როგორ მოკლეს 25 წლის პოეტი მეგობრებმა და ვის სთხოვა მიხამ მისთვის ყელი გამოეჭრა

0
1188

„..მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამსოფლით, სხვას არა წაუღია რა…“ – ეს ძმაკაცებისგან მოკლული პოეტის, მიხა ხელაშვილის ძალზე საინტერესი დღიურებია. ვფიქრობ, განსაკუთრებით ახალ თაობას დააინტერესებს თავისი ქვეყნის ისტორიული პიროვნების ცხოვრება, რომელიც გამორჩეულად კარგი მოსაუბრე, ლაღი, მიმზიდველი, დახვეწილი ქცევა-მანერების მქონე ახალგაზრდა ყოფილა და 25 წლის ასაკში ვერაგულად მოკლეს მეგობრებმა.

თამარ ხელაშვილი: „…ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევანს, კომისარი კოლა ჯაგნელიძე ესტუმრა მილიციელებით. იქ თანასოფლელი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში. ეს არ მოეწონა კომისარს.

– რა სროლა გაგიმართავთ, რა ამბავია?! – უსაყვედურა მასპინძელს.

– შეჯიბრება-გართობა გვაქვსო, – თავი იმართლა ლევანმა.

მილიციელები ყორუღის მახლობლად აძოვებდნენ ცხენებს და ქალებს ლაზღანდარობა დაუწყეს. მათი ხმამაღლობა რომ გაიგო, მიხამ თოფი სახლში შეიტანა, ბუხარში მაღლა გახირა და ჭალაში ჩაიარა. იგი ქალებს გამოესარჩლა და მილიციელებს შეეკამათა. შელაპარაკებას წაჩხუბება მოჰყვა. ხმაური რომ გაიგონეს, კოლა და ლევანიც ჭალაში ჩავიდნენ. კომისარი მიხას მიუხტა და მაუზერი წაართვა, თან ლევანს ჰკითხა:

– ვინ არის ეს ახალგაზრდა, ჩემს ხალხს რომ აწუხებს?
– საშიში კაცი არ არის, სოფლის დიაკვანია, – მიუგო მან.
– რას თამამობ, ვინა ხარ? თოფიც თუ გაქვს, მოიტანე, თორემ, აქაურობას მოგაშორებ! – დაემუქრა ჯაგნელიძე მილიციელებთან მოდავე დიაკვანს.
– მიხა ხელაშვილი ვარ, ფშაველი, ჩემს ალაგზე ვარ, შენ და შენი მილიციელები კი, წესრიგის დაცვის მაგივრად, უწესობას შვრებით. ქალები ცხვართან არიან, მათთან რა ხელი აქვს უცხო ხალხს! – შეეპასუხა.
– ეს რა დიაკვანია? ამისთანა კაცი დასაჭერია, სოფელს ააბუნტებს, – განრისხდა კომისარი.
ლევანმა დააშოშომინა იგი და თავისთან წაიყვანა პურის საჭმელად. მიხას მაუზერის დაბრუნება ეწადა.
– უთხარი, დამიბრუნოს! – შეეხვეწა იგი ლევანს, მაგრამ მან ანიშნა, რომ იქაურობას გასცლოდა და თოფიც თან წაეღო. მიხა თავისი თოფით ტყეში მიიმალა… ტყეში გასული მიხა მთავრობას ერიდებოდა, ხალხს კი არას უშავებდა. მის ოჯახს რამდენჯერმე მიუცვივდნენ მილიციიდან, ეძებდნენ მიხას, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა ხელაშვილი და მოსახლეობაც უჯერებდა მას. მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე, ლაღი, მოსიმღერე, მიმზიდველი ქცევა-მანერების მქონე ახალგაზრდა გახლდათ. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმლის თხოვნა არ შეეძლო, მწყემსები და მგზავრები თვითონ აწვდიდნენ… ჩუმი და მოპარული გახდა მისთვის წუთისოფლის ლხენა და ნეტარება. ავტორიტეტით, გარეგნობით, ძალ-ღონით, სისწრაფით, სროლითა თუ მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა თავისდაუნებურად დაჩრდილა და დაჯაბნა ჩარგლის ახალგაზრდობა, ამიტომაც ექიშპებოდა მას ზოგიერთი მათგანი. მაღაროსკარში იმხანად კომისრად იყო ალექსი მისრიაშვილი, მიხას კარგი მეგობარი. ის აფრთხილებდა ხელაშვილს ჩარგლელთაგან მოსალოდნელი ღალატის შესახებ… მისრიაშვილმა შეატყობინა მიხას, რომ ჯაგნელიძე სამოცი მილიციელით მასზე თავდასხმას აპირებდა და ურჩია, იქაურობას გარიდებოდა. ხელაშვილი კი არ გაერიდა, ერთ დილას თვითონვე მიუხტა ჯაგნელიძეს და მოკლა. მიხამ მილიციელებს იარაღი აჰყარა და მაღაროულაში გადაყარა. დაშინებულებმა აქეთ-იქით გაქცევით უშველეს თავს. ეგონათ, ტყვია მართლა არ ეკარებოდა მიხას. კანცელარიაში შეჭრილ ხელაშვილს კედელზე აკრული კაცი დაუნახავს, იარაღი მიუღერებია შესაშინებლად.

– აქ რას აკეთებ? სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ ძმებს არა ვხოცავ! – უთქვამს დამფრთხალისთვის და კაბინეტის გაღება დაუვალებია, მას კი ვერც ფეხი მოუცვლია და ვერც კარი გაუღია. მიხას შეუმტვრევია კარი, კარადებიც გაუხეტავს, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელავს, მერე ზანდუკიდან თავისი მაუზერი ამოუღია.
– მისრიაშვილის ცხენი მომგვარე! – დაჰკივლა თურმე იოსებ ბოძაშვილს მიხამ, მანამდე კი წასულა და თურმანაულების სახლის სახურავზე საქართველოს დროშა დაუმაგრებია… მაღაროსკარიდან აფხუშოში წავიდა მიხა, დედა და და-სიძე გააფრთხილა, ბინას გასცლოდნენ. პატარა ბალღები კოდში ჩასხეს და ზედ ფლასი გადააფარეს. სალომე და თევდორე მახლობელ ტყეში გავიდნენ, მოხუცი კი ხოდისაკენ გაემართა, თან წაიღო თავისი ტანსაცმელი და სხვა რამეებიც, რაც ვირზე აეკიდებოდა. რაზმელებმა – იოსებ ჯანაშვილმა, ლევან ბოძაშვილმა, ჩოხელაშვილმა და სხვებმა, დაინახეს მიმავალი. ჯერ შორიდანვე ესროლეს მიხას დედას, მერე კი მისცვივდნენ და წამებით მოკლეს. ნადავლი ჯანაშვილსა და ჩოხელაშვილს გაუნაწილებიათ… დედის დასაფლავებისთვის მივიდნენ სოფელში მიხა და მისი და-სიძე. მანამდე სოფლის თავკაცს, ოსა ზურაბაშვილს მისწერა მიხამ მუქარის წერილი, რომელშიც მოითხოვდა, ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ დედამისი და ისე მოეხერხებინათ, რომ მილიციას ხელი არ შეეშალა დასაფლავებისთვის. მოხუცი წესისა და რიგის მიხედვით დაკრძალეს დათქმულზე ერთი დღით ადრე, რადგან სოფელს მილიციისა მაინც ეშინოდა. დასაფლავებას მიხაც დაესწრო. ხმა არავის ამოუღია, არც ვინმეს უსროლია, იმის მიუხედავად, რომ ხალხში გადაცმული მილიციელებიც იყვნენ. ჩარგალში აღარ ედგომებოდა მიხას. ჩოლოყაშვილის რაზმთან შეერთება გადაწყვიტა და ეს თავისიანებსაც შეატყობინა. ქაქუცა ჩოლოყაშვილს გამორჩეულად ჰყვარებია მიხა. ენდობოდა და ფშავ-ხევსურეთში გზავნიდა ხალხის მისამხრობად. იგი ყოველთვის სიხარულით ასრულებდა ამ დავალებას.
ორი წელი დაყო მიხა ხელაშვილმა ჩოლოყაშვილის რაზმში. როცა დამარცხებული ქაქუცა თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ – სამშობლოში მოსალოდნელი სიკვდილი ამჯობინეს უცხოეთში ყოფნას. ერთხანს შირაქი და ცივ-გომბორი მოიარეს მეგობრებმა – საიმედო ადგილი უნდა მოენახათ გამოსაზამთრებლად. ხელაშვილს ჩარგლისკენ მიუწევდა გული და მცირე ხნით იქ წასვლა გადაწყვიტეს. მიხა ჩარგალში რომ დაიგულეს, კვლავ თავიანთ ბნელ საქმეებს შეუდგნენ მისი მოქიშპენი. ლუკა მარცვალაშვილმა განაახლა მასთან „მეგობრობა”. ერთხელ ლუკა პირს ჰპარსავდა თურმე მიხას, რომელსაც, ალბათ მოსალოდნელ ღალატს უგრძნობდა გული.

– რაღა სხვას დარჩეს ჩემი მოკვლისთვის მთავრობის დაწესებული ჯილდო, შენზე უფრო ალალია. აი, ახლა შეგიძლია, სამართებელი ყელში გამომისვა და მომკლა, – უთქვამს მიხას ლუკასათვის. – მაგას როგორ ვიზამ, ძმასავით მიყვარხარ, შენ რომ ჩოხა მაჩუქე, იმისთანა საჩუქარი ძმას არ მოუცია ჩემთვის, – უპასუხნია ატირებულ მარცვალაშვილს.

მიხა ხელაშვილის მკვლელს ჰპირდებოდნენ იარაღს, სამსახურს, 100 მანეთსა და ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებას. მიხა ხელაშვილის მკვლელობა 1925 წლის იანვრის ბოლოს მოხდა: ნაქეიფარმა მიხამ მარცვალაშვილის საბძელში დაიძინა, კახეთში უნდა წასულიყო მეორე დღეს. მტრებმა დრო იხელთეს, მძინარე მიხას ლევან გარსევანაშვილმა დაახალა ტყვია თავში, ლუკა მარცვალაშვილმა ვერ გაბედა… მეორე დღეს დუშეთში ჩაიტანეს მარხილზე დადებული მიხას ცხედარი და მილიციის შენობის წინ დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, შემდეგ კი დაუმარხავად ჩააგდეს თხრილში. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. ცხედარი თითქმის მთლიანად გაიხრწნა. დამ და სიძემ ხევსური მილიციელის დახმარებით  მოიპარეს მიხას ნეშტი, ცხენს გადაჰკიდეს, ჩარგალში აიტანეს და მეორე ღამეს ფარულად დამარხეს დედამისის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში… მიხა ხელაშვილის მეგობარ-თანამოაზრეთა ნაწილი ადრევე დახოცა მილიციამ. დაიცარა მიხას მტრების ბედიც: მარტო თოფი მიუღია მთავრობისაგან ლევან გარსევანაშვილს. მოსისხლეებმა კი იგი იმავე ზაფხულს მოკლეს. ლუკა მარცვალაშვილი გამოცდილ ძებნილს, გოგია ჭიჭოშვილს მოუკლავს შირაქში, ტარიბანაში. წამებად იქცა ვახტანგ რაზიკაშვილის ცხოვრებაც… 25 წლის ასაკში გამოასალმეს მიხა ხელაშვილი სიცოცხლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან, არაერთი დარბევა-განადგურების მიუხედავად, გადარჩა მისი ლექსების ნაწილი… კახეთში შექმნილი ჩოლოყაშვილის რაზმელობის პერიოდის ლექსთა ნაწილი, მის მეგობარ ივანე ყაყიდაშვილთან ინახებოდა, მან კი ძმის მეგობარსა და მიხას შემოქმედების თაყვანისმცემელს, ვანო ხორნაულს გადასცა. ვანომ ლექსები კლდეში დამალა, რამაც გარკვეულწილად დააზიანა ისინი. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიხა ხელაშვილის ლექსები გამოაქვეყნა ფსევდონიმებით – „მიხა ახადელი” და „მიხეილ ზურაბაშვილი”.

 

წყარო: fact2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი