რა ხდება ამ წუთებში რუსთავი 2 ის შენობასთან ? – სენსაციური განცხადებები

0
402

„ბრძოლის ხაზი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის რუსთავი 2-ზე გადის,“- ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

რუსთავი 2-ის დაცვით ჩვენ ერთი კონკრეტულ სატელევიზიო არხს არ ვიცავთ, აქციებში მონაწილეობით მე ვიცავ ჩემს უფლებას, ვიცხოვრო უკეთეს ქვეყანაში,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

„რუსთავი 2-ისსარედაქციო პოლიტიკის შეცვლით, აღარ დარჩება არცერთი სატელევიზიო არხი, რომელიც თქვენზე, საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებზე ისაუბრებს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ რუსთავი 2-ის დასაცავად.

„როგორც ბიბლია გვასწავლის, არის ჟამი ქვების შეგროვების, დღეს არის ქვების შეგროვების ჟამი, რუსთავი 2 არის ძალიან მძიმე ქვა, რომლის ტვირთი და სიმძიმე ამ ხელისუფლებას ჩამოშლის,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება აუცილებლია.

“სუს-ი ახლა არის დაკავებული იმით, რომ სურათებზე, კადრებზე ითვლიან თავებს, რამდენი ადამიანია გამოსული ქუჩაში რუსთავი 2-ის დასაცავად, იგივე ადამიანები ასე ითვლიდნენ თავებს, როცა სანდრო გირგვლიანის ამბის, იმედის ამბის მერე აქციები რომ იყო, ამ თავების თვლამ სადამდე მიიყვანა მაშინდელი ხელისუფლება,“- აღნიშნა ბაქრძემ.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკვე მესამე დღეა იმყოფებიან. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ შეხვედრებზე მთავარი თემა ძირითადად რუსთავი 2-ის საქმეა.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ევროდეპუტატებმა საქმის შესახებ დეტალები იციან და მოვლენების განვითარებას თვალ-ყურს ადევნებენ.

„უკლებლივ ყველა, ვისაც ჩვენ შევხვდით, თვლის, რომ რუსთავი 2 არის წითელი ხაზი, რომლის მიღმა საქართველოს სახე იცვლება, საქართველო გარდაიქმნება არადემოკრატიულ ქვეყნად, თუ რუსთავი 2 წაიღო ივანიშვილმა,“ – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელია განცხადებით, არცერთ ევროდეპუტატს არ აქვს განცდა, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის ორ სუბიექტს შორის დავა. მისი თქმით, ქვეყანა „დემოკრატიულ რელსებს ასცდა“.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის მხრიდან რუსთავი 2-ის საკითხზე ოფიციალური განცხადებები დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ კეთდება, სანამ სასამართლოს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ამ საქმეზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია რუსთავი 2-ის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს ბრძოლა ინსტიტუციების წინააღმდეგ.

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, დღეს უკვე სასამართლო ხელისუფლებაც სრული კონტროლის ქვეშ არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა. ამ შემთხვევაში ჯერი დადგა მედიის. შეიძლება ითქვას, რომ სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება,“ – განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები გააგრძელებენ რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების გვერდით დგომას.

„ჩვენი პარტიის მხარდაჭერას გიფიქსირებთ, ასე რომ სადაც იქნება სიტყვის თავისუფლების დაცვა, ჩვენ იქ ვიქნებით, ხოლო ეს როგორი ფორმატით იქნება, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება ყოველთვის სამართლიანობისა და სიმართლის გვერდით,“ – განაცხადა ლევან სამუშიამ.

სამუშია ნეგატიურ პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სრულად აკონტროლებს  სასამართლო სისტემას.

„არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ შერჩენია მედიის წინააღმდეგ ბრძოლა და როგორც ვხედავთ, ვერც ქართული ოცნება ვერ სწავლობს ჭკუას წინა ხელისუფლებების შეცდომებიდან გამომდინარე,“ – აღნიშნა სამუშიამ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე დიდი ზეწოლის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, რუსთავი 2-ის საქმეზე მაინც დიდმა პალატამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„მაინც იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე საქმე არ მივა და სპეცრაზმის დახმარებით და ძალადობით არ დააპირებენ ტელევიზიაში შესვლას. თუ ასეთი ფაქტი იქნა, ამას ბუნებრივია, ძალიან გავაპროტესტებთ, როგორც არა ერთხელ გაგვიპროტესტებია ადრეც,“ – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

მისი აზრით, რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება ქვეყნას მრავალ პრობლემას შეუქმნის და მითუმეტეს საზიანო იქნება ხელისუფლებისთვის.

„ცხადი გახდება, მსოფლიოს საზოგადოებისთვის, რომ მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისულფება მიზანმიმართულად მიდის და კერძო დავაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ამას არავინ არ დაიჯერებს. ეს შესაბამისად აისახება საქართველოს მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაზე,“ – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების გარდა ყველა რუსთავი 2-ის საქმის თაობაზე დღეს ერთ აზრზეა. დავით ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლება საქართველოში თავისუფალ აზრს “ვერ მოკლავს” და ნებისმიერ მედიასთან ბრძოლა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამღუპველია.

უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე დიდი პალატის სხდომაზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, თუ თავისუფალი სიტყვის ადგილი დაიკარგა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება არც თუ ისე ძლიერი იქნება.

“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილი იქნება ისტორიული. მინდა ვიყო ოპტიმისტი და ვიფიქრო, რომ მოსამართლეებს აღმოაჩნდებათ იმის გამბედაობა, რომ დღეს სამოქალაქო გმირობის ნაბიჯი გადადგან და ისინი დადგენ სამართლის მხარეს. იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი სიტყვის ადგილი დაიკარგა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება არც თუ ისე ძლიერი იქნება,“- განაცხადა ცოფურაშვილმა.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.

– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება –

– ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მის თქმით, გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს, არანაირ კავშირში არ არის სამართალთან.

“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რეალურად რუსთავი 2 მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 პროცენტით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. ეს გადაწყვეტილება არ არის მათი დაწერილი, უბრალოდ მათი პირით მოხდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება,“ – განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატი ასევე გადაწყვეტილებას განმარტავს.

“ ძალიან გაუჭირდება სასამართლოს დასაბუთების გაკეთება. ჩვენი საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქმე უდნა დაბრუნებულიყო ქვედა ინსტანციაში. ჩვენი მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ ვითხოვდით ორ რამეს, გაუქმებულიყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ისევ დაბრუნებულიყო სააპელაციო სასამართლოში. პირველ ნაწილში ანუ გაუქმების ნაწილში დააკმაყოფილა უზენაესმა, ოღონდ დაბრუნების ნაწილში არ დააკმაყოფილა და თქვა რომ მე უდნა მივიღო ახალი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების სარეზულციო ნაწილით 100 პროცენტი მიენიჭა ქიბარ ხალვაშს, რომლის დასაბუთებასაც შემოგვთავაზებს სასამართლო“ – აღნიშნა საძაგლიშვილმა.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით სქართველოში დემოკრატიის მარცხის მომსწრეები, საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერელურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელი გადაწყვეტილება 6 საათში იქნა მიღებული, მაშინ, როდესაც საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგებოდა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციას მნიშნელოვან პრობლემას შეუქმნის.

„ხელისუფლების მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ხვალიდან ან რამდენიმე თვის მერე ჩვენ უვიზო მიმოსვლა ისვე არ გვქონდეს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი 2-ის საქმეთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს ეზოში მყოფები ხმაურით შეხვდნენ. ისინი აპირებენ, რომ ამ წუთებში დაიძრნან და გადაინაცვლონ რუსთავი 2-ის შენობასთან.

როგორც ცნობილია, დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსთავი 2-ის და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს სასამართლოს შენობასთან.

აქციაში მონაწილეობდნენ პოლიტკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი წევრი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. გოცირიძე აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„მე მინდა ვუთხრა მოსამართლეებს და ყველას, ვინც, ეს გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ ხართ მოღალატეები, თქვენ უღალატეთ საქართველოს, თქვენ უღალატეთ თითოეულ მის მოქალაქეს, თქვენ უღალატეთ დემოკრატიის პრინციპებს. ამ ხელისუფლებას არც ერთი მსოფლიო ლიდერი უკვე არ აღიარებს. თქვენ დაიპყარით ჩვენი მმართველობის ყველა სფერო, უზურპირებული გაქვთ მთავრობა, დაამონეთ და დაიმორჩილეთ სასამართლო მთელი სისტემა. ყველაფერი არის უზურპირებული, ყველაფერი არის ფულით, დაშინებით და ძალადობით შექმნილი. ამას ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ რუსთავი 2-ს არ დავთმობთ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, საქართველოს აბრუნებენ საბჭოთა კორუმპირებული წარსულისკენ, თუმცა ეს არ გამოუვათ.

„ხელისუფლება დაადგა არადემოკრატიული განვითარების გზას, უზურპირებული აქვს ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, მიმართავენ ყველა სამართლებრივ ზომებს, გაასაჩივრებენ ევროპულ სასამართლოში და რუსთავი 2-სთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა უზენაესის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

“ეს არის მთავარი დემოკრატიული ღირებულების, სიტყვის თავისუფლების დასამარების მცდელობა. მცდელობა იმიტომ, რომ არ გამოვა ეს. საჭირო არ არის ნერვიულობა, მშვიდი და გააზრებული მოქმედებაა საჭირო,“ – განცხადა ნიკა რურუამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ასევე ავტომატურად გაუქმდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელებს დააკმაყოფილებს.

„ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს შეჩერებაზე ამ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი. ვნახოთ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან თავისუფალი სიტყვის და ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან.

შენობასთან ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ხელისუფლებამ გააუქმა დემოკრატიული ფუნდამენტი.

“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გააუქმა დემოკრატიული ფუნდამენტი ამ ქვეყნისათვის. გააუქმა სიტყვის თავისუფლება,“ – განაცხადა წიკლაურმა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არჩევანის ეთერში აფასებს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს სამაუწყებლო კომპანიის 60 პროცენტი მიეკუთვნა, წილის 40 პროცენტი კი – შპს პანორამას.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის ჩამონგრევის დაწყების წინაპირობაა.

„დღეს ფაქტობრივად ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისი თუ როგორ იწყება ამ სახელმწიფოს ჩამოშლა და ნგრევა ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მოსამართლეებმა მიიღეს. მე ძალიან მინდა, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც დღეს ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას, თვალებში ჩავხედო, მათ გვარებს და სახელებს გავიგებთ უახლოეს დღეებში, როდესაც გამოქვეყნდება განჩინება, გავიგებთ ვინ თქვა უარი ამ ქვეყნის განვითარებაზე და ვინ უთხრა კი იმას, რომ ეს ქვეყანა გადავიდეს სრულიად სიბნელეში. მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ამ საქციელზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დგება სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების სისწორე. მან აღნიშნა, რომ ამან ცხადყო, რომ სასამართლო სისტემა არ არსებობს. თუმცა, გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ყველა ხელთარსებული რესურსი გამოვიყენეთ, სამართლებრივი ფიზიკურიც მათ შორის, რომ დაგვეცვა ეს არხი, ბოლომდე გაგვეტანა. ჩვენი რესურსები უკვე ამოწურულია და ახლა არის უკვე საზოგადოებაზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო,“ – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი პალატის მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია ქვეყანაში მედიაპლურალიზმის შენარჩუნება და ჟურნალისტების უფლებების დაცვა.

„მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური არხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ და ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, ანუ მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და მიღწევა, რომელიც ჩვენი გუნდის დამსახურებაა,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

“უზენაესი სასამართლო მოგეხსენებათ მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე. მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს, ნამდვილად ჩემთვის უცნობია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა და როგორ იმსჯელა სასამართლომ, ეს ალბათ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება“- განაცხადა სალიამ.

ადვოკატის თქმით, თუ როდის აისახება გადაწყვეტილება რეესტრში, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის ჩაბარდებათ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

“როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, მივიტანთ საჯარო რეესტრში, შესაბამისად კანონით დადგენილ ვადებში,“ – აღნიშნა სალიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ქიბარ ხალვაში განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. თალაკვაძე ამბობს, რომ კრიტკული მედია პირველ რიში ხელისუფლებას ჭირდება.

„კრიტიკული მედია, დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკა და კრიტიკული მედიის ფუნქციონირება პირველ რიგში ჭირდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას. ვერცერთი უმრავლესობის წევრი ვერ შეძლებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და შეცვალოს ის ღირებულება, რომელიც აქვს მთელს გუნდს, ეს არის მედიის თავისუფლებისადმი მხარდაჭერა და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე.

„როგორც ჩანს, სასამართლომ მიიჩინია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მომხდარიყო, ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვნად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მათი კომენტარი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი – დავით ბაქრაძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს

დღეს, 21:28

246

„არავის არ გვქონდა იმის იმედი, რომ უზენაესი სასამრთლო მართლა იმსჯელებდა და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა,“ – ასე აფასებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე, უზენაესი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი2-ის გადაცემას.

„ეს არის ძალიან მძიმე შედეგი არამარტო იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ქართული სასამართლო სისტემა მთლიანად კონტროლდება ქვეყანაში ოლიგარქის მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან, არამედ დღეს საერთოდ გატყდა ბოლო იმედი იმისა, რომ მაინც ღირსეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული ამ ხელისუფლების და ამ სასამართლოს პირობებში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩევანის ეთერში ის აკრიტიკებს უმრავლესობის დამოკიდებულებას.

„ყველა მათი მოქმედება და ყველა მათი კომენტარი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავისი წონით და ღირებულებებით ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგებოდა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა და გამოწვევა მხოლოდ რუსთავი2-ის კი არა, საზოგადოების გამოწვევაცაა.

„ფსონები იყო, რამდენად სწრაფად გამოაცხადებდნენ გადაწყვეტილებას,“ – ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, გიგა ბოკერია, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ რუსთავი2-ის გასხვისების გადაწყვეტილებას აფასებს.

ის აცხადებს, რომ არ ელოდა უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღებას.

„სპეციალურად ხდება ეს იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ უზურპაციას აქვს ადგილი ძალაუფლების და ხელისუფლების და ამ უზურპაციასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

მას დღევანდელი გადაწყვეტილება და განცხადებები რუსული არხის, НТВს დახურვას ახსენებს.

„ვუსმენდი ივანიშვილის გუნდის სხვადასხვა მარიონეტის გამოსვლას და ძალიან სამწუხარო პარალელი გამახსენდა. წინასწარ ხაზს ვუსვამ, რომ სრულფასოვან პარალელს არ ვატარებ იმიტომ, რომ, საბედნიეროდ,  განსხვავებები უფრო დიდია, ვიდრე მსგავსება, მაგრამ НТВ-ს დახურვა ვისაც ახსოვს და მთელი პერიპეტიები, არგუმენტები და ეს განცხადებები, რომ ჟურნალისტების ხელში იქნება ეს ყველაფერი და საკუთრების უფლებაც ხომ არსებობს და ხალვაშის განცხადება, რომ შეხვდება კოლექტივს, ერთიერთზეა ეს ყველაფერი. მაგრამ საქართველო არ არის რუსეთი, ქართული საზოგადოება არ არის ის საზოგადოება და არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო რუსეთის საზოგადოება. ამავე დროს, ეს არის ძალიან სახიფათო გზა, საითაც ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ ქონდა. განცხადება ამის შესახებ ნაციონალურიმოძრაობის წევრმა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი არის ის, რაც მივიღეთ დღეს. საბჭოთა წიაღიდან, რუსეთის წიაღიდან გამოსული ოლიგარქის მმართველობის სტილი არის ზუსტად ასეთი. ის ასუფთავებს მთლიანად მთელ ველს, რომ შეუქმნას კომფორტის ზონა თავის თავს, ამიტომ იმის ილუზია, რომ რუსთავი 2 დარჩებოდა ხალხის საკუთრებაში, რასაკვირველია, მე პირადად არ მქონდა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან მაყურებელს მიმართა განაცხადა, რომ „ახლა წყდება საქართველოს დემოკრატიის განვითარების ბედი.“

„ძვირფასო მაყურებელო, მინდა გითხრათ, რომ ოლიგარქიული მმართველობა არის ძალიან სახიფათო,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობასთან თავისუფალი სიტყვის  და ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ.

შენობასთან ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.  ნაციონალური მოძრაობის წევრი, აკაკი მინაშვილი, ამბობს, რომ “დღევანდელი გადაწყვეტილებით ყველამ დაინახა, რომ ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს.  მე მინდა, დავარწმუნო რუსი ოლიგარქი და მოღალატეობრივი ხელისუფლება, რომ ამ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება“.

ნანუკას შოუ-ს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

არჩევანის ეთერში მან ქიბარ ხალვაშს მიმართა და უთხრა, რომ „სხვა ტელევიზია დატოვეთ და სხვა ტელევიზიას წაიღებთ, გაცილებით უკეთესი ტელევიზია წაიღეთ“.

ნანუკა ჟორჟოლიანმა მაყურებელს გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„ძალიან სამართლიანად, მაყურებელთა ნაწილი ჩვენზე არის განაწყენებული და გაბრაზებული. ჩვენც კი ვიცით, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებდით… საკუთარ თავსაც ვაფასებთ და თვითკრიტიკულებიც ვართ და ძალიან ხშირად ადამიანებს უკითხავათ მაშინ სად იყავით, როდესაც იმას ნარკოტიკი ჩაუდეს…მითქვამს, რომ მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო… ყველაზე მეტად, როცა რაღაც არ მოგწონდათ, თორემ ცოდვები მერეც გვაქვს… როდესაც ყველაზე მეტად არ მოგწონდით, მაშინ ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში და დამერწმუნეთ, აუცილებლად ხვალ ისევ მოგინდებათ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს,“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

„როგორც იურისტი, დაველოდები გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან მაინტერესებს დასაბუთების ნაწილი,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, რუსთავი2-ის თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევანის პირდაპირ ეთერში აფასებს.

ის აცხადებს, რომ როგორც მოქალაქეს, მინიმალური რწმენა აქვს სასამართლო პროცესის.

„ამ პროცესს არ ჰქონდა მინიმალური ნდობაც კი საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილი მხრიდან იმიტომ, რომ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაში მოხდა არაერთი ძალიან საეჭვო გარემოება, რომლის პიკი იყო განჩინება, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი და შეცდომით გაეპარათ, რომ მიზანი იყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ დღეს დემოკრატიის უმთავრეს ინსტიტუტზე, მედიასა და სასამართლო ხელისუფლებაზე მოხდა დარტყმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ასეთი უსამართლო გზით სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია.

„დღევანდელ გადაწყვეტილებას გამარჯვებული არ ჰყავს,“ – ასე აფასებს ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშს სამაუწყებლო კომპანიის 60 პროცენტი გადაეცა.

არჩევანის ეთერში ნინო ჯანგირაშვილმა ქიბარ ხალვაში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქიბარ ხალვაში ხვალ ემახსოვრებათ, როგორც ერთი სამარცხვინო ჯალათი“.

„სინამდვილეში დღეს დაიწყო ხელისუფლებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი. მან ის წითელი ზღვარი გადალახა დღეს, ის წითელი ხაზი გადალახა, რომლის იქითაც არანაირი ლეგიტიმაცია, მორალური განსაკუთრებით, არ გააჩნია,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქიბარ ხალვაშმა არხი დახუროს ან „უღიმღამო სახელისუფლებო“ არხად გადააქციოს.

„ოფიციალურად ხელისუფლების საკუთრებაში გაფორმებულ 5 არხს, მათ შორის, საზოგადოებრივმაუწყებელს, მიემატება რუსთავი 2 თავისი არხებით. ანუ 8 არხი იქნებააბსოლუტურად სახელისუფლებლო ჰოლდინგში,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის პროფესიონალიზმი წარმოუდგენლად მაღალ დონეზე იყო მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლება ტელეკომპანიის თავისუფლებას ებრძოდა.

ის აცხადებს, რომ ბოლო წუთამდე მაინც ჰქონდა იმედი, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების სასარგებლოდ მიიღებდა.

„90 % მაინც ვფიქრობდი, რომ ქიბარს გადასცემდნენ ტელევიზიას, მაგრამ მაინც რომ ფაქტი შედგება, არ გინდა დაიჯერო, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მძიმეა მაგის განცდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მაინც ის 10% არის იმედი, რომ აი, შეიძლება ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ეტყობა ასე იოლად არ ხდება,“ – აცხადებს გია ბუღაძე.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების ჟინი აქვს, მაშინ, როდესაც სხვა ფასეულობები უნდა ჰქონდეს.

“ზუსტად იმდენი წლის ვარ, რამდენისაც ბიძინა და მინდა ვკითხო ადამიანებს, რომ ასაკში შედიან, 60 წლისანი ხდებიან და მერე, კაცო, ახლა დრო არის სულზე სულის გადარჩენაზე, ადამიანურ ფასეულობებზე, რისთვის იბრძვი? რამდენი დაგრჩენია?” – აცხადებს გია ბუღაძე.

თაკო ჩარკვიანი გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას „ძალიან არაგონივრულ“ გადაწყვეტილებად აფასებს.

„იმდენად არაგონივრულია და აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი, წარმოუდგენელი საქციელია. ძალიან სულელური საქციელია, სხვა სიტყვა მე არ მომეძებნება.”

„ვხედავ ძალიან ფეოდალურ, ოლიგარქიულ მმართველობას მოსულს საქართველოში. მე ძალიან მწყინს როგორ ვერ გამოვიცანი. ასე დამნაშავედ თავი არ მიგვრძნია. 2012 წელს ავირჩიე, როგორ ვდარდობ, რომ ხმა მოგეცით, როგორ ვღელავ ბატონები, როგორ შემეშალა,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობასთან თავისუფალი სიტყვის  და ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

შენობასთან იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის, თქმით, უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებით თავდაყირა დადგა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები.

“ნამდვილად წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ამ გადაწყვეტილებით თავდაყირა დადგა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ის ადამიანები, ვინც აქ არიან, იცავენ განსხვავებულ აზრს, თავისუფალ მედიაგარემოს და სასამართლო სისტემას,“ – განაცხადა გიგაურმა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ასე ნაჩქარევად არ ელოდა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისგან. ზვიად ქორიძე რუსთავი 2-ის ეზოში იმყოფება.

„რა მოტივაციაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ამ გადაწყვეტილებაში, თავად გამეორება იმის, რაც პირველმა და მეორე ინსტანციამ უკვე თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პრაქტიკულად არასასამართლო გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ჭირდება სხვა არგუმენტაცია,” – აცხადებს ზვიად ქორიძე.

ქორიძის თქმით, სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული თუ საბედისწერო დარტყმა მიაყენეს მედია პლურალისტურ გარემოს,“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაში პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

ტვ პირველთან საუბრისას ხალვაში ამბობს, რომ მას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 ეკუთვნის სრულად, ამჟამად არსებული ქონებით.  მისი თქმით, 2004 წლიდან დღემდე სამაუწყებლო კომპანიას მის მფლობელობაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად დიდ მოგებაზე გასულიყო.

“მე ვთვლი, რომ იმაზე ნაკლები დავიბრუნე, ვიდრე ჩემგან წაიღეს იმიტომ, რომ 2004-2006 წლებში ბიზნესი წამოწყებული იყო და არავინ არ იცის, რა დონეს მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ ან მარტივად წარმოგიდგენიათ.

“თუ წაიღეს ლურჯი შენობა, ახლა შეიძლება, ყვითელი იყოს. ეს არ არის აღრიცხვის საფუძველი და შეფასების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ითვლება პერსპექტივასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მინდა, მაყურებელს ერთი რამ შევახსენო, რომ 2006 წლის ანგარიშით, რუსთავი2-მა იმაზე მეტი მოიგო, ვიდრე მომავალ წლებში, როგორც რუსთავი2-ის მენეჯმენტი აცხადებს დღეს. მაშინ იყო მოგებაზე ორიენტირებული და უბრალოდ, მე არ ვერთვებოდი პოლემიკაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ წამგებიანი კომპანია ჩააბარა და მომგებიანი მიიღო. ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ეს ბალანსები გადაიხედოს და როდის იყო ყველაზე მომგებიანი კომპანია, მოსახლეობამ რომ გაიგოს,“ -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ხალვაშმა იმ დავალიანებებზე ისაუბრა, რომელიც დღეს სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს მიმართ გააჩნია. მისი თქმით, გამოძიებულ უნდა იქნას, მოხდა თუ არა დავალიანების შეგნებულად დაგროვება და, თუ გამოიკვეთება, რომ რუსთავი2-ის მოქმედი მენეჯმენტი ვალს განზრახ არ იხდიდა, ხალვაში ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

“თუ ეს დავალიანებები ხელოვნურად არის შექმნილი და დაგროვებული, ამას ჰყავს პასუხისმგებელი და ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. როდესაც ჩვენ დაგვაყადაღეს და გაგვიჩერეს, მეორე დღეს დაგვიკეტეს კარები და ხალხი უმუშევარი დატოვეს, არ მოგვცეს საშუალება, რომ ქვეყანასთან ანგარიშსწორება გაგვეკეთებინა, დაგვიგროვეს ვალები, გაგვაკოტრეს და დაგვტოვეს უმუშევარი. ხალხი იყო უსამსახუროდ. გვაზარალეს  იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის. დღეს, მე მგონი, კანონიერება არსებობს და მაგ ვალების დამგროვებლები შესაბამისად პასუხს აგებენ, თუ ეს ხელოვნურადაა შექმნილი,” – აცხადებს ხალვაში.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უფრო და უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს მას სამართლებრივი ინსტიტუტების ენაზე დაელაპარაკო,“ – ასე აფასებს ირინა სარიშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ივანიშვილის საფეოდალოში აზრს კარგავს პარლამენტი, მთავრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. აზრი აქვს დაკარგული სასამართლო ხელისუფლებას და, შესაბამისად, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება მასმედია,“ – განაცხადა ირინა სარიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაგრამ მაინც გავბრაზდი,” – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნინო გოგუაძემ. მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში უზენაესი სასამრთლოს დიდი პალატის მიერ რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების თაობაზე ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ეს საქმე დიდ პალატას იმიტომ გადასცეს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის და დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იყო, თუმცა ამ განსაკუთრებულ საქმეს მოსამართლეებმა მხოლოდ რამდენიმე საათი დაუთმეს.

„გარდა იმისა, რომ მოსამართლეებს მიუტანეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შეზღუდული დროც მისცეს და უთხრეს, რომ ერთ დღეში უნდა დასრულებულიყო ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ასე რომ, როლიც კი არ ითამაშეს იმ ადამიანებმა მოსამართლეების, რომლებსაც მოსამართლეები ჰქვია,“ – აცხადებს ნინო გოგუაძე.

მისი თქმით, ხელისუფლება ძალის დემონსტრირებაზე გადავიდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს “არ ეღირსა ხელისუფლება, რომელიც წინა ხელისუფლების შეცდომებს არ გაიმეორებს”.

„ჩვენ დღეს შევდივართ პოლიტიკური ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე,“ – ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

არჩევანის ეთერში ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქართული ოცნება იმის დემონსტრაციულად კეთებას იწყებს, რაც უნდა.

„არავითარ შემთხვევაში არანაირი ხელების ჩამოყრა. ამ განწყობას მე ვხედავ რუსთავი 2-ში, ამ განწყობას მე ვხედავ ყველა ჟურნალისტში და ეს განწყობა იქნება მთელ საქართველოში… ყველა ხელისუფლება აფეთქდა სწორედ მედიასთან ჭიდაობაში,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ  მას უკვე შერჩეული ჰყავს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ახალი დირექტორი.

განცხადება ხალვაშმა ტვ პირველთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, კანდიდატებს შორის დავით დვალი ერთ-ერთი პირველია. ხალვაში ბოლოს დვალსა და აქიმიძესთან შეხვედრასაც იხსენებს და აცხადებს, რომ ბოლო შეხვედრისას დვალი მენეჯმენტში მუშაობაზე უარს აცხადებდა.

ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს წილს „ზუსტად იმდენს გაუყოფს, რამდენსაც დაიმსახურებენ“.

„სულ ბოლო შეხვედრის დროს ბატონმა დვალმა უარიც კი განაცხადა მენეჯმენტში მონაწილეობაზე, ჩვენს შეხვედრაზე, პერსონალურზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმან გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება, რომ მენეჯმენტში მონაწილეობა მიიღოს. ჩემთვის სიურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ბოლოს ისე დავშორდით, რომ ვთხოვდი, თუ დავაბრუნებდით, თვითონ მონაწილეობა მიეღო, მაგრამ თვითონ უარი განაცხადა. თავისი კოლექტივის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ის გამოადგება რუსთავი2-ს.

„ჩემი მოსაზრება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შერჩეული იყოს კონკრეტული ვინმე იმიტომ, რომ თანხმობაც უნდა იყოს მეორე მხარის.  აქედან გამომდინარე, შეირჩევა საუკეთესო ადამიანი, რომელიც სასარგებლოა კოლექტივისთვის. დავით დვალი ერთ-ერთ პირველი კანდიდატია.

„ზუსტად იმდენს გავუყოფ, რამდენსაც დაიმსახურებენ. ჩვენ თვითონ მოვილაპარაკებთ, ეს ჯერ კიდევ სალაპარაკო თემაა. შეიძლება, სულ დავუთმო. სულ არ დავუთმოზე არ არის საუბარი,“ – განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამ მიაკუთვნა.

გიორგი ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობის სახელით განაცხადა რომ პარტია გრძნობს საკუთარ, ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას, „როგორც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალას“.

ამის შესახებ განცხადება გიორგი ბარამიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ხელისუფალი იმდენად გათავხედდა, რომ უკვე არ იქნებოდა გასაკვირი , რომ ოლიგარქს გადაეხადა ქრთამი მოსამართლისთვის. დანაშაულია, მაგრამ დღეს იმდენად გათავხედდა, რომ პირდაპირ ხალხის მიერ შეკრებილი ფულიდან, ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის მოსამართლეს ქრთამს და ჩვენ დღეს მივიღეთ ეს შედეგი,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძემ მთელ პოლიტიკურ სპექტრს რუსთავი2-ის დაცვისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ადამიანი უნდა გავერთიანდეთ,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს დღე არის ივანიშვილის თავხედური რეჟიმის დასასრულის დასაწყისი,“ – აღნიშნა ბარამიძემ.

ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორი, გიორგი თარგამაძე, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„განცდა იმისა, რომ ოდესღაც კი არა, შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, მომხდარა ამ ქვეყანაში, მომხდარა მედიასთან დაკავშირებით. ეს შეცდომები დაუშვია ხელისუფლებებს, გადაგვიხდია ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ფასი, გადავკიდებივართ ერთმანეთს.. კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ,“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

არჩევანის ეთერში გიორგი თარგამაძემ ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მედიაზე მონოპოლიის დამყარება კარგის მომტანი არ იქნება.

რუსთავ2-ის წართმევით, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით, ოპოზიციური პოლიტიკური მოედნის მოსუფთავებით, დასუსტებით, მარგინალიზაციით, სასამართლოს ჯიბეში ჩადებით, დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს. დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას და ის დაამთავრებს, სამწუხაროდ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები,“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

“მოველი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ინტერნეტის შეზღუდვა,” – ეს განცხადება რუსთავი2-ის შესახებ ტელეწამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„თუ ხარ შენ პროფესიული და დამოუკიდებელი მედია, მუდმივად უნდა აკონტროლებდე და ამოწმებდე ყველაფერს და ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებდე, რასაც დღეს აკეთებს რუსთავი 2.

„დღეს რუსთავი2 ბოლო ბასტიონია თავისუფალი სიტყვის სახით. მე პირადად მოველი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ინტერნეტის შეზღუდვა და ყოველგვარი სივრცის მოსპობა, სადაც შეიძლება დამოუკიდებელი, კრიტიკული და თავისუფალი აზრის გამოთქმა,“  – განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

„ის ადამიანები, რომლებიც ახლა გვიყურებენ და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, თავს გრძნობს დაუცველად,“ – განაცხადა გადაცემა აქცენტების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ.

ეს განცხადება მან გადაცემა არჩევანში გააკეთა. მისი აზრით, დღეს საქართველოს ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია.

„ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს გეხებათ თითოეულ თქვენგანს და ამას აუცილებლად იგრძნობთ დღეს თუ არა ხვალ, ამიტომ რომ თუ დღეს თქვენ დაგვიდგებით გვერდით, დაუდგებით საკუთარ მომავალს, საკუთარი შვილების მომავალს და მხოლოდ ერთიანი ძალით შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანი, რომელიც მართლა ყიდულობს ამ ქვეყანას,“ – აცხადებს ეკა კვესიტაძე.

მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის თაობაზე, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უშლიდა ხელს რუსთავი 2 ხელისუფლებას.

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მას ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ აქვს.

განცხადება ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გვარამია დირექტორის თანამდებობაზე დარჩეს, ხალვაში ამბობს, რომ ამის დაბალი შანსია და აქვე დასძენს, რომ ის გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანია.

„არავითარი გეგმა არ მაქვს რომელიმე ცვლილების ჩატარების, თქვენ წარმოიდგინეთ გვარამიასთან დაკავშირებით. ძალიან დაბალი შანსია, ვფიქრობ, რომ გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანი ვარ, მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიის ჩამოყალიბებით, როგორც დღეს ხდება. დღეს არის გვარამია მიშა სააკაშვილის ინტერესის გამტარებელი. ურეკავს მიშა სააკაშვილს და ადეიშვილს, ელაპარაკება, იღებს დავალებებს და იღებს დამსახურებულ ხელფასს. მე არ ვარ ის ადმიანი, რომელიც იგივეს გაუკეთებს გვარამია,ს რასაც უკეთებენ,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის 60%-იანი წილი მიაკუთვნა, სამომავლო გეგმებზეც აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, რუსთავი2 აღარ იქნება დაკვეთის შემსრულებელი ტელევიზია და ის იქნება ხალხის სამსახურში.

ქიბარ ხალვაშის განცხადებითვე, ის ეცდება, წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.

„ჩემს ხელში არხი არ შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც დღეს აქვს. არ შეასრულებს იმ გაგებით, რომ არ იქნება ვიღაცის მოსამსახურე და აგიტატორი. ჩემს ხელში შეასრულებს ხალხის სამსახურში ყოფნის ფუნქციას. მე გაცილებით ნაკლებად ვარ დამოკიდებული ივანიშვილზე ან ოცნებაზე, ვიდრე გვარამიაა დამოკიდებული სააკაშვილზე. ასე რომ, ეს არ იქნება პარტიული ტელევიზია.

“ჩემი დის პოლიტიკოსობა გამოიწვია მიშა სააკაშვილმა, რომ ეს იყო ბრძოლის ელემენტი. არანაირი დივიდენდი არ აქვს პარტიისგან. არავითარი დიდ საქმიანობაში ჩარეული არ არის, თქვენ ალბათ მოსმენილი გექნებათ, რომ ჩემი დის პარტიულობის გამო, ან პარლამენტის წევრობის გამო არავითარი დამატებითი პრივილეგია არ მიგვიღია და მე ერთ რამეს დავამატებდი ზუსტად საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან, რომ მეც მინდა, რომ ტელევიზია იყოს ხალხის სამსახურში. როცა მე ვიყავი ხელმძღვანელი, არ გამომიყენებია ჩემი პირადი პარტიული ინტერესების და ჩემი პირადი ბიზნესის გასავითარებლად. როგორ გამომივა, არ ვიცი, მაგრამ შევეცდები, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოვასწორო,“ – განაცხადა ხალვაშმა.

„მე აქ მოვედი იმიტომ, რომ პირველ რიგში დავიცვა ჩემი მომავალი,“ – ჟურნალისტი ნინო ივანიშვილი გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

“მე აქ მოვედი იმიტომ, რომ პირველ რიგში დავიცვა ჩემი მომავალი, ჩემი უფლება არჩევანისა, მე არ ვიცავ ჩემი შვილების მომავალს, ჩემს პირად არჩევანს ვიცავ. როგორც გამოცდილების მქონე ჟურნალისტმა შემიძლია ვურჩიო ჩემს მეგობრებს, საზოგადოებას, რომ თავისუფალი სიტყვის გარეშე საქართველო საქართველო ვერ იქნება“ – განაცხადა ივანიშვილმა.

 ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზება იმიტომ, რომ დღეს არავის სცალია საქართველოსთვის – ნატალია ანთელავა

ჟურნალისტი ნატალია ანთელავა საქართველოს მედიასივრცეში დღევანდელ მდგომარეობას საშიშად მიიჩნევს.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოში მიმდინარე საკითხები წინა პლანზე აღარ არის და შესაძლოა, ეს სიტუაცია საერთაშორისო მედიამ სათანადოდ არ გააშუქოს.

„დღეს საქართველო პრინციპში მარტოა. ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზება იმიტომ, რომ დღეს არავის სცალია საქართველოსთვის, ევროპას აქვს უამრავი პრობლემა,“ – განაცხადა ნატალია ანთელავამ.

რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის შესახებ საუბრობს.

„იმ ადამიანების, რომლებიც ახლა იბრძვიან რუსთავი2-თვის, საერთოდ არ მესმის, რა უნდათ იმიტომ, რომ 2003 წლის მერე, როცა არხი გამოაცხადეს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად, მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ მშვიდად, წყნარად გავიდნენ წილებიდან და ჩამოშორდნენ საერთოდ ტელესაქმიანობას. დღეს ეს ადამიანები აცხადებენ პრეტენზიას ამ არხზე, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ცხადია,“ – განაცხადა რამაზ სამხარაძემ.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი