რა კითხვები შეიძლება დაგვისვას ევროპელმა მესაზღვრემ? – უვიზო რეჟიმი

0
262

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე ძალაშია. რა შეკითხვები შეიძლება ევროპელმა მესაზღვრემ დაგვისვას, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, და რატომაა მნიშნელოვანი, რომ ზუსტად ვიცოდეთ მოგზაურობის მიზანი? – ნეტგაზეთის შეკითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე პასუხობს:

სად ანუ რა ადგილას შეიძლება, რომ ევროპელმა მესაზღვრემ კითხვები დაგვისვას აეროპორტში?

მესაზღვრე მხვდება საპასპორტო კონტროლთან და იქ მისვამს კითხვებს. მესაზღვრეს კარგად აქვს გავლილი ფსიქოლოგიური მომზადების კურსი. ის იწყებს ფეისკონტროლიდან. შეიძლება დაგისვას კითხვები, შეიძლება – არა. პასპორტს როდესაც მივაწოდებთ, შეიძლება იქ ჩახედოს [შეამოწმოს], კალკულატორით გადათვალოს, გვაქვს თუ არა შენგენში ყოფნისათვის დარჩენილი დღეები. თუ მესაზღვრე კითხვების დასმას გადაწყვეტს, მოქალაქე ვადლებულია მას დაუსაბუთოს, სად მიდის და რატომ… ანუ მის კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. თუ კითხვებზე პასუხს კარგად გავცემთ, შეიძლება საერთოდ არ მოგვთხოვოს [რაიმე დამადასტურებელი] დოკუმენტი.

რა კითხვები შეიძლება დასვას მესაზღვრემ?

მაგალითად: სად მივდივართ? რა მიზნით? რის ნახვას ვაპირებთ? მაქვს თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი? მაქვს თუ არა [ჯანმრთელობის] დაზღვევა იმ ვადაზე, რა ვადითაც ჩავდივარ.

მაგალითად, ჩავდივარ პარიზში, მესაზღვრე მეკითხება, რის დათვალიერებას აპირებთ და მე შეცდომით ვეუბნები, ბიგ-ბენს ვნახავ-მეთქი?

უკვე უარია. ასეთი შემთხვევები გვქონია, ისრაელში მოსალოცად ჩასულებს ემართებათ ხოლმე: რომელი საფლავის მოსანახულებლად მიდიხარო და წმინდა ნიკოლოზისო. ისრაელის ტერიტორიაზე წმინდა ნიკოლოზის საფლავი არ არსებობს, ხომ?  დანარჩენ კითვებს აზრი აღარ აქვს იმიტომ, რომ თავიდანვე იტყუება.

დავუშვათ ასეთი პასუხი მაქვს, ჩავალ პარიზში და იქ ინტერნეტით ავარჩევ სანახავ ადგილს, ან კონკრეტული მიზანი არ მაქვს და ქუჩებში ვივლი?

შეიძლება, რომ გამიზნული არ მქონდეს, პირველს ეიფელის კოშკს ვნახავ თუ ვერსალში წავალ, მაგრამ ის, რომ სასტუმროს ჯავშანი მაქვს, ან ვიცი, სად უნდა გავჩერდე… გარდა ამისა, შეიძლება საერთოდ არაფრის დასათვალიერებლად არ მივდიოდე და შოპინგი მქონდეს გადაწყვეტილი. მთავარია, მე ვიცოდე, რა მინდა, ეს გავაგებინო მესაზღვრეს და შემდეგ უკვე თანხის ჩვენებით დავუდასტურო, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს.

ანუ თუ ამბობ, რომ შოპინგია მიზანი, თანხა უფრო მეტი უნდა გქონდეს, ვიდრე დღიური 50 ევრო?

რა თქმა უნდა. თუ ვამბობ, რომ 4 დღით მივდივარ,  200 ევრო მაქვს სულ და ქალაქის დათვალიერებას არა, მაგრამ შოპინგს ვაპირებ, [ის ფიქრობს, რომ] 200 ევროთი მე ვერ ვიშოპინგებ, მით უმეტეს, პარიზში…

50 ევრო, რომელიც, როგორც ითქვა, საჭიროა დღიურად ევროპაში… ეს თანხა სხვადასხვა ქვეყნაში ვარირებს, ხომ?

რა თქმა უნდა. 50 ევრო არის საშუალო.

როგორ ანგარიშდება ეს თანხა?

50 ევროში იანგარიშება კვების, გადაადგილების, მუზეუმის ბილეთის ფული და ა.შ. ამაში არ შედის საცხოვრებელი ხარჯი. ის ცალკე თანხაა.

საფრანგეთში 50 ევრო ერთ ადამიანზე არ იქნება საკმარისი, რომ მესაზღვრე დარწმუნდეს მის…

ახლა ასე ზეპირად ვერ გეტყვით, მაგრამ ქვეყნების შემთხვევში ჩვენ შეიძლება შემდეგ დაგიკონკრეტოთ ეს ინფორმაცია.

თითო დღეზე 50 ევრო რომ მქონდეს გათვლილი, ნებისმიერ ქვეყანაში შევძლებ თუ არა შესვლას, ამის გარკვევას ვცდილობ…

შეიძლება ვერ შეძლოთ. მაგალითად, სლოვენიაში დღეში 50 ევრო თქვენ არ დაგჭირდებათ, შეიძლება იყოს 30 ევრომდე, ისეთი ქვეყნებიც არსებობს, სადაც დღეზე 27 ევროა საკმარისი, მაგრამ, მაგალითად, შვეიცარიაში 50 ევრო არ გვეყოფა დღეზე.

რამდენია საჭირო შვეიცარიაში?

60-65 ევრო.

მესაზღვრის ნებისმიერ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი, ანუ ის თუ მიხვდა, რომ რაღაცას ატყუებ, შესაძლოა იყოს უარის საბაბი?

მესაზღვრე უბრალოდ ტერიტორიაზე არ გიშვებს, უარს გეუბნება შესვლაზე. იმის გამო, რომ იმ მომენტში შენ რაღაცას ვერ ასაბუთებ, შესვლაზე [სამომავლო] აკრძალვა არ გიწესდება. იმ წუთას არ გიშვებს. ვთქვათ, [უკან დასაბრუნებელი] ბილეთი [ნაყიდი] მაქვს, მაგრამ არ გამაჩნია მეილზე [მისი ელექტრონული ვერსია], ან ინტრნეტი არ მქონდა ჩართული და ვერ ვაჩვენე ინტერნეტბანკინგზე, რომ თანხა მაქვს… გამოვტრიალდი, გავჩერდი, გადავრეკე, მომაწოდეს [დოკუმენტი], შევბრუნდი და დავუდასტურე. მაშინ უკვე შემიძლია, რომ შევიდე ქვეყანაში.

ანუ კონკრეტულ კომუნიკაციაში რაც ხდება ჩემსა და მესაზღვრეს შორის, იმ ერთ შემთხვეას ეხება და სამომავლო შედეგებს არ იწვევს, ხომ?

დიახ. მე თუ მესაზღვრეს შეურაცხყოფა მივაყენე, წესრიგი დავარღვიე და ა.შ. ეს უკვე სხვა საკითხია.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უვიზოდ მოგზაურობის სურვილი, მაგრამ ცოტას ნერვიულობენ?

თუ ისინი დარწმუნებული არიან [მგზავრობის] მიზანში და გააჩნიათ ამის ფინანსური უზრუნველყოფა, სანერვიულო არაფერი აქვთ. არ ინერვიულონ, უბრალოდ, პასუხები გასცენ მესაზღვრის შეკითხვებს.

თუ ენა არ ვიცი, თარჯიმანი მოვითხოვო?

ყველა ქვეყანაში არ არის ისე, რომ საზღვარზე ნებსიმიერ დროს… რამდენი ენის თარჯიმანი უნდა ჰყავდეთ? მე ხშირად შევსწრებივარ, რომ ვიღაცას არ სცოდნია ენა, მაგრამ თარგმანში დავხმარებივარ. ქართველები, როგორც წესი, ერთი რეისით ჩადიან ხოლმე და არ მგონია, ვინმე არ იყოს [ინგლისურის მცოდნე]… თვითმფრინავშივე შეიძლება თადარიგის დაკავება.

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი