ქართველ სამხედროებს, რომელთა გასამართლებას რუსეთი ითხოვს, იურიდიულ დახმარებას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი გაუწევს

0
337

ქართველმა მებრძოლმა, გია ცერცვაძემ, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. ეს ინფორმაცია რუსთავი2-ს გია ცერცვაძემ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა. მისივე თქმით, განცხადება შესაბამის უწყებაში მისმა ადვოკატმა, შეიტანა და მისთვის დევნილის სტატუსით ითხოვს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას.

დღესვე, უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მებრძოლებს იურიდიულ დახმარებას დაჰპირდა. გიორგი ცერცვაძეს, ზაურ ბერიანიძეს და სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს რომელთა გადაცემას და გასამართლებას რუსეთი ითხოვს, იურიდიულ დახმარებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი გაუწევს.

„საქართველოს მთავრობამ გაყიდა ხალხი, გაყიდა ინფორმაცია. მანამდე რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, შეგიქმნათ პრობლემები და კიდევ ბევრს შეუქმნის პრობლემებს. უკრაინის საუკეთესო იურისტები მუშაობენ დღეს ჩვენთან, აგერ ეს ბიჭები, რამდენიმე გვყავს კიდევ საუკეთესო განათლებით, იურიდიული ფირმები აქვთ თავისი, გამოცდილება აქვთ, რომ არცერთი თქვენგანი არ დააჩაგვრინოს, არც თქვენ არც სხვა ქართველები და არც უკრაინის სამხედროები, რომლებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართველი სამხედრო გიორგი ცერცვაძე ყურადღებას უკრაინის მოქალაქეობის მიღების მნიშვნელობაზე ამახვილებს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიხეილს მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაკეთდა იმ დღეებში. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოჯახის ნახვაც მინდა, ჩავალ ხოლმე საქართველოში, შეიძლება მომიწიოს სხვა ქვეყნებში სიარული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ამის მიღებას,“ – აცხადებს გიორგი ცერცვაძე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი ზაურ ბერიანიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დადებითად აფასებს.

„ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა, ძალიან ბევრს დაეხმარება თუ ასეთი იქნება. აქ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქართველი მეომარი იქნება, უკრაინელი თუ რუსი ეროვნების, ვინც იქნება ყველას დაეხმარებიან და კარგია,“ – ამბობს ზაურ ბერიანიძე.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი