ნიკა მელია – ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოუსმენს ამომრჩეველს

0
454

პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის დატოვების შესახებ ცნობილი გუშინდელ ყრილობაზე გახდა. თანაგუნდელებმა განმარტეს, რომ მერაბიშვილი პოსტს ინარჩუნებს. თუმცა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურ მდივნად არჩევაზე მას თანხმობა არ განუცხადებია.

მიკა მელიას თქმით, ყრილობის დღის წესრიგში ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვების საკითხი არ იყო შეტანილი. მისი თქმით, მომდევნო კვირას ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისვლას აპირებს. ნიკა მელიას აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნის პოზიციაზე დარჩება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა აბსოლუტურად განსხვავებულად, ვიდრე გიგი უგულავა. გიგი უგულავა არ გამოსულა ციხიდან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი უგულავა გამოვიდა საპატიმროდან, როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი,“ – აცხადებს ნიკა მელია.

მომავალ კვირაში გაირკვევა, გახდება თუ არა ვაკანტური ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტი. თანაგუნდელები ვანო მერაბიშვილს საპატიმროში შეხვდებიან და პარტიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას პირადად მოისმენენ. ნიკა მელია მერაბიშვილს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მერაბიშვილი თანამდებობაზე უარს იტყვის, შესაძლოა ეს პოსტი პარტიაში საერთოდ გაუქმდეს.

ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე არ საუბრობს მისი ადვოკატი, ოთარ კახიძე, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა ცოტა ხნის წინ დატოვა. თუმცა, ადასტურებს ინფორმაციას, რომ მერაბიშვილს პარტიისთვის თანხმობა მის გენერალურ მდივნად დატოვებაზე მიცემული არ ჰქონია.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განმარტეს, რომ მერაბიშვილი პოსტს ინარჩუნებს, თუმცა საპატიმროში ყოფნის გამო, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე შეითავსებს. ნიკა მელიას მოუწევს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეთავსებაც, რადგან გენერალური მდივნის მსგავსად, ყრილობაზე არ აურჩევიათ არც პარტიის ახალი თავმჯდომარე.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვება პარტიის პოლიტიკურ საქმიანობას არ შეაფერხებს,

უკვე ცნობილია პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური გეგმების შესახებაც. საკანონმდებლო ორგანოს 6-კაციანი ფრაქციის შექმნის სურვილით უკვე მიმართეს, რომელსაც რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.

ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოუსმენს ამომრჩეველს – ნიკა მელია
ნიკა მელიას თქმით, სპორტის სასახლეში ჩატარებულმა ნაციონალური მოძრაობის გუშინდელმა ყრილობამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი. მან თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არანაირი დაპირისპირება აღარ არსებობს.

„გავიდა ერთი ჯგუფი პარტიიდან, ეს არის წარსული. მათ ნაწილს მე ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელზედაც თავად აირჩიეს,“ – აცხადებს ნიკა მელია.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, როგორც საპარლამენტო ფორმატში, ასევე არასაპარლამენტო ფორმატში.

„ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოუსმენს ამომრჩეველს. იმ ქვეყანაში, სადაც უდიდესი საპროტესტო მუხტი არის, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად უფრო აქტიურები ვიქნებით საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ პარლამენტს მიღმა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონცეპტუალურ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებს „პოლიტიკური დევნილობის“ გამო.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი