„იმედის“ დარბევასთან დაკავშირებული სარჩელი სტრასბურგში 6 წელიწადი იდო, ერთი ფურცელიც არ გადაუშლიათ”

0
219

„მე მაქვს კითხვები სტრასბურგის სასამართლოსთანაც. შეიძლება სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში რაღაც კითხვებზე ლაპარაკი, დღეს არ არის „მოდაში” და ითვლება, რომ ეს რაღაც ხელშეუხებელი თემაა, მაგრამ მე მაქვს ეს კითხვები”, – განაცხადა „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა „მარშლაპრესთან” საუბრისას.

„მე ვარ ერთ-ერთი მათგანი იმ ადამიანთა შორის, რომელიც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის” დარბევის შემდეგ სამართალს სტრასბურგში ეძებდა. უამრავი ჩემი თანამებრძოლი, ჟურნალისტები სამართალს სწორედ იქ ვეძებდით. ჩვენ მაშინვე გავაგზავნეთ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზია დაანგრიეს, შენობაში ძალადობრივი მეთოდებით შემოვარდნენ, გამოგვყარეს, ჟურნალისტებს კურდღლებივით ესროდნენ ტყვიებს, ხორხოცებდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, წაგვართვეს „იმედი” ჩვენც და მეპატრონეებსაც. ჩვენი სარჩელი სტრასბურგში 6 წელიწადი იდო, რაზეც ხელი არავის დაუდია, ერთი ფურცელიც კი არ გადაუშლიათ. ასევე იდებოდა კიდევ დიდიხანს, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ახალმა ხელისუფლებამ თქვა, რომ რაღად გვინდა სტრასბურგში ამ საქმის განხილვა, ჩვენც გვაქვს ამის პოლიტიკური ნება გამოვიძიოთო და სარჩელი თბილისში გადმოიტანეს. თუმცა საქმე ძირეულად გამოიძებული მაინც არ იქნა. მოკლედ, ეს სარჩელი სტრასბურგში ექვის წელი იდო და ალბათ ამდენი ხნის განმავლობაში იდებოდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. მე უბრალოდ მაინტერესებს რატომ? – როდესაც შეძლებოდა სარჩელის გაგზავნის დღესაც კი მომხდარიყო რეაგირება და იმავე დღესვე შეჩერებულიყო ხელისუფლების ის საშინელი ქმედებები, რომელსაც ის ახორციელებდა ტელეკომპანია „იმედში”. გახსოვთ, 7 ნოემბერს რომ შემოვარდნენ ერთი თვის განმავლობაში იქ რას აკეთებდნენ და რას ანადგურებდნენ ღმერთმა უწყის. ნახევარი ტელევიზია, ტექნიკა თავიდან იქნა ასაწყობი. იმ დღესვე რომ შეეჩერებინა სტრასბურგის სასამართლოს ეს ყველაფერი თურმე შესაძლებელი ყოფილა და რატომ არ შეაჩერეს მე არ მესმის.

 ამიტომ მაქვს კითხვა: – ადგილი ხომ არ აქვს მიკერძოებულობას? ვსაუბრობ იმ სარჩელზე, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, თორემ რამდენი იყო კიდევ ასეთი, რომლის მონაწილე მე არ ვყოფილვარ? ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა, ამაზე სტრასბურგში პასუხს არავინ გასცემს”, – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

წყარო: reportiori.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი