მიტროპოლიტი იობი: დღეს ძალიან დიდი განსაცდელებია საქართველოში, დღეს ერს ძალიან უჭირს!

0
460

ამონარიდები ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ქადაგებიდან:

„შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვივლინოს ისეთი ხელისუფალი, რომელიც მშვიდობას დაამყარებს, ჩვენს ტერიტორიებს გააერთიანებს და ეკლესიას დაეპატრონება არა როგორც მომხმარებელი, არა როგორც მტარვალი, არამედ როგორც პატრონი, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რომელნიც ეკლესიებს მფარველობდნენ, ეკლესიებს აძლიერებდნენ, ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ!”

„ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ლოცვები გავაძლიეროთ, რადგან დღეს ძალიან დიდი განსაცდელებია საქართველოში, დღეს ერს ძალიან უჭირს. ამიტომაც, ჩვენ, სამღვდელოება უნდა დავდგეთ ხალხთან, მთლიანად, მთელი ერის ნების გამომხატველი უნდა ვიყოთ. მე მჯერა, რომ ღვთის მადლით, ღვთის კურთხევით, საქართველოში დამყარდება მშვიდობა, საქართველო გაერთიანდება…”

„ქართველებმა ფერეიდანში უძველესი დალოცვა შემოინახეს: “ღმერთს ებარებოდეო!” ეს საოცრად დიდი და ღრმა სიტყვებია, რადგან ღმერთს მიბარებული ადამიანი ყოველთვის მშვიდია, გაწონასწორებულია, ძლიერია! ამიტომ, ერთმანეთს ვუსურვოთ – “ღმერთს ებარებოდე!” ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ხოლო ის, ვინც არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ღმერთმა გამოასწოროს, ღმერთმა გაუხსნას გონება, რომ დაინახოს, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ამის გარჩევა მხოლოდ სულიწმინდის მადლით შეიძლება.სულიწმინდის მადლი კი თავმდაბლობით, დედა ეკლესიისადმი მორჩილებით და იმ სწავლებებით უნდა მოვიპოვოთ, რასაც წმინდა მამები, ჩვენი დიდი წინაპრები გვასწავლიან. მოძღვრებმა სწორედ ეს უნდა გავითავისოთ, ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ და ამ წესით ცხოვრებისაკენ მოვუწოდოთ ქართველ ერს…”

„მინდა, განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი ბავშვები – ვინც წელს ამთავრებს სკოლას. ისინი თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფებიან, რადგან სწორედ ახლა უნდა გააკეთონ არჩევანი და მინდა, მათ მოვუწოდო, რომ მათთვის ამოსავალი წერტილი იყოს უფალი და სამშობლო! მინდა, მათი სულიერი კლდე ისეთი მყარი იყოს, რომ ვერანაირმა ცხოვრებისეულმა ტალღამ ვერ შეარყიოს!

უფალი და სამშობლო – ამ ორ უმთავრეს საწყისზე დააფუძნონ თავიანთი ცხოვრება, და თუ ეს ასე იქნება, მათზე გადმოვა მადლი და წყალობა ღმრთისა, მათი ცხოვრება სათნო იქნება უფლისთვის!ღმერთს ებარებოდეთ! ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო!

„ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. უფლის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დედის და დღევანდელ წმინდანთა ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს!

 

ჩვენთან არს ღმერთი!”

წყარო: qartuliazri.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი