მერის მოადგილე: მთაწმინდის პანთეონში სტალინის დედის ადგილი არ არის

0
195

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი წინააღმდეგია, რომ ეკატერინე (კეკე) გელაძე, რომელიც 1937 წელს გარდაიცვალა, მთაწმინდის პანთეონში დარჩეს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. იოსებ სტალინის დედის ეკატერინე (კეკე) გელაძის საფლავი საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში არ უნდა იყოს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში. ეკატერინე გელაძე 1937 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა და ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. “არა, მთაწმინდის პანთეონში მისი ადგილი არ არის”, — განაცხადა ხატისკაცმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობას მისი სხვაგან გადასვენების გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. “ამ თემაზე ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის დისკუსიაში ჩავებათ და მივიღოთ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში თბილისის მერია განკარგავს სასაფლაოებს, მათ მოვლა–პატრონობაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო რაც შეეხება შინაარს, შინაარსზე გადაწყვეტილების მიღება სცდება მერიის კომპეტენციას. კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს თუ არა დასაფლავებული კონკრეტულ პანთეონში, ამ ტიპის გადაწყვეტილებას მერია არ იღებს”, — თქვა ხატისკაცმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად დახურულია საზოგადო მოღვაწეთა ორი პანთეონი — მთაწმინდისა და დიდუბის. ამასთან დაკავშირებით მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა იგეგმება. იქ, სხვა პანთეონებისგან განსხვავებით, საზოგადო მოღვაწეების ოჯახის წევრები დასაფლავებული არ იქნებიან. “დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია დაახლოებით 890 ადამიანი, აქედან საზოგადო მოღვაწე არის 528, და თანხა იხარჯება არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების საფლავების მოვლაზე, არამედ მათი ოჯახის წევრების საფლავების მოვლაზეც. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ხატისკაცმა. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი თბილისში, მახათას მთაზე ნახევარ წელიწადში გაიხსნება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამისთვის 1,3 მილიონი ლარი გამოიყო.   გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება დაკრძალული ახალ პანთეონში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული სპეციალური კომისია მიიღებს; ამასთან, შემუშავდება სპეციალური წესები. მერის მოადგილემ ასევე არ გამორიცხა, რომ საზოგადო მოღვაწეები პანთეონში გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაასვენონ. “ახალი წესების შემუშავებას დრო სჭირდება. წლის ბოლოსთვის გაჩნდება ახალი პანთეონი და ახალი წესები”, — განაცხადა მან. ხატისკაცმა აღნიშნა, რომ მერია გაიღებს მხოლოდ დაკრძალვის და არა ქელეხის ხარჯებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

წყარო: qronika.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი