„უფალმა ბავშვობიდან დიდი განსაცდელი მოუვლინა…“ – ვინ არის მამა გიორგი ზვიადაძე?

0
397

ერისკაცობაში – გია ზვიადაძე ბავშვობიდან დედ-მამით ობოლი იყო და მიუსაფარი, ხაშურის უპატრონო (ასე ერქვა მაშინ) ბავშვთა სახლში გაიზარდა… გია გამორჩეულად ნიჭიერი იყო სწავლასა და სპორტში.

ეხლაც თვალწინ მიდგა საბავშვო სახლის აღსაზრდელების „მოკრძალებული” სამოსი, თაობიდან თაობას გადასული, თვალშისაცემი, ერთნაირი „უნი-ფორმა”: გახუნებული, გაცრეცილი, დაკერებული, დახეული ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი… ყველაფერს ეგუებოდნენ აღსაზრდელები: სიცივეს, შიმშილს, დაუმსახურებელ დასჯას თუ გულგრილობას…

გია უყვარდა ყველას: პედაგოგებს, კლასელებს, სკოლელებს და განსაკუთრების საბავშვო სახლის აღსაზრდელებს. გია იყო მათი მფარველი და დამცველი. უსამართლობას, აღსაზრდელების ტყუილ-უბრალოდ დაჩაგვრას არასდროს არავის პატიობდა…. ჩხუბიც მაგარი იცოდა. ბავშვობა – ბავშვობაა!

საბავშვო სახლის ასობით აღსაზრდელი საქართველოს ყველა კუთხიდან  N4 საშუალო სკოლაში სწავლობდა. 4 წლით უფროსი ვარ გიაზე. ჩემი ბიძაშვილი და გია ერთ მერხზე ისხდნენ… დამეთანხმება ყველა, ვინც იმ პერიოდში სწავლობდა, „წესად” გვქონდა მოსწავლეებს, ხან ფულს (20-40 კაპიკი) ვაძლევდით სკოლის ბუფეტისათვის, ხანაც ვეპატიჟებოდით ჩვენს კლასელებს- საბავშვო სახლიდან…

რატომ გამახსენდა?! გია სკოლის ბუფეტშიც არავის უნახავს და ფულის შეთავაზებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებას გიას ბავშვობის წლები! გია ზვიადაძის ბავშვობამ ღირსეულად, წესიერად, პატიოსნად გაუძლო დროს, გიამ კი გამოიარა სხვადასხვა განსაცდელი. ასე გამოვიდა გია ბავშვობიდან დიდი ცხოვრების შარა-გზაზე, თითქოს, მასაც ჰქონდა – დედ-მამის სიყვარულით გამთბარი კერია, ისიც იყო ოჯახში გალაღებული, ცელქი, უდარდელი და უზრუნველი. თითქოს  სხვა ბავშვებივით ისიც ბედნიერი იყო (ცრემლს ვერ ვიკავებ).

ბავშვობამ ერისკაცობაში გია ზვიადაძეს სულიერ საზრდოდ გამოატანა თმენის ვალდებულება, უფლისადმი ჭეშმარიტი რწმენა, ღირსება, კეთილშობილება, სამართლიანობა, ნიჭიერება, მოყვასის უდიდესი ერთგულება და სიყვარული! სკოლის დამთავრების შემდეგ, უსახლკარო, უფლის ანაბარა დარჩენილს, უფალმა უჩვენა გზა – წმიდა ტაძრამდე მისასვლელად.

იხილეთ!

http://tsas.ge/ge/?page_id=128

დიახ!

უფლის ნება იყო და უფალმა ჩააბარა მამა გიორგი ზვიადაძე დედა – ეკლესიას, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს!

დიახ!

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე ერთ-ერთი უერთგულესი, პატიოსანი, ჭეშმარიტი მღვდელმთავარია  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარემოცვაში. ჩვენი პატრიარქის გარემოცვა ხომ სრულიად საქართველოს ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი, მორწმინე ერი და ბერ-მონაზვნები არიან!

დიდება უფალს!

ეპილობის მაგიერ:

და, შენ, გიორგი გაბუნია, პოლიტიკურად ანგაჟირებულო, ნიჭიერო, მაგრამ მიკერძოვებულო ჟურნალისტო… „სრული ფიასკო” განიცადე (პირდაპირ ეთერში) მამა გიორგი ზვიადაძის წინაშე! სრული ფიასკო განიცადე მაყურებლის და თვით „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეების თვალშიც!

გადაცემის დასაწყისშივე მოირგე მკაცრი მენტორისა და უცოდინარი ჟურნალისტ – გამომძიებლის ამპლუა. სახეზე – გაურკვეველი სიძულვილი „დაიწერე”, ამოვარდი რიტმიდან, დაგარკე მოსმენის კულტურა და სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდი პრუდუსერისა თუ  რა ვიცი, კიდევ ვის მიერ „ყურში ჩაძახებულ” კითხვებს… უფალმა ისე აგირია თავ-გზა, რომ სხვა  სტუმრებისთვის – მეუფე პეტრე ცაავასა და ადვოკატ – მიხეილ რამიშვილისთვის  დასასმელ კითხვებსაც კი  მამა გიორგის ეკითხებოდი.

სრულიად დაკარგე საკუთარი თავის კონტროლი და დაგავიწყდა, ან არ იცოდი  მოწვეული სტუმრის, მამა გიორგი ზვიადაძის განათლებულობის ხარისხი და სასულიერო იერარქიის სტატუსის მნიშვნელობა.

ჟურნალისტო, სამომავლოდ, ერთიც გაითვალისწინე. სიონის საკათედრო ტაძარში, მამა გიორგის წირვისა და ქადაგების დროს, მრევლში, ერთმანეთის გვერდით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და შეხედულებების ადამიანები დგანან, რომელთაც ერთი უზენაესი გრძნობა- მართლმადიდებლობის, უფლის, პატრიარქის, სულიერი მოძღვარის და სამშობლოს დიდი სიყვარული აერთიანებთ!

იამზე კიკნაძე

წყარო http://euronews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი