საქართველოში ევროპელ ინვესტორებსაც აღარ ინდობენ – რამდენიმემილიონიანი ქონება გაუსხვისეს

0
199

“საქართველოში ჩვენი ჩამოსვლისა და ინვეტიციების განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ გვქონდა ინფორმაცია, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც იზიდავს და ზრუნავს ინვესტორებზე…
იმან, რაც თავს გადამხდა, შოკში ჩამაგდო. მჯერა, რომ სასამართლო დარღვეულ უფლებებს აღმიდგენს და დამიბრუნებს სამართლიანობის განცდას, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისას გამიჩნდა”, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ეგვიპტელი ბიზნესმენი, სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბი, რომელიც თაღლითური ჯგუფის სამიზნე გახდა – მას რამდენიმემილიონიანი ქონება გაუსხვისეს და ახლა მისი უკან დაბრუნებისთვის იბრძვის. როგორ განვითარდება მოვლენები და ვის მხარეს გადაიხრება თემიდას სასწორი, ამას მომავალი და სასამართლოს ვერდიქტი გვიჩვენებს.

სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბი:

– მე და მამაჩემი კაიროდან საქართველოში პირველად 2012 წელს ჩამოვედით ინვესტიციების გასახორციელებლად და ავირჩიეთ სოფლის მეურნეობის სფერო და სარესტორნო ბიზნესი. ინვესტიციის მესამე მიმართულება სამშენებლო ბიზნესი უნდა ყოფილიყო და დავიწყეთ იმის მოკვლევა, სად შეიძლებოდა ამის გაკეთება. 70 წელია, ოჯახურ ბიზნესში ვართ ჩართული და ის ეგვიპტიდან საქართველოში გადმოვიტანეთ, დავაარსეთ შპს “HABIBCO GEO”. ინვესტიციებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში იმიტომ ვახორციელებთ, რომ მიმაჩნია, ეს სექტორი საქართველოში არის პრიორიტეტული და ოპტიმისტური, არსებობს სამთავრობო მხარდაჭერაც. საქართველოს საკმაოდ მდიდარი მიწები აქვს, თუმცა, დღეს პროდუქტი ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის. არადა, აქ წარმოებული პროდუქცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე შემოტანილი.

– მიწის ნაკვეთი, რომელიც “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინეთ, სადავო რატომ გახდა? მოგვიყევით, როგორ იქეცით თაღლითური ჯგუფის მსხვერპლად.

– 2013 წელს, ერთ-ერთი კომპანიისგან თბილისში, “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე შევიძინეთ მიწის ნაკვეთი. ჩემმა იურისტებმა ყველა დოკუმენტი იურიდიულად შეამოწმეს და ქონების შეძენა საბანკო გადარიცხვებით მოხდა. გეგმაში გვქონდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობა წამოგვეწყო, თუმცა, რას წარმოვიდგენდი, თუ ამხელა პრობლემა შემექმნებოდა? გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, დამირეკა ერთ-ერთმა მაკლერმა, რომელიც ჩემი მიწის ნაკვეთის შეძენით იყო დაინტერესებული. ბევრი მსურველი რეკავდა და ყველასთვის მქონდა ერთი პასუხი, რომ მიწას არასდროს გავყიდდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხას მთავაზობდნენ. მაკლერმა მითხრა, როგორ არ ყიდი, ის უკვე გაყიდულია, თან ბევრად იაფად, ვიდრე მე გთავაზობდი და მე რატომ არ მომყიდეო? მართლაც, რა თანხაც იმ მაკლერმა ადრე შემომთავაზა, იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, რამდენადაც თურმე მე “გამიყიდია”. იგი დაჟინებით მეუბნებოდა, რეესტრში მიწა შენი კომპანიის კი არა, სხვის სახელზეაო. ინფორმაციის გადასამოწმებლად იმავე დღეს წავედი იუსტიციის სახლში. შოკირებული დავრჩი, როცა ადგილზე შევიტყვე, რომ ჩემი ქონება უკვე სხვა კომპანიის სახელზე იყო დარეგისტრირებული. საუბედუროდ, მაკლერი მართალი აღმოჩნდა და ჩემი მიწა 2-ჯერ იყო გასხვისებული. პირველად გაყიდული იყო ორ ქართველზე ყალბი მინდობილობით, რომელიც რუსულ ენაზე იყო შედგენილი და რუსეთში რეგისტრირებული. მე და მამა არასდროს ვყოფილვართ რუსეთში. არც რუსული ვიცით. მინდობილობის გაცემის შემდეგ, ჩემი ქონება მეორედ გასხვისებულა ქართულ კომპანიაზე – “ამერი დეველოპმენტზე”. რეესტრიდან დოკუმენტებით პირდაპირ ჩემს იურისტებთან წავედი, მეორე დღეს კი განცხადებით მივმართე პროკურატურას, რათა მიწის ნაკვეთისთვის ყადაღა დაედოთ. პროკურატურამაც და სასამართლომაც მიწის ნაკვეთს 24 საათში დაადეს ყადაღა. სამართალდამცველების ასეთი ოპერატიულობა მოულოდნელი იყო ჩემთვის.

მინდა გითხრათ, რომ ეგვიპტის მერე საქართველო იყო ჩვენთვის პირველი ქვეყანა, სადაც ინვესტიციები განვახორციელეთ და ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავისი მიზეზი – ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც იზიდავს და ზრუნავს ინვესტორებზე და დაბალია გადასახადები. ინვესტირების განხორციელების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში დამკვიდრება, მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ. გამიმართლა, როცა 24 საათის განმავლობაში დაბლოკეს მიწა. ახლა ობიექტური მართლმსაჯულების იმედიც მაქვს, მჯერა, რომ სასამართლო დარღვეულ უფლებებს აღმიდგენს და დამიბრუნებს სამართლიანობის განცდას, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისას გამიჩნდა. დარწმუნებული ვარ, დავიბრუნებ ჩემს ქონებას.

– ანუ საქმის მოგების იმედი გაქვთ?

– რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტი ხელთ მაქვს და მზად ვარ, ჩემი სიმართლე დავამტკიცო. ამ დიდი პრობლემის მიუხედავად, ვმუშაობთ და გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ ოჯახიდან მოგვდგამს შრომის სიყვარული და საქმეზე ვართ კონცენტრირებული, პოლიტიკა არც აქ და არც ეგვიპტეში არ გვაინტერესებდა. მშვიდობისმოყვარე ადამიანები ვართ და მშვიდობიან გარემოში ყოფნა გვსურს. ვაგრძელებთ ინვესტირებას და მუშაობას, გვაქვს სამომავლო გეგმები. ამასობაში, ველოდებით სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, მწამს ღმერთის, ის აღადგენს სამართალს და შემდეგ – კანონის. სასამართლოს ყველა შესაბამისი დოკუმენტი აქვს ხელთ, რათა გაარკვიოს სიმართლე და ყველას დაუბრუნოს თავისი უფლება. მინდა, ეს საშინელი ბნელი სიზმარი სწრაფად დასრულდეს და მომეცეს ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების საშუალება, რომელიც წაადგება საქართველოს და ჩემი ბიზნესის განვითარებას.

– ბატონო სამეჰ, საქართველოში სამუდამოდ აპირებთ დარჩენას?

– დიახ, მე უკვე ვცხოვრობ საქართველოში.

ეგვიპტელი ბიზნესმენის საქმეზე სამართალწარმოება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო კუთხით მიმდინარეობს. სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბის ინტერესების დამცველი ადვოკატები – თამარ აბესაძე, ზურაბ მამულაშვილი და გელა გელენიძე იმ თაღლითური სქემის შესახებ საუბრობენ, რის გამოისობითაც ინვესტორმა რამდენიმემილიონიანი ქონება დაკარგა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სიმართლე ბიზნესმენის მხარესაა და იმედოვნებენ, რომ სასამართლო მის მიმართ ბოლომდე სამართლიანი დარჩება. ადვოკატების განმარტებით:
– სსს-ის კუთხით გამოძიება დამთავრდა და საქმე განსახილველად სს საქმეთა კოლეგიას გადაეცა. ამ ეტაპზე სამოქალაქო კუთხით წარმოებს საქმის განხილვა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიცემულია 6 ადამიანი. აქედან 3 პატიმრობაშია, სამზე კი ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 2 სექტემბერს, რუსეთში, ნიჟეგოროდსკის ოლქის ქ. შახუნიაში მოქმედ ნოტარიუსთან გაფორმდა ხელშეკრულება ვინმე ნინო ურუშაძესა და ირაკლი ყურაშვილზე შემდეგი უფლებამოსილებით: გაყიდონ, გაცვალონ, საკუთარ სახელზე გადაიფორმონ თბილისში “მზიურის” მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მინდობილობა ყალბია და მისი გაცემისა და უძრავი ქონების გაყიდვის სურვილი ეგვიპტელ მამა-შვილს არ ჰქონია, ისინი არც არასდროს ყოფილან რუსეთში. 2014 წლის 8 ოქტომბერს, ამ ყალბი მინდობილობით, ნასყიდობის ხელშეკრულებით, ყურაშვილმა და ურუშაძემ უძრავი ქონება თავიანთ სახელზე 3 მილიონ დოლარად გადაიფორმეს, ხოლო 24 ოქტომბერს გადაუფორმეს შპს “ამერი დეველოპმენტს”, რომლის დამფუძნებელია გიორგი თავდიშვილი. გამოძიების მიერ სს საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 6 პიროვნება, რომელთა შორის სამი წინასწარპატიმრობაშია (ირაკლი ყურაშვილი, ნინო ურუშაძე, გრანტ სარქისიანი), ხოლო დანარჩენ სამ პირზე – არტურ სარქისოვზე, დავით ციგროშვილზე და ზოია ჩხაიძეზე გამოცხადებულია ძებნა. გამოძიების პერიოდში, სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის მიერ ქონების საბაზრო ღირებულება 6 342 070 აშშ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, მიწის ნაკვეთის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.

ძიებით უკვე დადგენილია, რომ ბატონი სამეჰი და მამამისი რუსეთში არასდროს ყოფილან და საზღვარი არ გადაუკვეთავთ. რატომ წავიდოდა ეს ადამიანი და რუსეთის მივარდნილ ოლქში, რატომ გააფორმებდა მინდობილობას, როცა ორივე მხარე საქართველოს მოქალაქეა? ძალზე ალოგიკურია ასეთი ქმედება.

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იუსტიციის სახლის პასუხისმგებლობის საკითხი. საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცეს ინვესტორი საქართველოში, იუსტიციის სახლში დაჯდეს და თავისი ქონება დაიცვას, თუ საქმე აკეთოს და საკუთარი საქმიანობა უკეთ წარმართოს? სად არის უსაფრთხო და დაცული საინვესტიციო გარემო? ეს ადამაინი ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებდა ბიზნესს და დასაქმებული ჰყავს ათეულობით ადამიანი. გამოდის, არავინ ვართ დაცული იმისგან, რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ და ჩვენი ქონება უკვე სხვის ხელში იყოს. ფაქტია, რომ ინვესტორის უფლებები შეილახა. უნდა არსებობდეს დაცვის მექანიზმი, რათა ამ ადამიანმა საკუთარი ქონება დაიბრუნოს. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, ის ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.

მამუკა მდინარაძე, “ამერი დეველოპმენტის” ადვოკატი:

– ბატონი გიორგი თავდიშვილი (“ამერი დეველოპმენტის” დამფუძნებელი) არის კეთილსინდისიერი შემძენი. არსებობს რეესტრის პრეზუმფცია – რეესტრით დასტურდება საკუთრების უფლება და სახელმწიფო აგებს პასუხს მისი ჩანაწერის ნამდვილობაზე. როდესაც რეესტრით არის დადასტურებული ვიღაცის საკუთრება და შენ მას ყიდულობ, ამ შემთხვევაში ხარ კეთილსინდისიერი შემძენი. მესმის და ბუნებრივიცაა ეგვიპტელი ბიზნესმენის პოზიცია, მაგრამ მგონია, რომ მას უფრო სახელმწიფოსთან აქვს საბრძოლი. სახელმწიფო კი თავის მხრივ, ებრძვის სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებიც დაკავებულნი არიან და მიდის ძიება. შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურებაც. ჩემი აზრით, ეგვიპტელ ბიზნესმენს სახელმწიფოსთან და ამ ადამიანებთან მოუწევს დავა. ბატონი გიორგი არის ჩვეულებრივი კეთილსინდისიერი შემძენი, რომელსაც ეჭვის შეტანის საფუძველიც არ ჰქონდა. რეესტრის ჩანაწერიც იმაზე მიუთითებდა, რომ ის ადამიანები იყვნენ მესაკუთრეები – რეესტრში ეს ქონება ყურაშვილსა და ურუშაძეზე იყო გაფორმებული და ქონებას არც ყადაღა ედო. მას რომ ეჭვი გასჩენოდა, ამხელა ქონებაზე ასეთ რისკს გასწევდა? არც ერთი ჭკუათამყოფელი ადამიანი ამაზე არ წავიდოდა და საფრთხის შემცველ ქონებას არ შეიძენდა. რეესტრი ან შეცდომაში შეიყვანეს, ან იქ სხვა რაღაც მოხდა. ფაქტია, რომ იუსტიციის სახლში მოხვდა ჩანაწერი, რითაც დასტურდებოდა, რომ ქონება მისი საკუთრება იყო, ვინც ამ მიწას ყიდდა. ეს მინდობილობა რუსეთშია გაკეთებული და ის არც კი გადამოწმდა. სახელმწიფომ ასეთ საქმეებზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ხომ შეიძლება, ერთ დღეს ჩვენი ბინაც ვიღაცამ გაასხვისოს? ასეთ შემთხვევაში, ხელმწიფოს შეცდომის გამო, კეთილსინდისიერ მყიდველს ვერ მოედავები და ისევ შენ რჩები დაზარალებული. ეს არაა მარტო საქართველოს პრობლემა, მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი რაღაცები. ამ რისკის გამორიცხვის უებარი საშუალებები მსოფლიოს ჯერ არა აქვს მოფიქრებული. თაღლითურმა ჯგუფმა კარგად იცოდა, მინდობილობას რუსეთში რატომ აკეთებდა. ეს იყო თაღლითური სქემა, რაზეც თამამად შეიძლება საუბარი. როდესაც ბატონი გოგი ჩვენთან მოვიდა და საადვოკატო მომსახურება მოითხოვა, თვითონაც აღშფოთებული იყო იმით, თუ რამდენად კარგად, ორგანიზებულად და ფსიქოლოგიურად გათვლილი მომენტებით მოქმედებდნენ ეს ადამიანები. თქვა, ყველა დეტალი ისე იყო გათვლილი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, ასეთი ხალხი მეორე არ დადის ქვეყანაშიო. ბატონმა გოგიმ იმ ადამიანებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა, თუმცა, სრულად – არა. ვფიქრობ, არ უნდა დავიჩაგროთ და სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

თინათინ ყოლბაია, საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– საჯარო რეესტრის თანამშრომლებს რეგისტრაციის პროცესში აღმოუჩენიათ როგორც მინდობილობების, ისე სხვა დოკუმენტების გაყალბების ფაქტები. ასეთ შემთხვევაში, დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით, სააგენტო ვალდებულია, დოკუმენტაცია სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნოს, ხოლო რეგისტრაციის პროცესი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს.

საქართველოში დამოწმებული სანოტარო აქტების საფუძველზე, რეგისტრაციის განხორციელებისას, სააგენტო ამ დოკუმენტის ნამდვილობას ამოწმებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. თუ სახეზეა უცხო ქვეყნის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი მოქმედებს ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციისა და მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ მინდობილობა დამოწმებულია ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოში, ამგვარი დოკუმენტები მოწმდება აპოსტილით ან ექვემდებარება ლეგალიზაციას. დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება, თუ იგი გაცემულია მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ სახელმწიფოებში: აზერბაიჯანი, ბელორუსი, თურქმენეთი, მოლდავეთი, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში დამოწმებული მინდობილობების კანონიერებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით, მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება მათ მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

რეგისტრაციის პროცესში, საზღვარგარეთ შედგენილი დოკუმენტების ნამდვილობის გადამოწმების სხვა სახის მექანიზმი არ არსებობს. საჯარო რეესტრის მიერ ხელოვნური სახის შეზღუდვების დაწესება, ასევე დაუსაბუთებელი ეჭვის შეტანა დოკუმენტის ნამდვილობაში, მხოლოდ კანონის დარღვევა იქნება.

“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

დოკუმენტის სიყალბის დადგენა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და სამართალდამცავი ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და შესაბამისად, შეუძლებელია საქმის წარმოების პროცესში დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა.

როგორც უკვე აღვნიშნე აშკარა, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია, დოკუმენტი გადაგზავნოს სამართალდამცავ ორგანოში, ხოლო რეგისტრაციის პროცესი შეაჩეროს ამ ორგანოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

წყარო:  gza.ambebi.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი