ნახე ეს შენ გეხება !!!

0
240

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები

წყარო-ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს ყველაზე მეტი – 299 შუამდგომლობა განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე. 2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე – თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338). წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი – 77%-დან 92%-მდე. 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა. სატელეფონო საუბრის მიყურადების მონაცემები 2016 წელს 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების [1] რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები [2]. აქამდე ხელმისაწვდომი იყო მონაცემები მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით. მონაცემების მიხედვით, სულ 2016 წლის მანძილზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში განხილულია 401 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 315, ხოლო ნაწილობრივ – 30. შესაბამისად, დაკმაყოფილების წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა და შეადგინა 86%.

უზენაესი სასამართლო 2014 წლიდან აქვეყნებს მონაცემებს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების შესახებ. ეს ვალდებულება, თავდაპირველად, IDFI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის [4] ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაცია იყო [5].“ ამ ვალდებულების შესრულებით საქართველო მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ეს მონაცემები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. თავდაპირველად, 2014 წლიდან გამოქვეყნებულ მონაცემებში არ იყო მითითებული დანაშაულის სახეობა და გეოგრაფიული არეალი. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვალდებულებას დაემატა მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით [6]. უზენაესმა სასამართლომ შეასრულა ვალდებულება და წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით. როგორც ირკვევა, 2016 წელს ყველაზე მეტი – 299 შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე, საიდანაც შედარებით გამოირჩევა ბათუმი (22 შუამდგომლობა), ქუთაისი (19 შუამდგომლობა) და რუსთავი (13 შუამდგომლობა [7]). როგორც ირკვევა, 2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე – თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).

2015 წლიდან პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე შედის მონაცემები სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების რაოდენობის შესახებ. ამ მხრივ, უზუსტობაა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ 2016 წლის მონაცემებს შორის. კერძოდ, თუკი 2016 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე სულ განიხილეს 150 შუამდგომლობა (მათგან სრულად დაკმაყოფილდა 137 და ნაწილობრივ 5), 2016 წლის 12 თვის მონაცემებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე სულ განხილულია 79 შუამდგომლობა, საიდანაც დაკმაყოფილდა 69, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3, არ დაკმაყოფილდა 7. [8] ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრი კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის 1 აგვისტოდან უზენაესმა სასამართლომ ასევე დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის პროაქტიულად გამოქვეყნებაც, სადაც გაერთიანებულია, როგორც სატელეფონო მიყურადებაზე, ისე სხვა ფარული მოქმედებების შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები. დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია 2014 წლის 4 თვის (18 აგვისტო – 31 დეკემბერი) , 2015 და 2016 წლების მონაცემები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია: • სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; • ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია – კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), – კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად), – ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; • საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი; • ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; • ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში შესული შუამდგომლობების (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერული სისტემიდან და სხვ.) რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი – 77%-დან 92%-მდე გაიზარდა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის გამოქვეყნებით შესაძლებელი ხდება იმის გაგება, თუ ფარული მოქმედებების რა წილს შეადგენს ყოველწლიურად სატელეფონო მიყურადება. როგორც ირკვევა, 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით პროცენტულად ლიდერობს თეთრიწყარო (42,9%), სენაკი (18%) და გურჯაანი (18%). თბილისში 2016 წელს სატელეფონო მიყურადების წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 10,3%-ს შეადგენდა. 2015 წელს სატელეფონო მიყურადების ჯამური წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 13,8%-ს შეადგენდა.

 

სამწუხაროდ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი არ არის მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც დამატებითი ანალიზის საშუალებას შექმნიდა. ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებაში, ასევე ამ სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სატელეფონო მიყურადების მონაცემები არ მოიცავს სხვა ისეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა მათ შორის ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვება. შესაბამისად, დღეს ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები ვერ იძლევა სრულ სურათს სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მიყურადების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებამ ცხადყო [9], რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელოს ფარული მიყურადება. აქედან გამომდინარე, პროაქტიულად გამოქვეყნებული მონაცემები, შესაძლოა სრულად ვერ ასახავდეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ რეალურ მდგომარეობას. რეკომენდაციები 1. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესაბამისად სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს Excel-ის ფორმატში, რაც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული; 2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე არსებულ მონაცემებთან შედარების საშუალებას შექმნის; 3. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედებების მითითებით (მათ შორის: სატელეფონო მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან ან ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ელექტრონული თვალყურის დევნება სხვა ტექნიკური საშუალებებით); 4. დაზუსტდეს 2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობა.

[1] შუამდგომლობა – პროცესის მონაწილის თხოვნა სასამართლოსადმი მოსამართლის, ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ, ამა თუ იმ მოქმედების შესრულებასა ან არშესრულებაზე. Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2kiSyCx

[2] საქართველოს უზენაესი სასამართლო, 25 იანვარი 2017. ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/news/id/1357

[3] მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 14 მარტი, 2014, ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/ge/statistical-data-idfi-practice

[4] ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 27 აპრილი, 2016, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/1T4g8sk

[5] ვალდებულება 17: ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება, გვ. 43, http://bit.ly/2kJTWP2

[6] ვალდებულება 13: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით, გვ. 23, http://bit.ly/2knGmxw

[7] ცხრილი N2. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2kLbrdL

[8] ცხრილი N1. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიხედვით. საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2kFltOu

[9] ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (აპრილი-დეკემბერი, 2016), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 23 იანვარი, 2017, ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/ge/regulating_secret_surveillance_in_georgia

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი