“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა

0
217

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში. მე ვფიქრობ, საატესტატო გამოცდებისა და უმაღლესი განათლების ბარიერი, ევროპის ქვეყნების მსგავსად, გაცილებით უფრო მაღალი უნდა იყოს” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებზე საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა.

„სისტემას რეფორმა აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ანუ ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას. უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ანუ ახლა ეს ბავშვები, ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიან ეროვნულ გამოცდებსაც ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლესს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ ჩვენ, თქვენ და დანარჩენებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის აზრით, ის ბავშვები, რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს, პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარებენ და შეიძენენ პროფესიას.

„მერე, თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩააბარებენ, სკოლის პროგრამის გამოცდების გადალახვასაც შეძლებენ და ბედნიერად იცხოვრებენ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, დღეს დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ სასწავლებლებში 80 პროცენტია, უმაღლესში – 40. „ანუ 2-ჯერ მეტი შანსი გაქვს, რომ სამსახური და ღირსეული ცხოვრება გქონდეს, თუ პროფესიულ სასწავლებელს დაამთავრებ“.

კითხვას, როგორი იქნება ბარიერი ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, მინისტრი პასუხობს, რომ ბარიერი არავის შემთხვევაში არ დაიწევა. მისი განმარტებით, არსებულზე დაბალი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ წერა-კითხვის უცოდინარ მოსწავლეს „უნდა მივცეთ12 კლასის ატესტატი, რაც შეუძლებელია“.

კონკრეტულად, რა განისაზღვრება ახალ ბარიერად, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს სპეციალისტების საკითხია.

„მთავარია ვთქვათ, რომ მინიმალური ზღვარი, ასე ვთქვათ, მინიმალური ცოდნაა, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო. თქვენ, ალბათ, ნანახი გაქვთ ამ გამოცდების მასალები და ეს არის მინიმუმის მინიმუმი. მოკლედ, თუ ადამიანმა იცის გამართულად წერა-კითხვა, გამართულად ანგარიში და სკოლის მასალა, იმ ბარიერს აუცილებლად გადალახავს.

გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30 პროცენტი. ჩვენთან – 80. არ მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ 3-ჯერ უფრო მეტად ყოჩაღები ვართ, ვიდრე გერმანელები. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვის.

თქვენ თუ ნახავთ ამ გამოცდების ამოცანებს, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა, ერთ წელიწადშიც შესაძლებელია, ამ ბარიერის დაძლევა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

2016–2017 სასწავლო წლის მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა. როგორც ჩვენი ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყება, ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

“დაახლოებით 11 000–მდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე წელს ზღვარი ვერ გადალახა. მოსწავლეთა რაოდენობა 40–50 ათასამდე შუალედში იყო. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო. ბავშვებს ტექნიკური საგნები წელსაც უჭირთ”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზუსტ ციფრებსაც გაასაჯაროებენ.

EDU.ARIS.GE საკითხის დაზუსტების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ცენტრის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, შეიძლება ითქვას, რომ შედეგი შარშანდელის ანალოგიურია.

“დიახ, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც საატესტატო გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახა 11 ათასამდეა. გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ მათში მოიაზრებიან ის მოსწავლეებიც, ვინც გასულ წელს იყო ჩაჭრილი, წელსაც გავიდა გამოცდებზე და წელსაც ვერ გადალახა ზღვარი. ეს შედეგი შარშანდელის ანალოგიურია”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები 19 ივნისს, მე–11 კლასის საატესტატო გამოცდებით გაგრძელდება. 

წყარო: edu.aris.ge     edu.aris.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი