თუ მებრძოლ გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს

0
307

“თუ მებრძოლ გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს” , – ამ განცხადებას ფეისბუკზე უკრაინაში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აკეთებს.

48 წლის გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ცერცვაძე – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა – 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა კიევის აეროპორტში, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაიგეთ გია ცერცვაძის საქმის დეტალები აქ.
საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მხარემ უკრაინის პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია კიევში დაკავებული გიორგი ცერცვაძის შესახებ და განუმარტა, რომ რუსეთის მხარისათვის მისი გადაცემა არ არის მიზანშეწონილი:

“საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა  გიორგი ცერცვაძის  ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ”, – წერს პროკურატურა.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე ამბობს, იგი პირადად ესაუბრა მის კოლეგას უკრაინაში. გოგაძის თქმით, საქართველოს მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის [რუსეთისთვის] გადაცემა.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, ევგენი ენინი ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან ინტერვიუში აცხადებს, თუკი არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების ალბათობაზე მიანიშნებს, უკრაინის მხარე ექსტრადირებაზე უარს ამბობს.

გენპროკუროის მოადგილის თქმითვე, მას ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, უკვე გაუგზავნა თუ არა რუსეთმა უკრაინას ცერცვაძის ექსტრადაციის მოთხოვნა. მისი განმარტებით, საერთაშორისო კონვენციებით მათ ამისთვის 40 დღე აქვთ.

“ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. უკრაინისთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს, ან წამების ალბათობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ“, – განაცხადა ენინმა.

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი