ჯუმბერ პატიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ჩაკეტილი იყოო… დადიოდა, მაგრამ შეუმჩნევლად

1
773

მე საბედნიეროდ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ უკვე 17 წელიწადია. ეს ნაცნობობა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ბიძინა არის თავისებური მოვლენა. მე თავიდანვე ვუსვამდი საკუთარ თავს შეკითხვას: როგორ მიაღწია ამ პატარა ბიჭმა… ახლა, სიტყვა “ბიჭი” არ მინდა ვთქვა, მაგრამ მაშინ მართლაც ძალიან ახალგაზრდა იყო. არ ვიცი, როგორ მიაღწია 1990-იან წლებში ასეთ დიდ წარმატებას?

1994 წელს მან საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 500 ტრაქტორი. მე მთხოვეს, ამ საქმეში მიმეღო მონაწილეობა. მაშინ დეპუტატიც ვიყავი და მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორიც. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოდან გააქვთ ყველაფერი, ჯართში აბარებენ და ამ დროს სართიჭალაში ჩამოდგა 500 ტრაქტორი. ჩვენმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოში მუშაობდა 35 ათასი ტრაქტორი და ეს ყველაფერი მიჰქონდათ ჯართში. თუ ჩვენ ვნახავთ იმ პერიოდის ბიუჯეტს, კარგად დავინახავთ, რა შედიოდა ამ ჯართიდან – კაპიკები. ეგ ცალკე გამოსაძიებელი თემაა… გასარკვევია, რის გამო მოხდა, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა, რა ხალხი გამდიდრდა? ადამიანს უნდა ჰქონდეს სინდისი, ნამუსი, მარტო საკუთარი ჯიბე ხომ არ არის მთავარი? როცა გაგაქვს რაღაცა შენი ქვეყნიდან, სამაგიეროდ რამე ხომ უნდა შემოიტანო? ამ კაცმა კი, რომლის სახელი და გვარიც არ იცოდა არავინ, უცებ გააკეთა ასეთი რაღაცა. ჩემს ახლობლებსაც ვეკითხებოდი: ვინ არი, კაცო, საიდან ამდენი-მეთქი? გვარი მითხრეს და ესეც არაფერს მეუბნებოდა.

შემდეგ რაღაც ფირმასავით შეიქმნა, ეს ტრაქტორები უნდა განაწილებულიყო უფასოდ რაიონებზე და 5 წლის შემდეგ ტრაქტორისტებს რჩებოდათ კერძო საკუთრებაში, ესეც უფასოდ. ფირმას დაერქვა “იმედი”. ტრაქტორები განაწილდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, წავიდა პრობლემები, მითვისებები და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ივანიშვილს აქვს ერთი კარგი თვისება, თუ ახლობელი და ნათესავი ღალატობს, ეგრევე იშორებს. ამ პერიოდში მისი ძმაც გავიცანი, თბილისში მუშაობდა. მერე ოჯახში ვიყავი მათთან, ჭორვილაში, შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს. მამა ცოცხალი ჰყავდა ბიძინას.

მე ვარ ნამყოფი ძველ სახლში, სადაც ბიძინა გაიზარდა, მაშინ არ ჰქონდა ამხელა სასახლეები. დედამისი შესანიშნავი დიასახლისია, ხომ იცით, იმერული სტუმართმოყვარეობა როგორია? ეს არის ქართულ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი კაცი, რომელსაც არავინ ჰყავდა, თავისით გაიკვალა გზა. როცა პირადად შევხვდით, ბიძინა დაინტერესდა ახალი ტექნოლოგიებით. ჩვენთან მუშაობდა ლია ბოკუჩავა, ის გავაცანით და გაუშვა საფრანგეთში. როცა ქალბატონი ლია დაბრუნდა საფრანგეთიდან, მეუბნება: კაცო, ეს ახალგაზრდა გავიცანი, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობს, ანგარიში რომ ჩავაბარე, მითხრა, ეს საკმარისი არ არის, ახლა ესპანეთში უნდა წახვიდეო.

ამის შემდეგ გავიდა პერიოდი და მას გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა ხელისუფლებასთან, მანამდე შევარდნაძის მთავრობასთან. კონკრეტული ურთიერთობების შესახებ მან უკეთესად იცის, მაგრამ რაც ქველმოქმედებით დაგვანახა, ეს ნამდვილად არ არის ცოტა, ხანდახან აუხსნელ რაღაცებს აკეთებს. სამწუხარო რა არის, იცით? ჩვენ მაინც არ ვანებებთ თავს ერთმანეთის ლანძღვას, კაცმა ამდენი რამე გაგიკეთა და ისევ აგინებ? მე სააკაშვილს უკეთესად ვიცნობ, ვიდრე ივანიშვილს, მაგრამ რა უბედურებაა, რა დაპირისპირებაა? როდემდე შეიძლება, საზოგადოება ასე ვაბოლოთ? ჩვენ თუ აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობას ვერ აღვადგენთ, არც ნატო მინდა და არც არაფერი. ბრალდებას უყენებენ ახლა ივანიშვილს, რუსეთში ნაშოვნ ფულს ხარჯავსო. მაინტერესებს, საქართველოში ვინც იშოვა, ის პატიოსანია? საქართველოში ნაშოვნი ფულით ვინ რა გააკეთა?!

ამბობენ, ბიძინა არსად არ დადიოდა, ჩაკეტილი იყოო. დადიოდა, მაგრამ შეუმჩნევლად, არ იქცევდა ყურადღებას. მე მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს: ივანიშვილი დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით, სულ ძიებაშია, ჰქონდა საკუთარი სანერგე მეურნეობაც. ისეთ სასაცილო რამე არასოდეს გააკეთებს, რაც სააკაშვილმა და მისმა ხელქვეითებმა გააკეთეს. მე მთელი სტრატეგიული გეგმა მქონდა შემუშავებული და თავის დროზე გადავეცი სააკაშვილს. ეს იყო მაშინ, როცა იმედი ჯერ კიდევ მქონდა. ამათ მერე დაიწყეს ევროპაში და სხვა ქვეყნებში ბაზრების ძიება ტყუილად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსეთში თავს იკლავენ, რატომ არ არის ჩვენთან ქართული ღვინო, ქართული ხილიო, ძალიან ცდება. იქ ჩვენი ადგილი დაიკავეს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ ოდესმე რუსულ ბაზარზე შეაღწევდნენ.

ჩემთვის პირველ ადგილზე იქნება ის ხელისუფალი, ის პოლიტიკოსი, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს არა ნატოში შესვლას, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. მე ასეთ ადამიანებთან ვიქნები როგორც რიგითი მოქალაქე. გამოდიოდნენ  “ნაციონალების” და იძახდნენ: 250 ათასი ტონა სიმინდი უკვე ექსპორტზე წავიდაო. არც კი იცოდნენ, სულ ამდენი ტონა სიმინდი მოდიოდა საქართველოში. თან ამას აცხადებდნენ მაშინ, როცა ჯერ მოსავალიც არ იყო აღებული. ექსპორტზე წავიდა, ასე კი არ არის? იმას უნდა აღება, დახარისხება, გაშრობა და ბაზრის მოძებნა.

ბიძინამ გააკეთა სანერგე მეურნეობა საგურამოში, ჯავახეთშიც აქვს მიწები, სადაც სათესლე კარტოფილი მოჰყავთ. “ნაციონალები” ამტკიცებდნენ,  სოფლის მეურნეობა ჩვენთვის პრიორიტეტი არ არისო. ამერიკაში ხშირად დადიოდნენ, მაგრამ არ დაინტერსებულან ამ ქვეყნის ისტორიით. ბევრმა არ იცის, როგორ მოხდა ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება, რამდენი მილიარდი დოლარი გამოიყოფოდა ყოველწლიურად ბიუჯეტიდან და ასე შემდეგ. 1994 წელს დაიწერა საქართველოს აგრარული განვითარების კონცეფცია, 600-გვერდიანი ნაშრომია, დაგვირიგეს გასაცნობად. დასკვნაში რა ეწერა, იცით? საქართველოში სელექციური მუშაობა არ უნდა მიმდინარეობდესო, ასევე უნდა შემცირდეს ვენეხების რაოდენობა, არც ხილის ბაღებია ამდენი საჭიროო. ამ ნაშრომის ავტორთაგან ერთი ფრანგია, მეორე – იტალიელი. მათი რეკომენდაციით, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება მარცვლეული კულტურები – სიმინდი და ხორბალი, დანარჩენი უნდა ვიყიდოთ.

საქართველო არ უნდა იყოს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონი, თუ ამას ვინმე ვერ ხედავს, ეს ძალიან ცუდია. მე ვლაპარაკობ ორიენტაციაზე და დაბოლებაზე… ჩვენთან უცებ ისე მოგაყრიან ნაცარს და ისე მოგაყენებენ შეურაცხყოფას, თავიანთ წარსულს არც კი გადახედავენ. ჩემზე იძახიან, ეგ კომუნისტი იყო, რა უფლება აქვს, რომ ლაპარაკობსო? ბევრს მართლა არ აქვს უფლება, სხვაზე ილაპარაკოს, როცა ლუსტრაციაზეა საუბარი, ჯერ თავიანთ ბიოგრაფიას გადახედონ. ჯერ ერთი, ვინ არ იყო კომუნისტი, დღეს რომ ბრტყელ-ბრტყელებს ლაპარაკობენ და მეორეც – დღეს ხომ მრავალნი პირწავარდნილი ბოლშევიკები არიან?!

ივანიშვილსაც და საქართველოსაც სჭირდება თანადგომა, და არა თანაჯდომა. როდესაც მხოლოდ თანაჯდომაა, ეს არის სწორედ დიდი უბედურება.

წყარო: “ალია”.     ავტორი გელა ზედელაშვილი

1 კომენტარი

  1. ბატონო ჯუმბერ თქვენს კომენტარებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ….დიდ პატივს გცემთ და გაფასებთ როგორც სუფთა წარსულის მქონე კეთილი გულისხმიერი და პატიოსანი ადამიანი ….გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს….

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი