რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება

0
365

რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება, შეიძლება თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება, რა გავლენა აქვს სტრესს და რა საკვების მიღება სჯობს მეხსიერების გასაუმჯობესებლდ? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ესაუბრა.

რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება? ამ პროცესის მართვა შესაძლებელია?

დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა. გაუარესებულ მეხსიერებას უჩივიან 30-35 წლამდე ადამიანებიც კი. ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ცხოვრების წესთან, ინტერესების სფეროსთან, ადამიანის გონებრივ დატვირთვასთან. ამ თემაზე ბევრი კვლევა არსებობს, რომელთა უმრავლესობაში საუბარია იმაზე, რომ მეხსიერება ნელ-ნელა უარესდება 40 წლის შემდეგ, თუმცა ასევე, არის კვლევები, სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, არის აქტიური როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად, მან კარგი მეხსიერება 80 წლის ასაკშიც შეიძლება შეინარჩუნოს.

როცა მეხსიერების გაუარესებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რა ტიპის მეხსიერებაში აქვს პრობლემა ადამიანს. არსებობს ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება – ასეა დაყოფილი პირობითად. ხანმოკლე მეხსიერების დროს ინფორმაციას რამდენიმე საათის მანძილზე იმახსოვრებს ადამიანი, ხანგრძლივი მეხსიერებისას კი – შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც.

ზოგადად, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად „ავარჯიშებს“ ადამიანი მეხსიერებას. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთხელ წაიკითხოს, მაგალითად, ლექსი და ზეპირად თქვას, იმიტომ, რომ გავარჯიშებული აქვს ტვინი. ასევე, არის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია მეხსიერების გაუმჯობესება. ინტელექტის კოეფიციენტის [IQ] შედგენისას ტესტის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა მეხსიერებას. ითვლება, რომ თუ მეხსიერებაში პრობლემა არის, ინტელექტის კოეფიციენტი დაბალია.

თუ ადამიანი ამჩნევს, რომ გაუარესდა მეხსიერება, ისე ადვილად ვერ იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას, როგორც ადრე [არ ვგულისხმობ შორს წასულ ფორმებს, როცა სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო], არსებობს რაიმე ტიპის სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად?

ჯერ შესასწავლია გარემო, რა გარემოში ცხოვრობს და მუშაობს ადამიანი. თუ გარემო ზედმეტად სტრესულია, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მეხსიერების გადაღლას, კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. თუ ადამიანს არა აქვს განსაკუთრებული, სტრესული სამსახური, მაშინ მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეიძლება ეფექტური იყოს ახალი ენის შესწავლა, მაგალითად, დღეში რამდენიმე ახალი სიტყვის.

ზოგადად, კითხვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. კარგია, ასევე, კროსვორდების შევსება, რადგან ვითარდება ასოციაციური მეხსიერება, რომელიც მეხსიერების ცალკე სახეა. იმ სიტყვის გახსენების პროცესი, რომელიც სხვა სიტყვასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ კავშირშია მეხსიერების გავარჯიშებასთან.

მეხსიერების სავარჯიშოდ კარგია ჭადრაკი. განსაკუთრებით ზეპირი, ბლიც-ჭადრაკი, როცა ვიზუალური მეხსიერებაც ერთვება პროცესში.

რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, აქვს თუ არა ამას გავლენა მეხსიერებაზე?

ნამდვილად აქვს. პირველ რიგში – ჯანსაღ კვებას. სასარგებლოა თხილეული, კაკალი. იმასაც ამბობენ ხუმრობით, რომ კაკალი თავის ტვინს ჰგავს, მის ხვეულებს იმეორებს. კაკალი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ლეციტინს, რომელიც ნეიროპროტექტორივით „მუშაობს“ და ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ასევე, კაკალი, თხილი, თუ მზესუმზირა შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ეს ცხიმოვანი, აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც დღის მანძილზე მიღებული საკვების შემდეგ „ალაგებს“ ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში. ანტიოქსიდანტებს შეიცავს ასევე მოცვი, მოცხარი, თაფლი, პომიდორი… ძალიან სასარგებლოა თევზი, რომელიც ასევე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს. მიიჩნევა, რომ წითელი ღვინოც სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ზომიერად, რა თქმა უნდა. წითელ ღვინოს ალცჰაიმერის დაავადების [დაავადება, რომლის დროსაც ხდება ტვინის ატროფია და მეხსიერების დაქვეითება] პროფილაქტიკისთვისაც კი იყენებენ.

არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ცუდი მეხსიერება, მაგრამ დეტალურად ახსოვთ ბავშვობის ამბები. ეს რით აიხსნება?

ბავშვობა იმდენად მკვეთრადაა ჩაბეჭდილი მეხსიერებაში, რომ იგი იშვიათად ავიწყდება ადამიანს, გამონაკლისს წარმოადგენს ტრავმები. ამიტომაცაა, რომ დაავადების დროს ჯერ ნადგურდება ხანმოკლე მეხსიერება, მაგალითად, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს რა ჭამა დღეს, რა მოხდა გუშინ, თუმცა ახსოვს ბავშვობა.

რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე, უბრალოდ, გულმავიწყობას კი არა, დაავადებას ეხება და ექიმის ჩარევაა საჭირო?

არსებობს მეხსიერების ისეთი უცნაური დარღვევები, როცა ადამიანს ესაუბრები, ვერაფერს ამჩნევ, მაგრამ იგი შეიძლება ვერ წავიდეს სახლში, რადგან ვერ იხსენებს საკუთარი სახლის მისამართს. ამ დროს მან შეიძლება რთული ამოცანაც ამოხსნას, ოპერაცია გააკეთოს, სტატია დაწეროს, ანუ თავისი საქმე უშეცდომოდ შეასრულოს, მაგრამ სახლისკენ გზა ვერ გაიხსენოს. ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს მსგავსი რამ. ასეთ დროს ადამიანი თავის დაავადებასაც ვერ აღიქვამს სერიოზულად, ვერ აფასებს სიტუაციას. მეხსიერების გაუარესების ასეთი გამოვლინებები არის საშიში, ეს უკვე მნიშვნელოვან დარღვევად მიიჩნევა.

ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, შედარებით ნაკლებად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისას ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებულია და ეს აისახება, ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე და მათ შორის, მეხსიერებაზეც.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი