20 000 ლარით დაჯარიმდებით, თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს?

0
483

,,20 000 ლარით დაჯარიმდებით, თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ), ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, კომპანია ,,სილქნეტს” შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ და ამას მარეგულირებელიც დაეთანხმება და იტყვის ხელშეკრულება დაარღვიეთო.

სილქნეტი” 20 000–ლარიან ჯარიმაზე განმარტებას „კომერსანტთან” აკეთებს. როგორც ცნობილია, “ბანკები და ფინანსებმა”  ვებ–გვერდ ,,შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე”– ზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემაზე „სილქნეტმა” აბონენტი შესაძლოა  20 000 ლარით დააჯარიმოს.

ასევე, თუკი კაფეში ან რესტორანში უფასო ინტერნეტი აქვთ, ხელშეკრულებით შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება. ისე, ცნობისთვის, ევროპაში შემხვედრია კაფეები / სხვადასხვა დაწესებულებები რომლებსაც აქვთ უფასო Wi-FI და ასევე ფასიანი Premium პაკეტები ( მაგ:რეკლამების გარეშე, ულიმიტო დრო / სიჩქარე და ა.შ ) და საქართველოში იგივე პროვაიდერების ხელშეკრულების მიხედვით 20 000 ლარით დააჯარიმებენ ( მესამე პირისთვის მიწოდება/გაყიდვა ) მარეგულირებელმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ არ რეაგირებს”-ნათქვამია  გვერდის ,,შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კომერსანტი” დაინტერესდა, რატომ დადგა „სილქნეტთან” დადებული ხელშეკრულებაში 20 000–ლარიანი ჯარიმის ჩადების აუცილებლობა, როდიდან ამოქმედდა აღნიშნული ნორმა და კონკრეტულად ვისზე გავრცელდება?

„სილქნეტში” აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გათვალისწინებულია სილქნეტის სააბონენტო ხელშეკრულებებში და ეს არ არის ახალი ნორმა. მათი განმარტებით, ის სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მათი ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) ეს არის პირი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე. შესაბამისად, როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის ფორმდება სააბონენტო ხელშეკრულება, ეს რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ აქვს უფლება აღნიშნული მომსახურება გადასცეს სხვა პირებს და მომსახურების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აბონენტის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის.

„ხელშეკრულებაში აღნიშნული ნორმის გათვალისწინების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ როგორც პრაქტიკა აჩვენებს ხშირია ფაქტები, როდესაც სილქნეტის საცალო აბონენტები (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები) სილქნეტის მიერ მათთვის მიწოდებულ საცალო მომსახურებას გადასცემენ მესამე პირებს კომერციული მიზნებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არაერთხელ იქნა დადასტურებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებებით, როდესაც სილქნეტის ფიზიკური პირი აბონენტები ახორციელდებდნენ მომსახურების შემდგომ გადაყიდვას (მაგ. ინტერნეტ კაფეებისთვის, ან მცირე ზომის სასტუმროებისთვის და ეს იმ პირობებში, როდესაც მსგავსი სახის საქმიანობა მოითხოვს ავტორიზაციას კომისიაში) და იღებდნენ შემოსავალს უკანონო საქმიანობისგან (იხ. კომისიის 2016 წლის 01 მარტის N124/18 გადაწყვეტილება) ან გადაცემას მესამე პირებზე და ეს იმ პირობებში, როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინეს სილქნეტის მიერ მომსახურების მიწოდებას კონკრეტული აბონენტისთვის ამ უკანასკნელთან შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, ამ მომსახურების შემდგომი გადაყიდვის უფლების გარეშე”-აცხადებენ სილქნეტში.

მათი განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ის შემთხვევები, როდესაც ხდება მომსახურების შემდგომი გადაყიდვა, მაგალითად, ინტერნეტ კაფესთვის გადაცემა, ან თუდაც მცირე ზომის სასტუმროსთვის ინტერნეტ მომსახურების შემდგომი გადაცემა, ერთის მხრივ იწვევს ამ პირების მიერ კომპანიის ხარჯზე უკანონო შემოსავლების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ ეს იწვევს აბონენტისთვის მისაწოდებელი ინტერნეტ მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას/ ვარდნას/ წყვეტას, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის ის სიჩქარე რაც განსაზღვრულია კონკრეტული აბონენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მიზნით, ბუნებრივია, არ და ვერ იქნება საკმარისი იმ შემთხვევაში თუ აბონენტების მიერ მოხდება მომსახურების შემდგომი გადაყიდვა/გადაცემა სხვა პირებისთვის.

„ეს ბუნებრივია იწვევს მომსახურების ხარისხის გაუარესებას, რის თაობაზეც შემდეგ ეს აბონენტები თავადვე მიმართავენ კომპანიას ან მარეგულირებელ კომისიას საპრეტენზიო წერილებით. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია ემსახურება არამხოლოდ კომპანიის კომერციული ინტერესების, არამედ მომხმარებელთა უფლებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას”-აცხადებენ სილქნეტში.

მათი განმარტებით, 20 000 ლარის ჯარიმა გათვალისწინებულია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში.

„კომერსანტის” კითხვაზე, როგორ მოხდება კომპანიის მხრიდან ამის ადმინისტრირება? ანუ, როგორ დაადგენს კომპანია კონკრეტული პირს გადაცემული აქვს თუ არა პაროლი მესამე პირზე, სილქნეტში აცხადებენ, რომ კომპანიაში დანერგილია შესაბამისი მენქანიზმები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების გამოვლენას. ამავე დროს, მარეგულირებელ კომისიაში დავის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული სახის დარღვევის გამოვლენის შესაძლებლობა აქვს თავად მარეგულირებელ კომისიას, რომელიც შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შედეგად უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების გამოვლენას.

წყარო: bfm.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი