სამეგრელოში “ლუგელას” წყალზე დამზადებული ქართული კოსმეტიკური საშუალებების წარმოება იწყება

0
347

მინერალური სამკურნალო წყლის “ლუგელასა” და მასზე დამზადებული სახის მოვლის საშუალებების წარმოება იწყება. სამეგრელოში მდებარე ქარხანაში პირველ ეტაპზე სახის “სკრაბს” გამოუშვებენ, სამომავლოდ კი იგეგმება თვალის წვეთების, დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოსა და სპრეის, ასევე, გაპარსვის შემდეგ სახის მოვლის საშუალებების წარმოება.

როგორც “ბიზნესკონტრაქტს” პროექტის განმახორციელებელი კომპანია Anaklia Group-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირაკლი წიფურიამ განუცხადა, ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება სამკურნალო მინერალური წყალი “ლუგელა” და მასზე დამზადებული „სკრაბი“, დანარჩენი პროდუქციის წარმოებას კი კომპანია 2018-2019 წლებში გეგმავს.
ირაკლი წიფურიას თქმით, ახალი პროდუქტების წარმოებისთვის კომპანია კიდევ ორი ახალი ქარხნის აშენებას აპირებს. ინვესტიციის მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის.
რაც შეეხება ქარხანას, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დაიწყო, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ირაკლი წიფურიას განმარტებით, დღე-დღეზე საწარმო ISO სერთიფიკატის აღებას ელოდება.

კომპანია პროდუქციის რეალიზაციას პირველ ეტაპზე ქართულ ბაზარზე, შემდეგ კი საზღვარგარეთაც გეგმავს. Anaklia Group ისეთი ბაზრების ათვისებას აპირებს, როგორებიცაა: ირანი, უკრაინა, ევროკავშირი, ჩინეთი.

“სამკურნალო მინერალური წყალი ლუგელა არის უნიკალური წყალი არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს არის თხევადი კალცი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

ეს არ არის ჩვეულებრივი მინერალური წყალი, რომლის მიღებაც ხდება დიდი ოდენობით, „ლუგელას“ წყლის მიღება ხდება შეზღუდულად, დღეში მხოლოდ რამდენიმე გრამი ან ყლუპი”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

 

წყარო: businesscontract.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი