისას ექთანმა გვითხრა, დღეს კვება არ იქნება და იქნებ მოუტანოთ ხაჭო და მაწონიო. დიღომში ქარი იყო.
დავუტოვეთ საკვები და სახლში ფეხით წავედი.

მეორე დღე
მამას ინსულტის გარდა აქვს შაქარი. კვება მისთვის უმნიშვნელოვანესია. მკაცრად გაწერილ რეჟიმში უნდა ეჭამა, რათა ენდოკრინოლოგს სწორი დიაგნოზი დაესვა. დილის 10 საათზე მივედი საავადმყოფოში. 14:00 საათამდე არ შემიშვეს . მერე მორიგ ანალიზზე გაუშვეს და ოთხ საათზე ძალიან დასუსტებულმა მითხრა წყალი და საჭმელი მინდაო. ტვინში სისხლი ჩამეწვეთა. გავხედე ფანჯრის რაფაზე დადებულ თავმოხდილ ხაჭოს და ამჟავებულ მაწონს არ აკლდა. მზის ქვეშ მჟავე სუნი ასდიოდა.
ინსულტიანი, დიაბეტიანი პაციენტი 32 საათი წყლის და საჭმლის გარეშე დატოვეს. მდგომარეობა რაღა თქმა უნდა დამძიმდა მამაჩემის, მოუვლელობის გამო და ჩემი – ნერვიულობის გამო. მერე გავითიშე.
გონს რომ მოვედი, ხმამაღლა ვყვიროდი და ექთანს ვეკითხებოდი ასე როგორ კლავთ ცოცხალ ადამიანსთქო. ექთანმა გაგვლანძღა შემდეგი სიტყვებით : ავადმყოფებო, სულელებო, პრეტენზიულებო.
განყოფილების ხელმძღვანელმა დიხიმინჯიამ გვერდზე გამიხმო და ტუჩებზე ხელაფარებული წამეგრელო აქცენტით მიხსნის თუ როგორი მნიშვნელოვანია მისთვის პაციენტის სიცოცხლე, ,,კალოჩე” და საჩვენებელი თითით მიმანიშნებს როგორ შემოიყვანეს ემერჯენსის მისაღებში რომელიღაც კერძო კლინიკის ყოფილი დამსახურებული ექიმი და თუ როგორ ეხვევა პერსონალი თავს. გამახსენდა რომ ზუსტად იმ ადგილას წინა დღეს ინსულტიანი მამაჩემი და როგორ ეგდო 6 საათი სრულიად უყურადღებოდ. ეს იყო პიკი.
განყოფილებას წრის ფორმა აქვს. ცენტრის გარშემო არიან განლაგებული პაციენტები , ხოლო ცენტრში სანაქებო ექიმები. ამ ცენტრთან მივიყვანე განყოფილების უფროსი, ორჯერ შემოვარტყი ტაში, რომ ყველა თანამშრომელს ერთდროულად გამოეხედა ყველა პაციენტთან ერთად :
-ხმამაღლა მოვყევი ამ ორი დღის მანძილზე მომხდარი ყველა განუკითხაობა.
-ექიმების ყველა ტყუილი
-ექთნების შეურაცხმყოფელი ქმედებები.
-მოვყევი, რომ ენდოკრინოლოგს მისცეს მცდარი ანლიზები (თითქოს კვების შემდეგ გაზომილი).
– მოვყევი, რომ არც ერთი ანალიზის პასუხი ექიმს ნანახი არ ჰქონდა და მხოლოდ ჩემი დაჟინებული თხოვნით გახსნეს კომპიუტერში
– მოვყევი, რომ ყველა წამს ვიყავი მამაჩემის გვერდით და მაინც კინაღამ მოკლეს თავიანთი დაუდევრობით.
– მოვყევი, რომ სწორედ მაგათ გამო დაიღუპა უამრავი ადამიანი და ბოლოს ყველაზე ხმამაღლა ვთქვი, რომ ამ განყოფილების ხელმძღვანელი (თავის გუნდთან ერთად) არის მატყუარა , არაპროფესიონალი ექიმი და სამარცხვინო ინდივიდი ვინც კი ოდესმე მინახავს.
არც ერთი საპასუხო არგუმენტი არ უთქვამთ.
სიჩუმე დაარღვია ფინანსური საკითხების დაზუსტებისთვის ერთ – ერთმა თანამშრომელმა და შემახსენა, რომ მამაჩემის შიმშილობისთვის და პალატაში გაჩერებისთვის ორას ორმოცდაათი ლარი მქონდა გადასახდელი. მერე მიხვდა, რომ სისულელე მითხრა და სიტყვის ამოუღებლად წამოვიყვანეთ მამა სხვა ექიმთან (ამ ორი დღის მანძილზე ანალიზებში 1200 ლარი გადავიხადეთ, დაზღვევით) .
ზემოთ მოყვანილ მონათხრობში, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ყველა ფაქტი არის სიმართლე. ლაკონურობისთვის რამდენიმე დეტალი კიდევ აკლია.
ალბათ უფრო კორექტული იქნებოდა გვარები და საავადმყოფო რომ არ დამესახელებია, მაგრამ აქ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ამასთან მე დავპირდი რკინიგზის საავადმყოფოს წარმომადგენლობას, რომ ამ საკითხზე მინიმუმ ხმამღლა ვისაუბრებდი. მამაჩემის გარდა ამ განყოფილებაში იტანჯებოდა უამრავი პაციენტი.
მე მაქვს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც აღნიშნულია ჩემს მიერ მოყვანილი დეტალები. საჭიროების შემთხვევაში წარვადგენ დიდი სიამოვნებით.
ვნანობ, რომ თვალი დავხუჭე ამდენ უსამრთლობაზე და ვინაიდან მალე ვიყავი დასაბრუნებელი გერმანიაში სათანადო პასუხი არ ვაგებინე პერსონალს (ექთნის გვარი არ მახსოვს. თუმცა აუცილებლად მივაგნებ ქალბატონს კასპიდან)
არ მოითმინოთ ეს არაპროფესიონალიზმი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამაჩემის სიკვდილს დააბრალებდნენ ინსულტს და არა თავიანთ უყურადღებობას .
და ბოლოს… ქართველო ექიმებო! ( მივმართავ მხოლოდ გარკვეულ ნაწილს და პატივს ვცემ უმეტესად პროფესიონალ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს)
ჰიპოკრატეს ფიცი თუ არ გახსოვთ, გახსოვდეთ ღმერთი. ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი კომფორტის ზონა.
და სულ ბოლოს, ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო სექტორის მარეგულირებელ ყველა ორგანოს:
წლების მანძილზე მონებად, თვეში ორას ლარად, ორას ორმოცი საათი რომ ამუშავებთ ახალგაზრდა ნიჭიერ ექიმებს , რეზიდენტებს და დამწყებ პერსონალს, არის დიდი სირცხვილი. სხვათაშორის, ეგ მონად ნამუშევარი ნიჭიერი თაობა ევროპაში და ამერიკაში აღწევენ დიდ წარმატებებს, სწავლობენ ხელახლა, (იმიტომ რომ თქვენს ლიცენზიას არ აღიარებს არც ერთი მაღალი სტანდარტის მქონე ქვეყანა) და მუშაობენ მაღალი ანაზღაურებით მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. საქართველოში აღარ ბრუნდებიან, იმიტომ რომ დიხიმინჯიებს და სარიებს მიჰყავთ აქ ,,პარადი “.
სანამ ჩვენ თვითონ არ შევიცვლებით, ვიცხოვრებთ სამარცხვინო ქვეყანაში, სამარცხვინო რეპუტაციით.
სირცხვილია, სირცხვილია, სირცხვილია!“.

წყარო: mpress.ge

17 კომენტარები

  1. ვაიმე მანდ როგორ მივალ რამეზე ეს რას ვისმენ სიმართლეა მჯერა ასეთი განუკითხაობაა.

  2. Mase uyutadgebobit momikles babuachemi da mag bedi meweoda mec rom ar shemosuloyo axlobeli gamomdziebeli chemyan da ar etqva am bavshvs mixedet tore ver gacherdebit aq vercertio mere momcedes da gadaudebeli operacia gamiketes imwamsve

  3. rkinigzis saavadmjofo igive tbilisi centrali aris namdvili sasaklao xalxooo! chemi meugle reanimaciasi moatavses da dambladacemuli damitoves amouwures dafinanseba da narkozul zilshi yavdat tvenaxevari aparatze , mters ar vusurveb mand moxvedras yvelas azineben da mere mkvdari miyavt saxlshi unda gaigos mtelma saqartvelom da licenzia chamoertvat reanimarologebs!

  4. ისეთი სურათი გიდევს საკუთარი გარეგნობის პიარსაც კარგად ცდილობ ამ ყველაფერთან ერთად.. არა და ისეთ საშინელ რაღაცას ყვები ასეთი სურათი ამ თემასთან ძალიან უაზრო და არაბუნებრივია :/

  5. აბსოლიტურ სიმართლეს ამბობს ეს გოგო. თითქოს ჩვენს გულში ჩაიხედა და ჩვენი სათქმელიც თქვა.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი