უწმინდესი მანქანაში ტიროდა – დაცვის უფროსი დუმილს არღვევს

0
271

საქართველოს პატრიარქთან და განსაკუთრებით მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებაში ყოველთვის დიდი ინტერესის სფეროა. „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა პატრიარქის დაცვის უფროსთან სოსო ოხანაშვილთან, რომელიც საუბრობს ისეთ მოვლენებზე, როგორებიც იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი და 2008 წლის აგვისტოს ომი.

ოხანაშვილი საუბრობს თუ როგორ აეწყო პატრიარქის დაცვის სისტემა. ინტერვიუში საუბარია 2008 წლის ომზე და პატრიარქის გადაწყვეტილებაზე არ დაეტოვებინა თბილისი და მისი ხალხი:

„აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადის მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩვენი მწირი რესურსებით საპატრიარქოს დაცვა გავაძლიერეთ. თუმცა მხოლოდ ერთი (ჩემი პირადი!) იარაღის იმედად ვიყავით.

14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო – იქ ჯერ უამრავი ადამიანი რცებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიაქრი.

15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო. (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით).

ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, – ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი – თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო… კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო – წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.

რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო, ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.

როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარა – ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, – ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა – პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა – ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა, მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს… მხოლოდ 6 დაეტია. უწმინდესი მანქანაში ტიროდა (სამი დღე მოვუნდით ცხედრების გადმოსვენებას). განადგურებული დავბრუნდით თბილისში, მესამე დღეს ერთი ჯარისკაცის დედა მოვიდა ჩვენტან, თან შვილის სურათი მოიტანა, – ბოლოს შინდისიდან დამირეკაო. სურათზე ამოვიცანი – ერთ-ერთი გმირი შინდისელი იყო“, – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი