საათს რომ დავხედე, მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა, ჩემს მეუღლეს ადამიანის ხმა არ ჰქონდა

0
280

”როდის გაგიჩნდათ პირველი სერიოზული კითხვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ან, სულაც, როცა ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, პრეზიდენტს რა ჰკითხეთ?”, – გაზეთ “ვერსიას” შეკითხვას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პასუხობს:

”საკუთარი თავის მიმართ პირველი შეკითხვა, ხომ არ შემეშალა, მხარი ამ გუნდს რომ დავუჭირე-მეთქი, მაშინ გაჩნდა, როცა ”იმელში” ორი ხანშიშესული დევნილი დააპატიმრეს. ეს ფორმა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და ამაზე არაერთხელ მიდავია ირაკლი ოქრუაშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან… ამას მოჰყვა ბევრი სხვა კითხვა…
რაც შეეხება ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას. ეს შოკი იყო. როცა პრემიერი ასეთ გაუგებარ სიტუაციაში იღუპება, ცხადია, კითხვები ჩნდება, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა ხელმოსაკიდი დოკუმენტი, რომ ვინმეზე ან რამეზე ეჭვი მიმეტანა.

სააკაშვილმა დეტალურად ბევრი რამ მითხრა. მერე, რამდენჯერმე ადეიშვილი ჩემთან სპეციალურად გამოუშვა, რომ რაღაც დეტალები მოეყოლა, რომელიც შეკითხვებს მომიხსნიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოძიების მასალები უნდა გამოქვეყნდეს, ან რაც დასაზუსტებელია, დაზუსტდეს და საზოგადოებას პასუხი გაეცეს!

იმხანად საქართველოში ნამდვილად არ ვიყავი და ბოლო ათწლეულის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შვილებთან ერთად, მეგობრების მიწვევით, დასასვენებლად წავედი. მახსოვს, დილის ხუთის ათი წუთი იყო, როცა ჩემმა მეუღლემ დამირეკა. საათს რომ დავხედე, მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა. ჩემს მეუღლეს ადამიანის ხმა არ ჰქონდა და მითხრა, თუ ბავშვების წამოყვანას ვერ შეძლებ, დატოვე და ახლავე გამოფრინდიო. ბუნებრივია, კითხვა, უნდა წამოვსულიყავი თუ არა, არც გამჩენია და ასეთი ხმის გავრცელება იმ ადამიანების ხრიკებია, რომლებმაც თავის დროზე ძალიან დიდი როლი შეასრულეს, რომ ჩემსა და ბატონ ზურაბს შორის ურთიერთობა დაძაბულიყო…
ურთიერთობის გაფუჭებაში ტყეშელაშვილის მომენტი ერთ-ერთი თანმდევი იყო. ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ბატონი ზურაბისგან და, საერთოდ, დემოკრატებისგან საპარლამენტო სიის შედგენისას მხარდაჭერა არ მივიღე და ეს, უბრალოდ, სიტყვის გატეხვა იყო”, – აცხადებს ბურჯანაძე.

წყარო: მარშალ პრეს და ვერსია

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი