WikiLeaks-ი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივიდან სკანდალურ მასალებს აქვეყნებს

0
255

2017 წლის 7 მარტს, სკანდალურმა ორგანიზაცია WikiLeaks-მა მორიგი საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა. ამჯერად, საუბარია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივზე, რომელიც მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების ფარულ მოსმენებსა და მათ ოპერაციულ სისტემებში შეღწევის თაობაზე ათასობით დოკუმენტს შეიცავს.

WikiLeaks-ის მონაცემებით, Vault 7-ის (“თავშესაფარი-7”) სახელით გასაჯაროებული დოკუმენტები, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ისტორიაში ინფორმაციის გაჟონვის უმსხვილესი შემთხვევაა. თავისუფალ წვდომაში 8 761 დოკუმენტი აღმოჩნდა.

WikiLeaks-ი – ეს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დროდადრო ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ საიდუმლო მასალებს ასაჯაროებს. 2006 წელს ამოქმედებული ვებ-გვერდის მფლობელების მტკიცებით, მათ განკარგულებაში 1,2 მილიონზე მეტი საიდუმლო დოკუმენტია. WikiLeaks-ის დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი და დირექტორი ავსტრალიელი ინტერნეტ-ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიან ასანჟია.

ასანჟის თქმით, საიდუმლო მასალები ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს კიბერდაზვერვის განყოფილებას ეკუთვნის. დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ამერიკულ სპეც-სამსახურებს Apple-ის, Google-ის და Microsoft-ის ოპერაციული სისტემების დამცავი ზღუდეების გვერდის ავლა თავისუფლად შეუძლიათ. მათთვის ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ელექტრონული შიფრით დაცული მესენჯერები WhatsApp და Telegram-ი.

თანამედროვე მობილური ტელეფონების – სმარტფონების ლომის წილი ოპერაციულ სისტემა Android-ს მოიხმარს. მასში სპეციალური ვირუსის “შეგზავნით” დაზვერვას ტელეფონის დახურულ კომუნიკაციებზე თავისუფალი წვდომა ეძლევა. მათ შორის განხორციელებულ ზარებზე, მესიჯებზე, ტელეფონით მართვად ელექტრონულ ფოსტაზე. დოკუმენტების თანახმად, სპეც-სამსახურებს საჭიროებისამებრ ტელეფონის ფოტოაპარატის ამოქმედებაც შეეძლოთ.

დოკუმენტების გასაჯაროებისთანავე Apple-მა საგანგებო განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტებში ნახსენები სუსტი წერტილები iOS-ის (ოპერაციული სისტემა) ბოლო მოდელში უკვე აღმოფხვრილია.

განსაკუთრებული ყურადღებას კიდევ ერთი გარემოება იმსახურებს – ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს კიბერგანყოფილების სპეციალისტებმა Samsung-ის “ჭკვიანი” ტელევიზორების – Smart TV-ის “გატეხვა” შეძლეს. სპეციალური ვირუსის მეშვეობით ტელევიზორის მიკროფონების ამოქმედება და, შესაბამისად, ოთახში მყოფი პირების საუბრის მოსმენა შეიძლებოდა.

მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლები ჰაკერებს, რომლებიც მათ პროდუქციაში “სუსტ წერტილებს” აღმოაჩენენ, დიდ თანხებს უხდიან. ასეთი ინფორმაცია შავ ბაზარზე დიდად

ფასობს. ძალიან ხშირად ასეთი ინფორმაციის შეძენის მსურველები სწორედ სპეც-სამსახურები არიან.

Vault 7-ის გასაჯაროებისთანავე გაჩნდა კითხვა ინფორმაციის ავთენტურობის შესახებ. ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტებში მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. ანონიმური ექსპერტები საწინააღმდეგო პოზიციას იკავებენ და ამტკიცებენ, რომ WikiLeaks-ი უტყუარ ინფორმაციას ფლობს. ამავე პოზიციას იზიარებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი.

წყარო: ambebi.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი