მართვის მოწმობის აღება უფრო გართულდება – რა არ ეცოდინება ჩამბარებელს ?

0
453

მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის უცნობი იქნება ის ქუჩები, სადაც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ipn ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, ბუბა ლომუაშვილის თქმით, ქუჩები წინასწარ არ გასაჯაროვდება, რათა “დაზეპირების პრაქტიკა არ გვქონდეს”.

“ჩვენ უკვე ჩავატარეთ ძალზედ რთული სამუშაოები, მათ შორის, ვნახეთ მსოფლიოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკები, თუმცა არ მოგვიხდენია კოპირება და გამოცდის ამ პრაქტიკული კომპონენტის ჩვენს პირობებში პირდაპირ გადმოტანა. ვეყრდნობით რა იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს ჩვენებურად დავამუშავეთ, ავარჩიეთ შესაბამისი ქუჩები, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, თუმცა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზეპირების პრაქტიკა, არ არის გამორიცხული, პირმა არც იცოდეს, რომელ ქუჩაზე ჩააბარებს გამოცდას”, – განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, გამოცდისთვის განკუთვნილი ავტომანქანები სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც საგამოცდო პროცესი გაკონტროლდება.

“მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გადაცდომა იქნება აღრიცხული და სისტემატიზებული, ამიტომ იმის განცდა, რომ გვერდით მჯდომმა შს სამინისტროს თანამშრომელმა გამოცდაზე გასულ პირს შესაძლოა რაიმე სახის დახმარება გაუწიოს, გამორიცხულია. რეალურ რეჟიმში ჩვენ კამერებითაც ვაკონტროლებთ, თუ რა ხდება ავტომობილში. გარდა ამისა, ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და დააფიქსირებს, როგორც ღერძულა ხაზის გადაკვეთას, ისე შუქნიშანზე როგორ გაიარა, როგორ მიუახლოვდა წინ მდებარე ავტომობილს, როგორ დაძრა მანქანა და ა.შ. ანუ ყველაფერ იმას, რაც აუცილებელია კანონმორჩილი, განათლებული მძღოლისთვის, რომელიც მართავს ავტომობილს”, – აღნიშნა მან.

შს სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა “არის კომპლექსური სამუშაო, რომელიც ბოლომდეა მიყვანილი”.

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.

წყარო: imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი