“NATO რუსეთთან ომისთვის ემზადება”- რუსი პოლიტიკოსების შეშფოთება და ალიანსის პასუხი

0
333

ერთობლივი მრავალეროვანი საწვრთნელი ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აშშ-ის სახმელეთო ძალების კაპიტანმა კრის ბრედლიმ განცხადებით უპასუხა რუსეთის პოზიციას. მისი თქმით სწავლებაში სხვადასხვაენოვანი ადამიანების მონაწილეობა სწავლების სცენარის კომპლექსურობას უზრუნველყოფს.

ნატოს წვრთნები, რომელიც გერმანიაში უნდა ჩატარდეს რუსეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. რუსეთის მძაფრი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამხედრო სწავლებებისთვის ალიანსი რუსულენოვან სტატისტებს ეძებს, რომლებიც მათი მტკიცებით აშშ-ის სამხედროების საწვრთნელ სწავლებებში როლური თამაშებისთვის სჭირდებოდათ.

რუსეთის სათათბიროს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის ალეკსეი პუშკოვის თქმით ნატოს, კონკრეტულად კი აშშ-ის არმიის ეს განზრახვა ალიანსის მტრულ გეგმებზე, კერძოდ კი რუსეთთან საომარი ქმედებებისთვის მზადებაზე მიუთითებს. „რუსეთმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია ამ სწავლებებთან დაკავშირებით საგარეო უწყების, თავდაცვის სამინისტროს და რუსეთი-ნატოს საბჭოს მეშვეობით, რადგან ასეთი სახის ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს რუსეთის წინააღმდეგ საომარი ქმედების განხორციელების მტრულ განზრახვაზე, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ისინი სხვა რამეს ამბობენ.“- განაცხადა პუშკოვმა.

დეპუტატის თქმით, საქმე ეხება არა მარტო აშშ-ის, არამედ მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განზრახვას, რადგან ევროპაში არსებული აშშ-ის ბაზები ნატოს სტრუქტურის ნაწილია.

„საწვრთნელი სწავლებებისთვის რუსულენოვანი სტატისტების ძიება მიუთითებს იმაზე, რომ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ამზადებენ ისეთ ტერიტორიაზე ქმედებებისთვის, სადაც რუსული ენა მთავარ ენად ითვლება, ასეთი ადგილები კი არც ისე ბევრია, ეს არის აღმოსავლეთ უკრაინა და თავად რუსეთი“- განაცხადა პუშკოვმა.

პუშკოვის განცხადებით, ნატო აძლიერებს მითს რუსულ საფრთხეზე და ამ მითის ხარჯზე თავად აგრძლებს გაფართოებას.

„ამ სწავლებებით ნატო და აშშ ამტკიცებენ იმ შეშფოთების საფუძველს, რომელიც ჩვენ გვქონდა პოლონეთში რეაგირების ბაზის განთავსებასა და ბალტიის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის შეყვანასთან დაკავშირებით“- განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი დარწმუნებულია რომ რუსეთის შესაბამის სამსახურებს ყველა საჭირო ინფორმაცია გააჩნიათ ამის შესახებ:

„კრემლი თვალყურს არ ადევნებს, ჩვენ ამისთვის სპეციალური სამსახურები გვყავს, არსებობს დაზვერვა, სამხედრო დაზვერვა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობენ“- განაცხადა პესკოვმა.

ამ განცხადებებამდე გერმანიაში დაგეგმილ წვრთნებზე კომენტარი გააკეთა ერთობლივი მრავალეროვანი საწვრთნელი ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აშშ-ის სახმელეთო ძალების კაპიტანმა კრის ბრედლიმ. მისი თქმით აშშ-ის სამხედრო ძალების დაგეგმილი სწავლება, რუსულენოვანი სტატისტების მონაწილეობით, არ წარმოადგენს რაიმე ქმედებებისთვის მზადებას, არამედ მისი მიზანია, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და მოკავშირეები მზად იყვნენ პრობლემების მთელი იმ სპექტრის გადასაწყვეტად , რომელიც მათ შეიძლება შეექმნეთ მთელ მსოფლიოში. მისი თქმით სწავლებაში სხვადასხვაენოვანი ადამიანების მონაწილეობა სწავლების სცენარის კომპლექსურობას უზრუნველყოფს.

წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი