რა ხდებოდა წუხელ ბათუმში ? ანალიზი და მიმდინარე მოვლენები

0
193

პარლამენტის თავადაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, თქმით,  სპეცრაზმი მართლზომიერად იყო გამოყენებული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახელობა ცდილობდა შენობაში შეჭრას, რის გამოც სამართალდამცავებმა საჭირო ზომებს მიმართეს.

„ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი, გამოძიების ჩატარება. ამ შემთხვევაში უნდა გავერკვიოთ სიტუაციაში და, თუ ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებას პოლიციის მხრიდან, ამაზეც პასუხი უნდა მოვითხოვოთ. თუმცა, არც ქვების სროლა უნდა დარჩეს დასჯის გარეშე,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე პროცესებში სუს-ის დადანაშაულება არის დისკრედიტაციის მცდელობა.

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათგან ბათუმში მომხდარს რეაქცია არ მოჰყოლია. მისი განცხადებით, ვითარების განმუხტვისთვის საჭიროა პასუხისმგებელი პირების მხრიდან სასწრაფოდ ჩარევა და დაამატა, რომ „იქ ყოფნაა საჭირო“.

სერგი კაპანაძემ არ გამორიცხა, რომ აქცია ბათუმში შესაძლოა, სუს-ის მიერ იყოს მართული. მან ასევე დაამატა, რომ “ძალადობაზე ძალადობით პასუხი სახიფათოა”.

„რაც ბათუმში ხდება, ხელისუფლების და ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, რომელსაც შეიძლება, ახლა სძინავს,“ – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, 10 საათზე მეტია, რაც აქცია მიმდინარეობს და ხელისუფლებამ ამ დრომდე ქმედითი ღონისძიებების გატარება ვერ შეძლო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში მიმდინარე დღევანდელი აქცია არცერთი პოლიტიკური პარტიის მიერ არ იყო ორგანიზებული.

„სანამ ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მართვის სადავეებთან, ამ ქვეყანას არც შინაგან საქმეთა მინისტრი ეყოლება, არც ჯანდაცვის მინისტრი და არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილი არის თავი და ბოლო ამ პრობლემის,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში არეულობაა – იწვის მანქანები, შენობები, ხეები. ახალგზარდები სპეცრაზმს უპირისპირდებიან.

სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გზას იყენებს.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ბათუმში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მან ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა.

“გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა, ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.

“მოვუწოდებ ხელსუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება. მოვუწოდებ საზოგადოებას, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას,” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული ოფისის კოორდინატორის, მალხაზ ჭკადუას, თქმით, რამდენიმე დღის წინ აჭარაში აქციები გაიმართა. მან ბათუმში მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ აქტიურად საუბარი დაიწყო, რომ მოქალაქეები პოლიციელების გადაწყვეტილებით იყვნენ უკმაყოფილოები, რომ აჯარიმებდნენ აქტიურად. გაიმართა აქციები, მათ შორის გაუგებარი ელემენტები მართავდნენ აქციებს, რომ გადაგეს აღნიშნული პირი, ვისადმიც შეკრებილებში მთავარი პრეტენზიები არსებობს, გაჩნდა გაუგებარი მოწოდებები, რომ, თურმე, აჭარაში არააჭარელი პოლიციის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს,“ – განაცხადა ჭკადუამ.

მალხაზ ჭკადუას თქმით, მსგავსი პირველი განცხადება მერაბ ღოღობერიძის მიერ გაკეთდა. ჭკადუას განცხადებით, „ის არის ადამიანი, რომელიც  კარტოფილს, წყლის ბოთლს თუ პომიდორს გიორგი პაპუაშვილის სახლს უშენდა“.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, გარდა ოფიციალური წყაროებისა, მრავალ ადამიანს ესაუბრნენ. მისი თქმით, მოქალაქეების პროტესტი ბუნებრივად მოხდა და არავის დაგეგმილი არ არის.

„უმნიშვნელოვანესია, შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ბათუმის ქუჩებში სიმშვიდემ დაისადგუროს,“ – განცხადა ფიქრია ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძე პროვოკაციულ ქმედებებს არ გამორიცხავს. პრეზიდენტის მრჩეველი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„სახლში მივდივარ. ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ახლა კარგად ვარ, ყველა გამოგვიშვეს,“ – აცხადებს ჯიმი ვარშანიძე, რომელიც აქციის დაწყებამდე დააჯრიმეს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვის დაჯარიმებასაც პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

მისი თქმით, სწორედ მისმა დაჯარიმებამ გამოიწვია აქციები. ის იხსენებს ჯარიმის დაწერის მომენტს.

მას საპატრულო პოლიციის წევრებმა უთხრეს, რომ არ აინტერესებდა, სად იყო ან სად მიდიოდა და დააჯარიმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარემ, დავით გაბაიძემ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„უნდა დამშვიდდეთ, დავწყნარდეთ, აღელვებს გარეშე შეხვდეთ ხვალინდელ დღეს. ვხედავთ, რომ ის, რაც ქალაქში ხდება, არ არის ის, რაც პროტესტის ფარგლებში შეიძლება, ჯდებოდეს. მსგავსი რამე ბათუმს და, მგონი, საქართველოს არ უნახავს… ეს არის ძალიან ცუდი, დავმშვიდდეთ, არავის არ აწყობს ეს პროცესი,“ – აღნიშნა გაბაიძემ.

დავით გაბაიძის თქმით, ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, შესრულებულია.

„ახლა ყველაზე მთავარია, თუკი რაიმე საკითხი არსებობს და რაიმესთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი პრეტენზია, მივცეთ იმ ორგანოებს, დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება და მიიღონ სრულყოფილი კანონიერი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

მისი თქმით, რა სახის ზიანი მიადგა ქალაქს ხვალ განაცხადებენ. ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, საზოგადოებას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

გიორგი აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ ბათუმში შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დავალებით, ის და უშიშროების საბჭოს მდივანი ბათუმში მიემგზავრებიან.

„პროცესების გარკვეული ნაწილი არის საკმაოდ სპონტანური, საკმაოდ უმართავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაქსიმალურად მოხერხდეს სიმშვიდის შენარჩუნება და მაქსიმალურად მოხდეს დამშვიდება,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მან აღნიშნა, რომ ძალადობას თავისუფლების გამოხატვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალის გადამეტება არ უნდა მოხდეს.

„ამ ღონისძიებებში ვფიქრობ, ყველა შტო უნდა იყოს ჩართული. შესაბამისად, მივდივართ, რათა ადგილზე ვნახოთ არსებული სიტუაცია. ვიმყოფებით კომუნიკაციაში შინაგან საქმეთა მინისტრთან,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ბათუმში ვითარება ისევ დაძაბულია. ადამიანების ერთი ჯგუფი წვავს მანქანებს და აზიანებს მაგებობებს. პოლიცია მათ შესაჩერებლად ჯერჯერობით არაფერს აკეთებს.

ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ ბათუმელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. facebook-ის მის გვერდზე ვიდეომიმართვა გავრცელდა.

„ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება, ეს არის დანაშაული და კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი, დამშვიდდით და ხვალინდელ დღეს დაელოდეთ. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელების და სამართალდამცავების გვერდით. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკაშირებით ეს არის პრემიერის პირველი კომენტარი. მან ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა  და თქვა, რომ შს მინისტრი ბათუმში მისი დავალებით ჩავიდა და ასევე, მისი დავალებით მოხდა დაკავებულების გათავისუფლება ვითარების სტაბილიზებისთვის.

“აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომელიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება დესტრუქციული ქმედებების მიმართ უარყოფითია, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას.

პრემიერმა ყველას კანონის დამორჩილებისკენ მოუწოდა.

მან არ დააკონკრეტა, “დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებში” ვის გულისხმობდა. ამასთან, ის მხოლოდ განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა.

ბათუმში სროლის ხმა ისმის. სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს ისვრიან. ამ წუთებში მათ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის კერებს აქრობენ. თუმცა, მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომელიც ბოლო საათების განმავლობაში განსაკუთრებით აგრესიულად იქცევა, ცეცხლის კერების განახლებას გეგმავს.

ისინი სამართალდამცავების მისამართით ქვებს ისვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ბათუმში არეულობა 12 საათზე მეტია, რაც გრძელდება.

ბათუმში კვლავ არეულობაა – მომიტინგეები ჯებირებს აგებენ. მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო საათების განმავლობაში აგრესიულობით გამოირჩევიან, პოლიციის სამმართველოსთან ბენზინი მიიტანეს. მათთან ერთად არასრულწლოვნებიც იმყოფებიან.

ბათუმში არეულობა 12 საათზე მეტია, რაც გრძელდება.

სპეცრაზმი ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე დაიძრა. სპეცრაზმი რამდენიმე მხრიდან მიემართება, ისმის სროლის ხმა.

პოლიცია შეკრებილებს მიმართავს, რომ გზა გაათავისუფლონ და პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის სპეცრაზმები იმ ჯგუფის წარმომადგენლებს აკავებენ, რომლებიც ბოლო საათებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ისინი ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას. პოლიციას კი შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. პარტია ძალადობას გმობს.

„უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამთ  ბათუმში  განვითარებული ძალადობრივი პროცესების გამო, რომელსაც თავიდან  წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი,  მშვიდობიანი  პროტესტი  პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ.

“ვგმობთ ძალადობას, რომლის ასე  სამწუხარო გამოვლინებაც  იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრულო პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმის ქუჩებში გამოსულებს და ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ, არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და  სტაბილურობას.

“საგანგაშო იყო ხელისუფლების  არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა – დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა. ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების  წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცრაზმი,  ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, არიან დაშავებულები, მათ  შორის პოლიციის მხრიდან.

“ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოში ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის პირობებშიც  დასაცავია პოლიცია სრული დემორალიზაციისგან.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი  უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტავად. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის  მიზეზები და გარემოებები. ამასთან, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ   ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებაში,  რომელსაც არ შეუძლია კრიზისებთან გამკლავება, რომელიც არის ოლიგარქ ივანიშვილის – და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების სამსახურში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებში მატულობს უკმაყოფილება და ბრაზი  უპასუხისმგებლო ხელისუფლების, ნეპოტიზმის, კორუფციის, განუკითხაობის, უპერსპექტივობის მიმართ.

“ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდეს და სტაბილურობას, გვართმევს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური  ინტეგრაციის პერსპექტივას,“ – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებს პოლიცია აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ პოლიციამ იმ ჯგუფის წარმომადგენლების დაკავება დაიწყო, რომლებიც ბოლო საათების განმავლობაში აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ბათუმში არეულობა 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ვითარება ბათუმში 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა. სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შსს აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს.

დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა კურიერის კამერამ აქციის 30-მდე მონაწილის აყვანა დააფიქსირა.

ამ დროისთვის ბათუმში სიმშვიდეა – აქცია დაშლილია და მძიმე ღამის შემდეგ ზღვისპირა ქალაქში აჭარის პოლიციის მთავრი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორიაზე მიმდინარეობს მტკიცებულებების ამოღება.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ქალაქის მოწესრიგებაა. 

„მთავარი მიზანი ახლა არის, დაზიანებული რაც არის, ამ წუთებში დავიწყებთ მუშაობას, დამწვარი ტრანპოსრის გატანაზე გაოძიების მითითების შემდეგ, მთლიანად ჭავჭავაძის ეს მონაკვეთი, შარტავას ხეივნის მოვიყვანოთ სავალ მდგომარეობაში,” – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი ბათუმში იმყოფება. იგი აცხადებს, რომ ცოტა ხანში ის შინაგან საქმეთა მინისტრთან და აჭარის ხელისუფლებასთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რომელმაც გუშინ ღამით ბათუმში დატრიალებული არეულობა გამოიწვია და სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები შეჩერდა და შეკავებულია. სამწუხაროა, რომ არიან დაშავებულები, როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციის თანამშრომლები. თავისუფალი სიტყვის გამოხატვა აუცილებელია, მაგრამ ვანდალიზმთან მას არ შეიძლება ჰქონდეს არაფერი საერთო,“ – აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის დავალებით, ბათუმში იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილიც.

„ის რაც აქ, ამ ქალაქში მოხდა ბოლო საათების განმავლობაში, აი, ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. ბუნებრივია, ძალადობა არის ის ქმედება, რომელიც  აუცილებლად უნდა დაისაჯოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისი აზრით, გამოსაძიებელია როგორც აქციის მონაწილეების, ისე სამართალდამცველების ქმედებები.

ბათუმში საპროტესტო აქცია დღის მეორე ნახევარში დაიწყო და სიტუაცია ღამის 11:00 საათის შემდეგ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვების სროლა დაუწყეს და საპასუხოდ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის დაშლისას დაშავებულები ღამით ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზით მოწამვლა აღენიშნებოდათ. მკურნალობის ჩატარების შემდეგ, დაშავებულები სახლებში გაწერეს.

„მოლაპარაკებები როცა მიდიოდა, ამ დროს პოლიციის ეზოში ვიყავი და მაშინ ნასროლი ქვა მომხვდა და დილით ოპერაციას მიკეთებენ. აქციის მონაწილეები რასაც ითხოვდნენ, პრაქტიკულად ყველაფერს აკმაყოფილებდა პოლიცია, ანუ დაკავებულების გამოშვებას და აქციის ვითომდა მშვიდობიანი მონაწილეები სისტემატიურად ამ ქვებს ისროდნენ ამ საათების განმავლობაში და ერთ-ერთი ქვა მომხვდა მე,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა.

ექიმის თქმით, პაციენტების ნაწილი არის გაზით მოწამვლის შეგრძნებით მყოფი, ნაწილი კი სხვადასხვა ტიპის ზედაპირული დაზიანებით.

ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქცია ღამის 11:00 საათის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა. დემონსტრანტებმა დაწვეს ქუჩებში გაჩერებული ათობით მანქანა, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის შენობები, რკინის ჯებირები, საგზაო ნიშნები და ნაგვის ბუნკერები. პროტესტის ნიშნად ხელკეტებით და ქვებით დაამტვრიეს პოლიციის რამდენიმე ავტომობილიც.

დემონსტრანტებმა დაწვეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოსადგომზე მდებარე თანამშრომლების ავტომობილებიც. სწორედ ამ შენობაში ჰყავდათ სამართალდამცველებს დაკავებული 6 მოქალაქე, რომლების გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ და რის გამოც დაპირისპირება გამწვავდა. პოლიციის შენობის ეზოში იყო გამაგრებული სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი.

დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვარშალომიძე ბათუმელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და მშვიდობიანი აქციის გამართვას სთავაზობს.

„ყველა ვუყურებთ ალბათ ამ კადრებს და მე ყველა ბათუმელს, აჭარის მაცხოვრებელს მოვუწოდებ სიწყნარისკენ. დღეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის მშვიდობა, დღეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილურობა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ყველას, ვინც წინააღმდეგია იმ საქციელის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა,  მშვიდობიანი აქციით ხვალ 18:00 საათზე აჭარის მთავრობის წინ ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ თუ რამდენი ვართ, ვთქვათ ჩვენი სიტყვა. ჩვენი მიზანია მშვიდობიანად ყველაფერი გავაკეთოთ,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ვარშალომიძემ.

ამ წუთებში აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა იწყება, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ვითარება ქალაქში დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა, მანამდე კი მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქვებს ესროდნენ და წვავდნენ პოლიციის მანქანებს. სამართალდამცველებმა მათი ნაწილი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

ბათუმში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ქალაქში ამ წუთებში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად, სულ 40 ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საპროტესტო აქცია სამოქალაქო პირების დაჯარიმებით დაიწყო, თუმცა გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მასობრივი აქციის მთავარი გამომწვევი მიზეზი გუშინ მოქალაქეების დაჯარიმება და დაკავება არ იყო და ამ საკითხზე უფრო სიღრმისეული გამოძიებაა ჩასატარებელი.

შს მინისტრის თქმით, შემდეგში პოლიციის თანამშრომლები მსგავს სიტუაციაში ადეკვატურად იმოქმედებენ. გიორგი მღებრიშვილი ამ ეტაპზე მოქალაქეებს მოუწოდებს აქციის გამართვისგან თავი შეიკავონ.

ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემაც გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ მსგავს ძალადობასა და ვანდალიზმს ქალაქში არ დაუშვებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 2 დაშავებული მოქალაქე რჩება, რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს. დაპირისპირებების შედეგად საავადმყოფოში ღამის განმავლობაში დაახლოებით 32 ადამიანი გადაიყვანეს.

„სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი, არ შეეგუება ვანდალიზმს,“ – ეს განცხადება აჭარის ავტორნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ზურაბ პატარიძე ღამით განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ ელფერს ხედავს.

„სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ ალბათ ხედავდით, გუშინ კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნება, პარტიის წარმომადგენელი, ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ვანდალიზმს, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჩართული მსგავს აქციებში,” – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად „აჟიტირებულ ნაწილს“ მოუწოდებდა ვანდალური ქმედებების შეწყვეტისკენ. მისი თქმით, ტერიტორიის გაწმენდა ყველა სხვა შესაძლო ზომის გამოყენების შემდეგ დაიწყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება – მაჟორიტარების თავმჯდომარე ილია ვერძაძე  კურიერის პირდაპირ ეთერში ბათუმში მომხდარი არეულობის საკუთარ ვერსიებზე საუბრობს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტს ჰქონდა გუშინ ადგილი ბათუმში, თუმცა მე მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაგირებას ჰქონდა ადგილი, რაც დადასტურდა კიდეც სოციალურ ქსელებში გამოხმაურებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს დადასტურდა კიდეც გუშინ. ისეთ ფაქტებს არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო მხრიდან, რამაც შეიძლება ვთქვათ ჩიხში შეიყვანოს პროცესი,“ – განაცხადა ილია ვერძაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი იყო მაპროვოცირებელი მოქმედებები დესტრუქციული ქმედებებისკენ.

„ჩვენი შვილები ასეთ მაპროვოცირებელ მოქმედებებში არ უნდა ჩართოს არავინ, ეს იქნება ჩვენი ოპონენტი ძალა, ეს იქნება კერძო პირი თუ სხვა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბათუმს ჰქონდეს სტაბილურობის  და მშვიდობის განცდა, იმიტომ რომ ეს არის საკურორტო ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ კომპლექსურად ჩვენ გავართვით თავი ამ პრობლემას, თუმცა ვერ ვიტყვი მოწინააღმდეგე მხრის მაპროვოცირებელ ელემენტებზეიგივეს,“ – განაცხადა ილია ვერძაძემ.

ვერძაძე არ აკონკრეტებვს, რომელ ჯგუფებზე და კერძოდ რომელ ოპონეტებზე აქვს საუბარი, რომელმაც მისი თქმით, მაპროვოცირებელ ქმედებები განახორციელა.

„ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა მაშხალები ყოფილიყო აქ იმდენი, რომელიც პირდაპირ დამიზნებით იყო მიმართული სამმართველოს მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ ჩვენ, რომ სპონტანურად დაწყებული აქცია, რომელიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაკავებულთა მშობლების პროტესტით და მათი მხარდამჭერებით, რომელიც პრაქტიკულად იყო მოგვარების სტადიაში, ლოგიკურად არ უნდა გადაზრდილიყო იმ ქმედებებში რაშიც გადაიზარდა,“ – აცხადებს ილია ვერძაძე.

ბათუმში გუშინ დაპირისპირებაში გადაზრდილი აქციის შედეგად, დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა, ხოლო 10-ზე მეტი დაზარალებულია. აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს ინტოქსიკაცია აქვს მიღებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სახალხო დამცველი გუშინ განვითარებულ მოვლენებს მოგვიანებით შეაფასებს.

„ფაქტების შეჯერების და სხვადასხვა მხარეთა მონაყოლის შედეგად, სახალხო დამცველი იტყვის რამდენად ჰქონდა ან არ ჰქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და ასევე შეაფასებს თუ რა ქმედებებს ჰქონდა ადგილი თვითონ აქციის მონაწილეების მხრიდან,“ – განაცხადა ციალა ქათამიძემ.

გუშინ საავადმყოფოში პოლიციის 6 თანამშრომელი გადაიყვანეს და ამ დროისათვის კლინიკიდან უკვე ყველა გაწერეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბათუმში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს სიღრმისეული გამოძიება სჭირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს რეალურად ბრალეულობა ყოველმხრივ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესს,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისი აზრით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად აიცილა თავიდან მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.

„ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა,

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშნელოვანია ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი უნდა გაკეთდეს.

„ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს, ანალიზის საფუძველზე გაეცემა პასუხი. ვერსიებზე მე არ ვისაუბრებ, ვერსიებზე გამოძიება ისაუბრებს,“ – აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი