პრეზიდენტის შვილი სკანდალური ვიდეო – ამოიტრიალე ჯიბეები, ნახონ, რომ არაფერი გვაქვს

0
365

ანა მარგველაშვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც, აღწერის მიხედვით, 15 მარტს, ანუ იმ დღემდე ორი დღით ადრეა გადაღებული, როცა ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის მეგობარი – მიხეილ თათარიშვილი დააკავეს და 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს. დაკავებისას მიხეილ თათარიშვილთან ერთად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც იმყოფებოდა. 

სწორედ მინდია გოგოჭური და მიხეილ თათარიშვილი ჩანან ვიდეოზე, რომელსაც ისინი 17 მარტის სკანდალურ დაკავებამდე ორი დღით ადრე იღებდნენ, რადგან, ანა მარგველაშვილის თქმით, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ნარკოტიკის ჩადებას უპირებდნენ.

როგორც ჩანს, მეგობრები ვიდეოს პრევენციის მიზნით იღებენ, რათა ჩანდეს, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არა აქვთ:

“ამოიტრიალე ჯიბეები, სახეზეც გადამიღე… ახლა მეც გადამიღე, რომ არაფერი არ გვაქვს… მორჩა, წავედით… გადაუგზავნე ეს ვიდეო ვინმეს, მერე რომ არ წაგვართვან”- ეუბნებიან მეგობრები ერთმანეთს.

“ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ”, – წერს ანა მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, დაკავებულის მეგობარი) “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, დღეს სასამართლო პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა:

„თათარიშვილი არის შოკში, იმდენად წარმოუდგენელია მისთვის ეს ყველაფერი. სამი საათის განმავლობაში ექიმებმა კლინიკურად შეამოწმეს და განაცხადეს, რომ ის არ იმყოფებოდა კლინიკურად ნარკოლოგიური თრობის ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულ შემოწმებაზე “МВД”-ს დაწესებულებაში უარი განაცხადა, ვგეგმავთ სამხარაულში ჩავაბაროთ თმის ღერი, რაც ყველას დაარწმუნებს, რომ ის არასოდეს მომხმარებელი არ ყოფილა,“- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, თათარიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა, რადგან ოქმში არ არის დაფიქსირებული, რომ მასთან ერთდ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

თათარიშვილის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც დაკავებულს თან ახლდა, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭურია. გოგოჭური “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ სამართალდამცავებს სხვა პირები არ გაუჩხრიკავთ და პირდაპირ თათარიშვილს დაადეს ხელბორკილი.

„შემოვიდნენ, ეგრევე ხელების გადაგრეხვა, გადამეტებული დოზით ძალადობა, გამოგვათრიეს გარეთ გინებით, ყვირილით, მანქანაში ჩატენვით. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციიდან ვართო, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მოიტყუეს და ქალაქის მთავარი სამმართველოდან იყვნენ, ტელეფონი, ყველაფერი წაგვართვეს, მიშო ჩასვეს მანქანაში და მოიტაცეს.

ადგილზე მე ხუთი წუთი ვყავდი დაკავებული, იმიტომ, რომ არ გავყოლილიყავი და ვერ მივმხვდარიყავი, სად მიჰყავდათ მიშო, ის გააქრეს, რომ მართლა ვერ გავიგე სად წაიყვანეს, მერე გავიგე, რომ მთავარ სამმართველოში ჰყავდათ და აღმოაჩნდა 18 აბი სუბოტექსი, არც მე გავუჩხრეკივარ, არც ლევან მაისურაძე, მიშოზე იყო ეტყობა აშკარა მითითება, რომ ის უნდა დაეჭირათ,“- განაცხადა მინდია გოგოჭურმა.

წყარო: allmedia.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი