“ხალიფატი” კავკასიისკენ მოიწევს – “ეს საფრთხე გადაფარავს ყველა გამოწვევას”

0
334

“საშიშია ის განცხადებები, რაც ამ დღეებში კეთდება. კერძოდ, რუსეთის ლიდერმა ცალსახად განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ინტერესები კავკასიისა და აზიის მიმართულებით გადმოინაცვლებს”, – აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

მისი შეფასებით, ეს საფრთხე არსებობდა მანამ, სანამ რუსეთი სირიაში აქტიურად ჩაერთვებოდა.

“მათი მთავარი საბაბიც ეს იყო, რომ საფრთხე შორეულ ზღუდეებზე გაენადგურებინა და არ შემოეღწია რუსეთში. გამოდის, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია?

“თუმცა, პუტინს არ დაუზუსტებია, რომელი კავკასია იგულისხმა, ჩრდილოეთი თუ ამიერკავკასია. როგორც მინიმუმ, რუსეთი საინფორმაციო ველს ამზადებს. ძალიან საშიში პროცესები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში.

“საექსპერტო საზოგადოება დიდ ახლოაღმოსავლურ ომზე საუბრობენ. ამის ალბათობა ჯერ ძალიან დიდი არაა, თუმცა, თუ ვითარება ომისკენ წავიდა, რუსეთი იფიქრებს ბუფერული ზონების შექმნაზე”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ეს უმიზეზოდ ვერ მოხდება.

“არაა გამორიცხული ლოკალური ცხელი კერების წარმოშობა. ვცდილობ, ძალიან რბილი მინიშნება გავაკეთო. ჩვენ “რეზონანსის” ფურცლებზე შარშან ვწერდით, რომ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკური წელი იქნებოდა და ასეც ვითარდება”, – ამბობს ანალიტიკოსი და საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლებას რჩევას აძლევს.

“ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვურჩევ, მეტი ყურადღება დაუთმოს ჯარების მობილურობას, ავიაციის განვითარებას. ყველა საუბრობს ჰიბრიდული ომების მზარდ საფრთხეზე და არ ფიქრობენ, რა ფორმით შეიძლება ეს გამოვლინდეს საქართველოში. იმედია, გამგები გაიგებს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პუტინის ამ განცხადებას გარკვეული საფუძვლები გააჩნია, რადგან “ილამური სახელმწიფო” თავისი გავლენების გაფართოებას აგრძელებს.

“პუტინმა ეს განცხადება გააკეთა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე და მან ფაქტობრივად ისაუბრა დაიშზე, “ისლამურ სახალიფოზე”, როგორც მთავარ საფრთხეზე, რომელიც მოელის ცენტრალურ აზიასა და კავკასიას.

“პრინციპში, მის სიტყვებს თავისი საფუძველი გააჩნია. ბოლო ინფორმაციით, “ისლამურმა სახალიფომ” შეძლო თალიბების გაძვება და მათ იქ დაიკავეს სტრატეგიული საკმაოდ ძლიერი ბლოკპოსტი. რაც ნიშნავს, რომ “ისლამური სახლმწიფო” აგრძელებს თავისი გავლენის გაძლირებას ავღანეთში.

“ირანის დედაქალაქზე თავდასხმაც ამ მნიშვნელობის იყო. ამით ფაქტობრივად დაიშმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე არიან გამაგრებული. ფილიპინებში რაც ხდება, ესეც კარგად მოგეხსენებათ.

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დაიში ინდოეთშიც კი გააქტიურდა. ფაქტობრივად, აღმოსავლეთის შემდეგ, როგორც ჩანს, დაიში აქცენტს ცენტრალური აზიისა და შესაძლოა, კავკასიის მიმართულებით გადმოიტანს.

“თუ ადრე მათთვის დასაყრდენი იყო აღმოსავლეთი (მიუხედავად იმისა, რომ აქ ისევ მიდის მოქმედებები), ახლა ისინი აფართოებენ არეალს და გადმოინაცვლებენ ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით.

“შესაძლოა, მათ შეტევა ირანზეც გადმოიტანონ, რადგან თეირანის მიმართულებით დარტყმა განახორიელეს მუსულმანმა ქურთებმა, რომლებიც მოქმედებენ სწორედ დაიშის ფრთის ქვეშ. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორედ ცენტრალური აზია იქნება საკმაოდ ცხელი კერა და აქ უნდა ველოდოთ მათ გააქტიურებას”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

რაც შეეხება ახლოაღმოსავლური ომის განვითარებას, მაისაიას შეფასებით, როგორც ჩანს, არაბული კოალიცია შუაზე გაიხლიჩა და ამ მიმართულებით საკმაოდ საშიში ტენდენციები იკვეთება.

“ამ მხრივ, პირველი ფრონტი არის ერაყის მიმართულება და იქ არსებული რეგიონალური ომი, მეორე რეგიონალური ომი მიმდინარეობს იემენში და უკვე მესამე ფრონტია ყატარის მიმართულება, სადაც საუდის არაბეთთან დიპლომატიური ომი შესაძლოა, ცხელ ფაზაში გადავიდეს.

“როგორც ჩანს, არაბული კოალიცია გაიხლიჩა და იკვეთება საკმაოდ საინტერესო პროცესები. ერთი მხრივ არის: ყატარი, პაკისტანი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რუსეთი და ირანი, ხოლო მეორე მხრივ: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთაინება საამიროები და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, გარკვეულწილად აშშ და საქმე იქით მიდის, რომ საკმაოდ საშიში ტენდენციები იკვეთება, რაც სიტუაციას ამძაფრებს.

“იმიტომ, რომ ბოლო მოლაპარაკებები რუსეთის, აშშ-ისა და ქუვეითის მხარეებს შორის ფაქტობრივად ჩაიშალა. მხარეები უკვე გადადიან მძიმე რიტორიკაზე. საუბარია ეკონომიკურ ბლოკადასა და სანქციებზე, რაც ნიშნავს, რომ ამ მხარეში ფაქტობრივად ცივი ომის კონტურები იკვეთება”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისი შეფასებით, ამ მხრივ საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა, რადგან შესაძლოა, ტერორიზმის გააქტიურებამ ჩვენთანაც ჰპოვოს ასახვა.

“იმის გათვალისწინებით, რომ დაიშის საფრთხე სულ უფრო უახლოვდება ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიას, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება ჩვენთან პირდაპირი ასახვა ჰპოვოს, თუნდაც იმავე დაიშის გააქტიურების მიმართულებით.

“ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ხელი პულსზე გვედოს. რა თქმა უნდა, ეს თემა ფართო მასებისთვის გასამზეურებელი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ კვირკაშვილის მეთაურობით უნდა შექმნას სპეციალური ოპერატიული საკოორდინაციო ეტაპი, სადაც სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შექმნიან, შესაბამისად, ამ საკითხებს დახურულ ფორმატში მოაგვარებენ.

“მე ვიცი, რომ ჩვენი მთავრობა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ დრო მომედებს ჩვენ საწინააღმდეგოდ და ეს საფრთხე გადაფარავს ყველა შიდა თუ საგარეო გამოწვევას. ამიტომ, ამ საკითხს მთავრობამ დროულად უნდა მიხედოს”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

წყარო: resonancedaily.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი