10 000 ლარი 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისთვის

0
344

მეოთხე კლასში ვიყავით, როდესაც ჩვენზე სამი-ოთხი წლით უფროსი, თანასკოლელი გოგო ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლაში არ დაბრუნდა. ერთი თვის მერე გავიგეთ, გათხოვდაო. უფროს კაცს გაჰყვაო.

2000-იანი წლების დასაწყისში გათხოვილ გოგოებს ორი ბედი ჰქონდათ: ან ღამის სკოლას ამთავრებდნენ, ან – ქმრები და დედამთილები მხოლოდ ოჯახში ტრიალის ნებას რთავდნენ. ეს კი ღამის სკოლისთვისაც ზედმეტად პატარა, 13 წლის იყო. ამ ამბის შემდეგ სკოლაში მასწავლებლებისა თუ სკოლის მომსახურე სხვა პერსონალისაგან მისი აგდებულად მოხსენიება ხშირი ამბავი გახდა. იმდენად, რომ  ჩვენც ნეგატიურად განგვაწყვეს. ჩვენც ქუჩაში შეხვედრისას არ ვესალმებოდით და გვერდს ისე ვუვლიდით, თითქოს, მისი შეხედვაც კი რაიმე საშინელებას დაგვმართებდა. ის კი ნაღვლიანი თვალებით მოგვიკითხავდა და ჩვენგან პასუხს ელოდა.

წლების შემდეგ მივხვდი, როგორ გავრიყეთ 13 წლის გოგო, რომელსაც, იქნებ, სულაც არ სურდა გათხოვება. გოგო, რომელსაც გვერდში არც ოჯახი დაუდგა, არც მეზობელი და არც ხალხი, რომლის ყბაში ჩავარდნის შიშსაც, თითოეული ჩვენგანის თავისუფლება, ზრდასრულ ასაკშიც კი, სხვადასხვა სახით ეწირება.

ალბათ, არც იმ 15 წლის გოგოს ჰკითხა რამე დედამ, როდესაც 40 წლის კაცს შვილივით ატანდა სკოლაში. არ დაინტერესებულა, რა ხდებოდა შვილის  თავს. ალბათ, არც მისი ორსულობის გაგების მერე გამოიდებდა თავს ამბის გამორკვევით, არ იკითხავდა, რა ფორმით ჰქონდა ძალადობას ადგილი, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან დარწმუნებული იქნებოდა, რომ მომხდარში დამნაშავე მისი შვილი იქნებოდა და ბედსაც უკითხავად გადაუწყვეტდა.

არც მისი მეზობლები იქნებოდნენ ტრადიციული მეზობლებისაგან განსხვავებულები. აი, ისეთებისაგან, ამბის გარკვევის ნაცვლად, სეირი რომ უფრო აინტერესებთ. მხოლოდ დააკვირდებოდნენ მეზობელ ოჯახში მიმდინარე ამბებს და რომ გაიგებდნენ, 40 წლის კაცს 15 წლის გოგო ცოლად მოჰყავსო, საქციელსაც მოუწონებდნენ, პასუხისმგებლიანი ყოფილაო.

არც სკოლა და მასწავლებლები გამოექომაგებოდნენ მოსწავლეს – მათაც ზიზღით სავსე თვალები ექნებოდათ მისი სახელის ხსენებაზე, გაიხსენებდნენ მის თითოეულ ჩვევას, იტყოდნენ, გამომწვევად იქცეოდაო, ეს კიდევ, კაცია და რას იზამდაო.

სანაცნობო წრის მსგავსად, არც სახელმწიფო დაუდგა 15 წლის გოგოს გვერდით. არც იმ ცვლილებებმა უშველა, ერთი წლის წინ რომ მიიღეს კანონში. ალბათ, არც საქმის განმხილველი მოსამართლე დაინტერესდებოდა დეტალების გარკვევით მსხვერპლთან. ყურადღებით მხოლოდ მის მშობლებსა და ბრალდებულს მოუსმენდა, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, რომელიც არც სამართალში ჩაჭრიდა და არც ქართველობაში.  (დღეს, საღამოს, თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არასრულწლოვან მოსწავლესთან სქესობრივი კავშირში ბრალდებულ მანდატურს 10 000 ლარის გირაო შეუფარდა)

15 წლის ორსულს არც ის საზოგადოება დავუდექით გვერდით, ფეისბუქზე რომ გამუდმებით გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებების გულმხურვალე დაცვით გამოვირჩევით, არც იმ არასამთავრობო ორგანიზციათა შესახებ გაგვიგია რამე, რომლებიც გენდერული ცნობიერების ამაღლებაზე, ქალთა უფლებებსა და თუნდაც, არასრულწლოვან გოგონათა დაცვაზე მუშაობენ. ალბათ, არ გვეცალა. ჩვენ ყველა ჩვენი გადაუდებელი საქმეებით ვიყავით დაკავებულები.

ბედნიერი მხოლოდ 40 წლის კაცის ოჯახი იქნება – მათ ხომ ახალგაზრდა რძალი შეუვათ ოჯახში, რომელსაც შვილივით, თავის ჭკუაზე გაზრდიან და, ასაკიდან გამომდინარე, ბევრ შვილსაც გააჩენინებენ. მერე კი ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველას დაავიწყდება 15 წლის გოგო, რომელსაც არც ხმის ამოღების უფლება მისცეს, არც მოუსმინეს და მის მხარესაც არავინ დამდგარა. ჩვენთან ხომ ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად – პედოფილია.

სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გამოიყენა საპატიმრო გირაო, ანუ მანდატური საპატიმროში გირაოს გადახდამდე დარჩება.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან – ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

წყარო: liberali.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი