რატომ გადადის ეროვნება ებრაელებში დედის მხრიდან?!

0
348

ეს საკითხი დიდი ხანი მაწუხებდა, რაღაც გარკვეული დასკვნების გაკეთება არც ისე რთულია, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერავისგან მივიღე. ბევრი მიმსჯელია ებრაელ რაბინებთან, მეცნიერებთან თუ უბრალოდ განათლებულ ადამიანებთან თბილისშიც და საზღვარგარეთაც-საბოლოო პასუხი იყო ერთი: ასე წერია თორაში. მაგრამ ხომ უნდა ჰქონოდა ამას მეცნიერული და ლოგიკური ახსნა? ჩემი ებრაელი მეგობარი, შესანიშნავი მუსიკოსი და პიროვნება ნოდარ პალადაშვილი მთელი ცხოვრება იძახდა საქართველოში ებრაელი ვარ, ისრაელში კი ქართველიო (დედა გურული ქალი გახლდათ). ბევრ თბილისელს ახსოვს ალბათ ილია ბენ მოშე (ილია მოშიაშვილი), ფრიდ განათლებული მკურნალი და უბრალოდ კარგი პიროვნება. მასთან ერთერთი კამათისას ასე მითხრა: ებრაელები პარაგმატული ხალხი ვართ და ყველაფერში სიზუსტე გვიყვარსო;

ჩემი არგუმენტი ასეთი გახლდათ – მაშინ სად არის ერთგულება, ნდობა, სიყვარული, განა თორა მათ უარყოფას გვასწავლის-მეთქი? მისი არგუმენტი უფრო მყარი აღმოჩნდა, შემახსენა სოკრატეს ცნობილი სიტყვები: „მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”. ახალი წლების წინ დავუკავშირდი ისრაელში მოღვაწე ჩემს ერთ-ერთ სტუდენტს (გვარს მისი თხოვნით ვერ გაგიმხელთ), ვთხოვე შეეწუხებინა იქაური მეცნიერ-თეოლოგები და ორიოდ კვირის წინ მივიღე წერილი, რომლის მოკლე შინაარსსაც ახლა გადმოგცემთ.

როგორც ირკვევა, ამ საკითხს აქვს ორი ახსნა, ერთი წმინდა რელიგიური, რომელიც თორაზეა დაფუძნებული და მეორე დაახლოებით იდენტური, ოღონდ რელიგიურ ფესვებს მოკლებული.

პირველი ვერსია: თორა პირდაპირ კრძალავს შერეულ ქორწინებას, ანუ არაებრაელი ქალის ცოლად მოყვანას. ახსნა ასეთია- არაებრაელი ქალი ჭეშმარიტ ებრაულ ფასეულობების მატარებელ ბავშვს ვერ გაზრდისო. აქედან ვერსია, რომ თუ დედა არ არის ებრაელი, შვილიც ვერ იქნება, რადგან მისი პიროვნებად ჩამოყალიბება წლების მანძილზე დედის მეთვალყურეობით ხდება. იმისათვის, რომ იუდაიზმი სუფთა სახით შეენარჩუნებინათ, აკრძალული იყო ებრაელად ეცნოთ დედით სხვა აღმსარებლობის ადამიანი. უფრო მეტიც, უცხო ტომელთან ქორწინება საუკუნეების მანძილზე ღმერთის წინაშე დანაშაულად ითვლებოდა. გამოსავალი იყო ერთი – უცხო ტომის ქალს უნდა აეღო რელიგიური პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც თავადაც და მისი შთამომავლობაც ებრაელებად ითვლებოდნენ.

ალტერნატიული ვერსია: მთავარი ის კი არ იყო რას მოითხოვდა თორა, არამედ ძველი ებრაელი მამაკაცების უნდობლობა უცხოტომელი ქალების მიმართ. ანუ, 100%-იანი გარანტია, რომ ბავშვის მამა ხართ, არ აქვს არც ერთ მამაკაცს (აქ ითვლება ქორწინებაში დაბადებული ბავშვებიც), ყოველთვის არსებობს მიზერული შანსი, რომ ცდებოდეთ. აბსოლუტური სიზუსტით შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის დედის დასახელება. სწორედ ამიტომაც ებრაელი დედის გაჩენილი შვილი ითვლება ებრაელად.

ვერ დავიჩემებ, რომ ეს ორი ვერსია არის სრული პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა საკმაოდ არგუმენტირებულია და არანაირი საბაბი არ მაქვს არ ვირწმუნო. ერთი რამ ვიცი უეჭველად, ამიერიდან, ამ საკითხზე ფიქრით არც თავს შევიწუხებ და არც თქვენ დაგაკარგინებთ ძვირფას დროს.

წყარო: qartuliazri.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი