ივანიშვილი რაგბის ნაკრებს არ დააფინანსებს ?

0
517

„ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის თქმით, “დეილი მეილის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველწლიურად 8,5 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს, რათა საქართველოს რაგბის ნაკრებმა 6 ერის ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა – არ შეესაბამება სიმართლეს.

“მე ეს ინფორმაცია რაგბის კავშირთან გადავამოწმე. ინტერვიუ მიცემული აქვს მილტონ ჰეიგს. თავად მილტონ ჰეიგი არ ადასტურებს, რომ მსგავს თემაზე ჰქონდა ინტერვიუ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ “დეილი მეილი” არის ტაბლოიდი, ეს შეიძლება მათი ნააზრევია. ჩვენგან ეს ინფორმაცია მას არ მიუღია, ისევე როგორც მილტონ ჰეიგიც ამბობს, რომ არც მისგან მიუღია” – ამბობს უძილაური.

დღეს ბრიტანულმა გამოცემა “დეილი მეილმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პრესტიჟულ, ექვსი ერის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 8,5 მილიონი ფუნტის გადახდას ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს.

ექვსი ერის ჩემპიონატი (2000 წლამდე ხუთი ერის ჩემპიონატი) არის ყოველწლიური საერთაშორისო რაგბის კავშირის შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობს ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი: ინგლისი, საფრანგეთი,  ირლანდია, იტალია,  შოტლანდია და უელსი. საქართველოს რაგბის ნაკრები რეიტინგით იტალიის ეროვნულ ნაკრებს უსწრებს, თუმცა ჩემპიონატში ელიტურ ჩემპიონატში მონაწილეობას არ იღებს.


2014 წელს ბიძინა ივანიშვილი რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.  IRB-მა “განვითარების ჯილდოს” ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ექსპრემიერის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუ” საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის ააშენა საწვრთნელო ცენტრები და სტადიონები. IRB-ის ცნობით, ქართველმა ფილანტროპმა 2008 წლიდან მოყოლებული რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი