სკანდალი – რუსეთი ნავთობის გარეშე – უკუთვლა დაიწყო ?

0
340

“სანავთობო ზღაპარი”, რომელშიც რუსეთი 50 წელზე მეტია რაც ცხოვრობს, შემაშფოთებელი სისწრაფით უახლოვდება ფინალს. ძველი, საბჭოთა საბადოებიდან ნავთობის დაჩქარებული მოპოვება საბადოების დაჩქარებულ გამოფიტვას იწვევს. ამავე დროს, ახალი, მოსაპოვებლად ადვილი და იაფი ნავთობსაბადოები ჯერჯერობით არ ჩანს.

ამ ეტაპზე ყველა არსებული და აღმოჩენილი საბადო ჩართულია მოპოვებაში – განაცხადა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა სერგეი დონსკომ. მისი თქმით, აღმოჩენილი საბადოებიდან გაუნაწილებელი მხოლოდ 6% რჩება.

ეს იმდენად ცოტაა, რომ სამინისტროს უწევს მუშაობის ფორმატის შეცვლა – ბუნებრივი სიმდიდრეების განაწილების ნაცვლად, ის მხოლოდ „ადევნებს თვალს რესურსების მოპოვების ეფექტურობას”. აღსანიშნავია, რომ, 2017 წელს ახალი ნავთობსაბადოს ათვისებაზე არც ერთი აუქციონი არ გამოცხადდება.

„გასანაწილებელი არაფერი დარჩა. აღმოჩენილი ნავთობსაბადოების ფონდი ამოიწურა”, – განაცხადა ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ევგენი კისელევმა.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ნავთობსაბადოების საშუალო ზომა 1, 7 მლნ. ტონაა. ეს ძალიან ცოტაა – მარტო ჩინეთს რუსეთი ყოველთვიურად 3-ჯერ მეტს აწვდის”, – ამბობს ცნობილი რუსი ექსპერტი მიხაილ კრუტიხინი. მისი თქმით, სიტუაცია გაართულა იმანაც, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნის შემდეგ დარგში ჩადებული ინვესტიციები შემცირდა.

„შეიცვალა მიდგომა. გადაწყვიტეს, რომ გაყიდონ ყველაფერი, რაც აქვთ და იმ ფასად, რაც არის. ამოქაჩონ ყველაფერი არსებული საბადოებიდან. ერთ ჭაბურღილთან ააშენონ მეორე, თუ ნავთობი მოდის” – განაცხადა ექსპერტმა.

ნავთობის ფორსირებულმა მოპოვებამ დარგს 1987 წლიდან მაქსიმალურ მაჩვენებელზე გასვლის საშუალება მისცა (11,2 მლნ. ბარელი დღეში), თუმცა ეს მაინც საგრძნობლად აახლოვებს სანავთობო კეთილდღეობის ეპოქის დასრულებას.

„2030 წლამდე რუსეთის მინერალური-სანედლეულო ბაზის ათვისების სტრატეგიის” მიხედვით, რომელიც ბუნერბრივი რესურესების სამინისტრომ მოამზადა, დღევანდელ დონეზე ნავთობის გაყიდვის საშუალება ქვეყანას სულ რაღაც 3-4 წელიწადში ამოეწურება.

რუსეთის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არსებული ნავთონსაბადოების 70% მძიმედ მოსაპოვებელ ნავთობზე მოდის, რომლის თვითღირებულება ხმელეთზე ბარელზე 70 დოლარს აღემატება, არქტიკულ შელფზე კი – 150-ს. იმისთვის, რომ ამ ნავთობის მოპოვება გახდეს შესაძლებელი თუნდაც მინიმალურ დონეზე, საჭიროა ტექნოლიგიები, რომლებსაც რუსეთი საერთაშორისო სანქციების გამო ვერ იღებს.

კრუტიხინის აზრით, მოპოვების პიკი იქნება 2020-2022 წლები, შემდეგ კი დაიწყება ვარდნა – წელიწადში 10%-ით, ხოლო 2035 წლისთვის მოპოვება შემცირდება 2-ჯერ, დღეში 11-დან 6 მლნ. ბარელამდე. ზუსტად ამ რაოდენობით ნავთობს მოიხმარს თავად რუსეთი, შესაბამისად, ექსპორტიც უნდა შეწყდეს.

რუსეთი ეკონომიკისთვის ეს არის კოლაფსამდე უკუათვლის დასაწყისი – მიიჩნევს კარნეგი-ცენტრის ექსპერტი ანდრეი მოვჩანი.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ნავთობის ექსპორტზე ქვეყანაში შემოსული ვალუტის 26% მოდის, ამას თუ დავუმატეთ გაზი – გამოდის 60%.

რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის 40% ნავთობის ექსპორტიდან შემოსული ფულით ივსება – ეს პირდაპირ, და თუ ჩავთვლით არაპირდაპირ ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც იწვევს ნავთობის და გაზის ექსპორტით შემოსული თანხა, მაშინ ეს 84%-ი იქნება.

„არაა გამორიცხული, რომ შექმნილ ფინანსურ დეფიციტს მთავრობა შეებრძოლება საბეჭდი დაზგის სრულმასშტაბიანი ჩართვით. ამავე დროს წარსულს ჩაბარდება კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, შეიზღუდება ოპერაციები უცხოური ვალუტით და შემოღებული იქნება ფასების კონტროლი. როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში – კარგად ჩანს ვენესუელის მაგალითზე, რომელმაც ამოწურა ნავთობის მარაგების 2/3″, – პროგნოზირებს მოვჩანი.

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკის მდგრადობის მარაგი 6-10 წელია, შემდეგ კი მოვა აუცილებელი და მკვეთრი ცვლილებების დრო იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ქვეყნის მთლიანობა და მართვადობა. პრობლემის სირთულეს ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ ნავთობზე ფასების სამმაგმა შემცირებამაც კი ვერ გადაახვევინა რუსეთს „ბენზოგასამართი სადგურის ეკონომიკის” გზიდან.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2016 წელს არასანავთობო-საგაზო ექსპორტი 10%-ით შემცირდა.

წყარო: commersant.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი