“ჩუმი საწამლავი” – მახე საქართველოში

0
379

ზაურ ნაჭყებია

ჟურნალისტი

მსოფლიოში რამდენიმე ათეული წელია ცდილობენ წარმატებით განახორციელონ ადამიანთა რობოტიზაციის პროცესი. სხვანაირად მას „ტვინის გამორეცხვას“ – ბუნებრივი ინტელექტის ხელოვნურით ჩანაცვლებას უწოდებენ.

ასეთ შემთხვევაში ადამიანები ნებაყოფლობით ამბობენ უარს საკუთარი ღირსების (ღვთით მინიჭებული საკუთარი უფლების) დაცვაზე და წესითა და კანონით მიუღებელს მისაღებად მიიჩნევენ – მათ თანდათან უქრებათ მოვლენის კრიტიკულად აღქმის (შეფასების) უნარი და ხაფანგში საკუთარი სურვილით ებმებიან!

პრაქტიკაში ადამიანთა რობოტიზაციის, ანუ ნებაყოფლობით მახეში გაბმის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ამჯერად ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ მკითხველთა ყურადღებას – ეს სწორედ ის მახეა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია გაბმული. საუბარია საბანკო სისტემასთან (ზოგადად, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებთან) დაკავშირებულ ურთიერთობაზე, რომელსაც პირობითად „ჩუმი საწამლავის“ კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს!

თუ მეტი არა, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი საბანკო-საფინანსო მომსახურებით სარგებლობს, რომელთაგან ძალიან ცოტას თუ აქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე და სარისკოა მათთან ურთიერთობა ყველა ნიუანსის დაზუსტების გარეშე…

ვიდრე ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერდეთ!

 გარკვეულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანები მიზანმიმართულად გაეკოტრებინათ და ბანკებზე და ათასი ჯურის მევახშეებზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი. უკიდურესობამდე მისული თანამოქალაქენი „ხსნას“ (ისიც დროებით) ბანკებთან ურთიერთობაში ეძებენ – მთავარია, იმ მომენტში გადაწყვიტონ თავსდამტყდარი პრობლემა, იმას კი ნაკლებად ფიქრობენ, როგორ დაუბრუნდებით უკან ბუმერანგივით გაუაზრებლად გადადგმული ნაბიჯები.

მთელი უბედურება იმაშია, რომ მათ არც აინტერესებთ რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს „სიამოვნებით“ აწერენ, ოღონდ, იმ მომენტში მისაღები მიიღონ და „ცეცხლი ჩააქრონ“!

ფაქტია, ზოგიერთი (ნეგატიური ემოციებისგან დამძიმებული) არც კითხულობს, რა წერია შიგნით, ხოლო, ზოგს იმის კომპეტენციაც არ ჰყოფნის, დეტალურად გაშიფროს რა უბედურებას უმზადებს იგი საკუთარ თავს!

თუმცა, ნიშანდობლივია ისიც, რომ ხშირად ხელშეკრულების პუნქტები ისეა „ჩახუჭუჭებულ-ჩაგვირისტებული“, ჩვეულებრივი კლიენტი თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს. ჩემის აზრით, ეს საბანკო-საფინანსო სტრუქტურების მხრიდან არა იმდენად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის არცოდნითაა განპირობებული, რამდენადაც შეგნებულად კეთდება ყველაფერი, რომ ე.წ. კლიენტი ურთიერთგამომრიცხავი აბდაუბდის არსში არ ჩაწვდეს!!!

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ხელშეკრულება ორმხრივი (მრავალმხრივი), თანაბარი უფლება-მოვალეობებით დატვირთული დოკუმენტია, საქართველოში ეს პირობა დარღვეულია – ყველა უფლება საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების მხარეზეა და შენ ვალდებული ხარ დაეთანხმო –  მათი არგუმენტი ქვას გახეთქავს: ის ხომ არ მოსულა შენთან, შენ მიხვედი მასთან, გინდა „დახმარება“. რადგან ასეა, ყველა პირობას უნდა დამორჩილდე – რა საჭიროა ხელშეკრულების პუნქტების დეტალური განხილვა, მაინც არაფერი შეიცვლება!

სამწუხაროდ, ბევრი მინახავს საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებისგან მოტყუებული და გაუბედურებული ოჯახები, ძალიან გვიან რომ ხვდებიან, რა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ უკვე არაფერი ეშველებათ – მათი თანხმობა დადასტურებულია.

მადლობა ღმერთს, მეყო გონიერება არ გავბმულიყავი საქართველოს სალიზინგო კომპანიისა და „კავკასიის ავტოიმპორტის“ მიერ „მოქსოვილ“ ბადეში. თუმცა, ეს ყველაფერი დროის და ნერვების ფასად კი დამიჯდა.

რატომ არ უნდა ვენდოთ „კავკასიის ავტოიმპორტს?!

 დაახლოებით თვენახევრის წინ გადავწყვიტე ე.წ. ჰიბრიდული ტიპის ავტო-მანქანა „ტოიოტა პრიუსი“ (საუბარია მეორად ავტომანქანაზე) განვადებით შემეძინა. ვარჩევდი ჩემთვის ხელსაყრელ კომპანიებს. ერთ-ერთი ვარიანტად „კავკასიის ავტოიმპორტი“ ვიგულე, რომელსაც ისეთი რეკლამა ჰქონდა სოციალურ ქსელში, რომ სხვაგან წასვლა არც მოგინდებოდა. საბოლოოდ არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერე. კომპანიაში მისვლისას წარმომიდგინეს ახალგაზრდა გაყიდვების მენეჯერი, რომელიც უნდა დამხმარებოდა სასურველი ავტომანქანის შერჩევაში.

პირველივე შეხვედრაზე ინტუიციამ მიკარნახა, რომ შეიძლებოდა ადვილად მოვეტყუებინეთ!

რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი გავწყვიტე კავშირი „კავკასიის ავტოიმპორტთან“ და სხვა ვარიანტების მოსიჯვა დავიწყე.

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მირეკავს ჩემი „მენეჯერი“ და მარწმუნებს, რომ ძალიან ხელსაყრელ პირობებს მთავაზობს. მთხოვს, მასთან გავაგრძელო თანამშრომლობა.

კომპანიაში ახლა უკვე ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად მივედი, რომელიც კარგად ერკვევა ამ ნიუანსებში და შეცდომის დაშვების უფლებას არ მომცემდა.

საბა (ასე ერქვა მენეჯერს), რომელსაც აშკარად უჭირდა ეპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ე.წ. “ჯვარედინ” კითხვებზე, თავის კოლეგებს უხმობდა ხოლმე (ხან მენეჯერად გვაცნობდა, ხან დეპარტამენტის უფროსად) და ამით ცდილობდა მეტი დამაჯერებლობა მიეცა კომპანიის იმიჯისთვის. იგი ყოველთვის მიმტკიცებდა, რომ მე ჩამბარდებოდა ქარხნული წესით აღდგენილი, უნაკლო ავტომანქანა და რაც მთავარია, კომპანია პასუხს აგებდა ავტომანქანის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის გამართულობაზე (ამასთან, ყოველთვის მიდასტურებდა, რომ მე გამართული ავტომანქანის მისაღებად ერთი თეთრის დამატებაც არ დამჭირდებოდა).

კომპანიის გაყიდვების მენეჯერი მარწმუნებდა, რომ შემოთავაზებული ავტომანქანები შერჩეული იყო მათი ექსპერტების მიერ, ანუ, ყველა მათგანზე არსებობდა ექსპერტების კვალიფიციური დასკვნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა ხარჯი წინასწარ იყო დათვლილი.

სამწუხაროდ, „ავტოიმპორტმა“ ვერ შეასრულა თავისი პირობა _ როგორც ღრმადპატივცემული მენეჯერი ამბობდა, მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩემს მიერ შერჩეული ავტომანქანები აუქციონზე დაფიქსირებულზე უფრო ძვირად იყიდებოდა და შეთანხმებულ თანხაში ვერ ეტეოდნენ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მე დამატებით გადახდაზე თანხმობა უნდა განმეცხადებინა, რაც არ გავაკეთე!

ბოლოს ისევ ჩემს მეგობართან ერთად მივედი „ავტოიმპორტში“ და მოვთხოვე: თუ ორ დღეში არ შეიძენდნენ ჩემთვის სასურველ ავტომანქანას, დაებრუნებინათ ჩემს მიერ ავანსად გადახდილი თანხა და შევწყვეტდი მათთან თანამშრომლობას. იმავე დღეს მაცნობეს, რომ ჩემთვის სასურველი ავტომანქანა უკვე შეძენილია და ხელშეკრულების გასაფორმებლად ახალი წლის შემდეგ შემეხმიანებოდნენ.

4 იანვარს მართლაც შემეხმიანა საქართველოს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენელი, დააზუსტა ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია და გამაფრთხილა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მომდევნო დღეს დამირეკავდა.

მეორე დღეს ჩემს მეგობართან ერთად (რომელიც კარგად ერკვევა სახელშეკრულებო ურთიერთობათა პრაქტიკაში) ვესტუმრე სალიზინგო კომპანიის წარმომადგენელს, მან თავაზიანად გამომიწოდა სალიზინგო და ნასყიდობის ხელშეკრულებების პროექტები და მანიშნა ხელი მომეწერა მათზე.

თვალის ერთი გადავლებითაც შევნიშნეთ, რომ ორივე ხელშეკრულებაში იყო ისეთი „ხვრელები“, რომელიც ჩემთვის მიუღებელი ჩანდა, ამიტომ ვითხოვე დაერთოთ ნება არადამთრგუნველ გარემოში გავცნობოდი დოკუმენტურად წარმოდგენილ პირობებს და მერე ხელმოწერით დამეფიქსირებინა საკუთარი გადაწყვეტილება. დიდი კამათისა და აყალმაყალის შემდეგ ინებეს გამოეტანებინათ ხელშეკრულებათა პროექტები, რათა დეტალურად გავცნობოდით იქ ჩამოყალიბებულ პირობებს.

პროექტების გაცნობამ დაგვარწმუნა, რომ არსებითად იყო დარღვეული ზეპირი შეთანხმება, რომელიც ჩამოყალიბდა ჩემსა და „კავკასიის ავტოიმპორტის“ წარმომადგენლებს შორის.

კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტს არ ახლდა 2.4.2. პუნქტში მითითებული „შესაბამისი სამუშაოების და საჭირო ავტონაწილების სრული ჩამონათვალი“, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი იყო ჩემთვის და რაც მაფიქრებინებდა, რომ სწორედ აქ იყო „ძაღლის თავი დამარხული“ – არ იყო დაკონკრეტებული, რაში უნდა დახარჯულიყო „სამუშაოებისთვის და ავტონაწილებისთვის“ გათვალისწინებული თანხა, რომელიც ავტომანქანის საერთო ღირებულებაში შედიოდა.

მეორეც, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩემი მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას ითვალისწინებდა (ამაზე ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა).

ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ლიზინგის გამცემის (საქართველოს სალიზინგო კომპანია) – ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებილი რამდენიმე პუნქტიც.

აქედან გამომდინარე, უარი განვაცხადე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რის გამოც „კავკასიის ავტოიმპორტის“ წარმომადგენლებმა დაგვაშანტაჟეს: თუ ხელს არ მოვაწერდი ხელშეკრულებას, საავანსო თანხას დავკარგავდი, რადგან იგი ჯარიმის გადახდას მოხმარდებოდა!

ცხადია, არც ამ შანტაჟს ავყევი, რადგან, მე ჯერჯერობით არანაირი ვალდებულება არ მქონდა აღებული და იურიდიულად ვერ მაიძულებდნენ იმის გაკეთებას, რაც არ უნდა გამეკეთებინა!

საქართველოს სალიზინგო კომპანია – ქართული „მახრჩობელა“!

 საქართველოში სალიზინგო კომპანიების არსებობის პრაქტიკას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ცალმხრივად დისკრიმინაციულია, კლიენტებს მაინც არ უჩივის – ბევრი „სახრჩობელაზე“ საკუთარი ნებით მიდის – ისე აწერს ხელს ხელშეკრულებას, არც უფიქრდება, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მას ასეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო.

გასაგებია, რომ სალიზინგო კომპანია ჩვეულებრივი საფინანსო სტრუქტურაა, რომლის მიზანი მოგების მიღებაა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს პარტნიორის უფლებების მაქსიმალურად დისკრიმნაციის ხარჯზე, რაც საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან მიმართებაში აშკარად გამოიკვეთა.

12 გვერდიანი ხელშეკრულების ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხავ პუნქტებს არ შევეხები, ხაზს გავუსვამ მხოლოდ იმას, რაც ყველაზე მეტად ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ხელშეკრულების პროექტის გაცნობამ დამარწმუნა, რომ საქართველოს სალიზინგო კომპანია და „კავკასიის ავტოიმპორტი“ ერთობლივად ქსოვენ „ბადეს“, სადაც გაუთვიცნობიერებელ, ან მაქსიმალურად გაჭირვებულ კლიენტს უკრავენ თავს… თუხელშეკრულებებზე ხელი ბრმად მოაწერეთ მერე მოგჭამათ ჭირი – აიღეთ ვალდებულება? კეთილი ინებეთ და შეასრულეთ, ან ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ, ანუ, როგორც უნდათ, ისე გატრიალებენ!

რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს მოვიყვან:

სალიზინგო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად: თუ „კავკასიის ავტოიმპორტს“ შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმება დაირღვა და დამატებით თანხების გადახდას შემოგთავაზებენ, უპირობოდ (უსიტყვოდ) უნდა დამორჩილდე. ხოლო, თუ მანქანის შეძენა და მისი ტრანსპორტირება შეთანხმებულზე გაცილებით იაფი დაჯდა, ეს უპირობოდ მისი (სალიზინგო კომპანიის) შემოსავალია – შენ კი მაინც ვალდებული ხარ გადაიხადო!

თუ სალიზინგო კომპანიამ ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული პირობები დაარღვია, ეს არაფერი შეღავათია შენთვის – ყველაფერი ისე უნდა შეასრულო, როგორც ამას ხელშეკრულება ითხოვს, ანუ, ცალმხრივად!

კომპანია შენს მიერ შეძენილ ნივთში (ავტომანქანაში) ისე დაგიმონტაჟებს CPS-ს, არც შეგეკითხება, გინდა თუ არა ახალი მოთვალთვალე გაიჩინო (თითქოს გვაკლდეს), ხოლო, სალიზინგო ვალის დასრულების შემდეგ გავალდებულებს მისი დემონტაჟი საკუთარი ხარჯებით გააკეთო.

ყველაზე თავზარდამცემი მაინც ისაა, რომ ლიზინგის გამცემი საკუთარ თავს აძლევს უფლებას „ნებისმიერ დროს ლიზინგის მიმღებისთვის საუარესოდ (მიაქციეთ ყურადღება!) ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება… საპროცენტო სარგებლის ოდენობის შეცვლის შესახებ“. წინასწარ არც გეუბნება, რამდენი შეიძლება იყოს სარგებლის შეცვლის მაქსიმალური ზღვარი.

თუ არ დაეთანხმე, ხელშეკრულება ჩაითვლება ცალმხრივად შეტყვეტილად, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დააბრუნო ლიზინგით სარგებლობაში მიღებული ნივთი (ანუ ავტომანქანა) და ამასთან, მთლიანად უნდა დაფარო ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული ყველა ფინანსური ვალდებულება.

კლიენტის (პარტნიორის) ამაზე მეტი დისკრიმინაცია ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება მოიძებნოს!!!

თუმცა, საქართველო მაინც საქართველოა!

ბოლოთქმა: არავინ იფიქროს, ეს სტატია „კავკასიის ავტოიმპორტზე“ და საქართველოს სალიზინგო კომპანიაზე შურისძიების მიზნით დაიწერა. უბრალოდ, არ გვინდა საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ამ ორი ანგაჟირებული კომპანიის ერთობლივი თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ!

 

წყარო: geomediatv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი