პატრიარქის განცხადებაზე – ჩემო თანამოქალაქენო, მოდის ჟამი დიდი ცვლილებებისა, მალე მოგმართავთ

0
312

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს  დღევანდელი მიმართვა ემიგრანტებისადმი “ფოსტალიონთან” საუბრისას ყოფილმა პოლიტდევნილმა,  პარტია “დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ შეაფასა. მისი თქმით, პატრიარქმა ამ  განცხადებით ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების უმოქმედობას გაუსვა ხაზი.

“წლების მანძილზე ჩვენი პატრიარქი, ერის სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი მოუწოდებდა ქართულ დიასპორას, დააბრუნებულიყვნენ სამშობლოში.  მაგრამ დღეს, როდესაც ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები იმაზე კი არ არიან გამეცადინებულნი, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად წასული ჩვენი თანამემამულეები უკან დააბრუნონ, არამედ იმაზე, თუ როგორ მიყიდონ ქართული მიწები უცხოელებს, ამ ფონზე უწმინდესი მათ ვერ ეტყოდა, საქართველოში დაბრუნდითო. მისი დღევანდელი განცხადება  კიდევ ერთი დასტურია ხელისუფლების უმეცრების და უმოქმედობისა თავისი თანამოქალაქეების მიმართ.

მე პირადად არაერთხელ მითქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რათა შექმნას პირობები და პროგრამა გადახვეწილი ქართველების უკან დასაბრუნებლად. სამაგიეროდ   ცდილობს, კონსტიტუციაში შეიტანოს, რომ უცხო ტომელებს მიეყიდოს მიწები. როცა ტერიტორიებდაკარგული ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მზადაა ბიუჯეტი გაამდიდროს მიწების  გაყიდვის  ხარჯზე, ეს ინვესტიციები იუდას 30 ვარცხლია, რომელიც დაშლის და დაღუპავს სახელმწიფოს!

სწორედ ამ კოტექსტში თქვა უნეტარესმა ის, რაც თქვა. იმ დროს,  როცა მან უარი განაცხადა, მისი აღსაყდრების 40 წლის აღნიშვნაზე, უარი თქვა საერთაშორისო დელეგაციების ჩამოსვლაზე და ამის მიზეზად მძიმე სოციალური მდგომარეობა დაასახელა, დღევანდელი ხელისუფლება თოდრიას, ფარცხალაძის და სხვა მილიონერთა საქმეების გარჩევითაა დაკავებული. როცა ნახევარი საქართველო წვიმამ წალეკა, გაჩანაგდა გლეხების მოსავალი და საქონელი, ხელისუფლება ხალხის ბიუჯეტზე ალაფობს და ჩვენი ფულით დაფინანსებულ ძვირადღირებულ კონცერტებს გვთავაზობს.

როცა არ გესმით ქართველი ხალხის, არ გესმით ჩვენი პოლიტიკური ძალის, არ გესმით საზოგადოების, ერის სულიერ წინამძღოლს მაინც მოუსმინეთ თქვე გაჭირვებულებო. მე-6 წელია ვერაფერი გაუკეთეთ მოსახლეობას და იძულებული გახადეთ უნეტარესი, ემიგრანტებისთვის ეთქვა,  არ ჩამოხვიდეთო. ეს მოწოდება მან იმიტომ გააკეთამ რომ უყვარს სამშობლოდან გადახვეწილი თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობა აქვს და სტკივა ისინი. ასევე ეს იყო გაფრთხილება ხელისუფლებიდსადმი, რომ იფიქრონ მოსახლეობაზე.

მივმართავ ხელისუფლებას: სულ ნუ გამოფარცხალაძევდით!  ამაზე მეტი სულიერ მოძღვარს რა უნდა ეთქვა, ეს ხომ პანღურზე უარესია! მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ყველაფერს იტანთ, ოღონდ პირადი კეთილდღეობა შეინარჩუნოთ.

ჩემო თანამოქალაქენო, მოდის ჟამი დიდი ცვლილებებისა, მალე მოგმართავთ.” -აცხადებს გიგლა ბარამიძე.

წყარო: postalioni.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი