რომელმა პარტიებმა მოაწერეს ხელი სტრასბურგში “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გაგზავნილ განცხადებას

0
364

12 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სპეციალური განცხადებით მიმართავს, რომელშიც რუსთავი 2-ის საქმეზეა საუბარი. განცხადებას, რომელშიც პარტიები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმზე განხორციელებულ შეტევაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოუწოდებენ ევროპის პარლამენტს, ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირს და ეუთო-ს ხმა აღიმაღლონ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს:

“ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები, მოვუწოდებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და დემოკრატიულ სამყაროს, აღიმაღლოს ხმა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმზე მიტანილი შეტევის წინააღმდეგ.

რუსთავი 2, ერთადერთი დიდი პროდასავლური მთავრობის მიმართ კრიტიკული მედია საქართველოში, პრაქტიკულად მითვისებულია ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. რუსთავი 2 არის უკანასკნელი დიდი მედია, რომელიც არ კონტროლდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილისა და პარტია ქართული ოცნების მიერ.

2 მარტს სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დახურულ კარს მიღმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის მფლობელობა მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ივანიშვილთან დაახლოებულ პირს და ქართული ოცნების დეპუტატის ძმას.

რუსთავი 2-ზე კონტროლის დამყარებით ივანიშვილი მოიპოვებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სრულ კონტროლს.

აღსანიშნავია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაგმო სანდო საერთაშორისო და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების უმრავლესობამ, მიღებულ იქნა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომდევნო დღესვე. ეს გადაწყვეტილება ასევე არის უმძიმესი დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

“სამივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები და მართლმსაჯულება წარმართა მთავრობის აგრესიული ჩარევის პირობებში. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა. ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივად დაესაბუთებინა გადაწყვეტილება.
ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, რადგან არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ, მოიპოვეს აბსოლუტური კონტროლი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებზე და ახლა ანადგურებენ დარჩენილ სახელმწიფო ინსტიტუციებს როგორებიცაა, პრეზიდენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და საკონსტიტუციო სასამართლო.

“ყველაფერმა ზემოთთქმულმა შესაძლოა შეუქცევადად დააზიანოს საქართველოს დემოკრატიული გზა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის პარლამენტს, ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირს და ეუთო-ს ხმა აღიმაღლონ მოვლენათა საგანგაშო განვითარების წინააღმდეგ.

ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო ჩარევა იქნება გადამწყვეტი საქართველოში მედია თავისუფლების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, და დემოკრატიული განვითარების შესანარჩუნებლად” _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოძრაობა; 

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო; 

თავისუფალი დემოკრატები; 

საქართველოს ლეიბორისტული პარტია; 

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის; 

პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის”; 

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; 

საქართველოს ევროპელი დემოკრატები; 

ახალი ერთობა საქართველოსთვის; 

სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო; 

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია; 

პარტია რეფორმატორები”.

წყარო: gurianews.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი